Andy Warhol Stile Pop Art Tbilisi

Posted in ფოტოები on დეკემბერი 21, 2009 by kesha

ექსპერიმენტული საქართველო

1. სულ წითელი ფოტო ჩემში იწვევს საბჭოტა საქართველოს ასოციაციას..
ბევრი სისხლით, ბევრი წითელი დროშებით, 37 წლით, ტიციან ტაბიძის გაქრობით, ბევრი გადასახლებებით და მანც საამაყო საბჭოელობით…

2. ცისფერი წითლით – 1918-1921 წლების საქართველო.. ახალ გამოღვიძებული, თავისუფლებით აღფრთოვანებული, შეპარებული საბჭოეთით.. ცისფერი თავისუფლების და ოცნებების ფერია.. აი ის, 15–მა სახელმწიფომ რომ აღიარა მსოფლიოში.. ეგეც დიდი ოცნების ნაწილი იყო.. მაგრამ მაგრამ იმს ძირშივე ეტყობოდა, რომ საბჭოთა სიწითლე ცისფერს წაშლიდა… და აკი წაშალა კიდეც..

3. ვარდისფერი ზვიადის საქართველოა, ყველაფერს რომ ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა.. ბევრს რომ ყვიროდა და ზალიან ბევრს რომ ოცნებობდა…. უსაფუძვლოდ..

4. ჩემთვის დღევანდელი საქართველოა, ქარიზმატული სიყვთლით, ცოტა ვარდისფერი სათველეებით და ცოტა მომავლის ლურჯი იმედით.. თანაც ამ ფრების კომბინაცია ყველაზე მეტად დადებით სურათს ქმნის.. ღმერთმა ქნას..

დედა, იცი, აქ ისვრიან..

Posted in პროზა და პოეზია on სექტემბერი 21, 2009 by kesha

დედა, იცი, აქ ისვრიან..

დედა, იცი, აქ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს.. ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა…

დედა, იცი, ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი… მეც ვისვრი, დედა.. დედა ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე.. სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა..

დედა ჩამქვრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჭების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი.. დედა ვხედავ და აღარ მტკივა.. სისხლი მდის და ვხელდები..

იცი ხუთი დღის წინ ირაკლი მოკლეს.. ხომ გახსოვს იკა, ერთად ვსწავლობდით.. მხიარული ბიჭი.. შენ ხომ გახსოვს დედა, როგორ ვმეგობრობდით.. უნდა გახსოვდეს, თორემ მე თუ გადავრჩი, ვიცი ბევრი აღარაფერი მემახსოვრება, თავიდან უნდა მომიყვე ჩემი ცხოვრება..

მე მხოლოდ გასროლიდან გასროლამდე ვცხოვრობ..

ხუთი დღის წინ ირაკლისაც დაასწრეს.. დედა ვერ მოასწრო სროლა.. გახედა და არ ესროლა.. იარაღი დაუშვა.. დედა ვაჟკაცი ბიჭი იყო, მისი მოკვლა საცოდაობას დაატრიალებდა და არ მოკლა.. მანაც დაუშვა იარაღი, დაინდეს ერთმანეთი.. იკამ გამომხედა და აცრემლებულმა მითხრა: ამის მოკვლა საცოდაობაა, შეხე რა ბიჭია.. ეს რომ მოვკლა, რა ნამუსით ვიცხოვროო.. და გაიღიმა.. ხომ გახოსვ დე, როგორი ღიმილი ჰქონდა… მაგრამ სხვებმა არ დაინდეს.. სხვამ ესროლა იკას.. და ღიმილიანი დავარდა.. აღარაფერი აღარ უთქვამს.. ირაკლის სისხლის სუნი დადგა ჰაერში.. იქ ცოდვის დღე დატრიალდა, დე.. იცი რა მოხდა? იმან, იმ ბიჭმა, თავისიანი მოკლა.. არ დაინდო.. არ აპატია, ომის მეგობარი რომ მოუკლეს.. არავის აპატია.. მერე ის გაგიჟებული ეგონათ დე, და მოერივნენ.. ვერ მოვითმინე.. ხომ გესმის ჩემი, შენ უნდა გესმოდეს, სხვა გზა არ გაქვს, დედა, უნდა გესმოდეს, რომ ვერ მოვითმინე. ერთდროულად ორი კარგი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან..

და ვისროლე..

ვისროლე და ტყვიას გავყევი, მთელი სურვილი ჩავატანე, მიზანს ვერ აცდებოდა, არ ჰქონდა უფლება, რომ ასცდენოდა.. არა….. ვირგრძენი, როგორ გაიარა ცივი ჰაერი.. კვამლი.. როგორ დაადნო ჰაერში გზად შემხვედრი ფიფქები.. მეც დავასწარი სხვას..

და მერე გაისმა ის ხმა.. ის საშინელება, რომელიც ყოველ ღამით მესმის.. ამ ხმას ვერაფერი სხვა ვერ გამოსცემს.. 22-25 წლის ბიჭის ჯერ კიდევ ნორჩი შუბლის ძვალი გადასკდა, დედა.. და ის ტყვია მე ვიყავი.. სკდომის ხმა..

ის ღამე არ დამძინებია, დედა.. ორვე გამოვიტირე.. დილით უკვე ცარიელი ვიყავი.. და ომმა ისევე დამტენა, როგორც ცარიელი მჭიდი.. სიკვდილის ისრებით გამავსო..

ბევრის თვალებში ჩავაქრე სინათლე.. ბევრს ვანანე დაბადება, დედა.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ..

ყველაფერი მავიწყდება ნელნელა..

იცი რა მენატრება? შოკმანჟე და ჩვენს ნაძვებში მინდორზე წამწოლა, ჩემს საყვარელ ბიძაშვილებთან ერთად.. ისევ ფაცხის აშენება მინდა.. რომ ჩამოვალ ავაშენებ მერე.. დედა თუ არ დავრუნდი, ბევრი მიტირე.. ყველას გააგებინე.. ყველამ მიტიროს.. ვიცი რომ ბევრს დავწყვეტ გულს.. ვიცი რომ ბევრი მოტირალი მეყოლება… ყველას უთხარი, დე, რომ მამაცი შვილი გყავს.. უნდა იამაყო, დედა.. სხვა აღარაფერი დაგრჩება თუ სხვებმა დამასწრეს..

მამამ იცის.. მამამ იცის, როგორ უნდა გაუძლოს ამას.. ის კაცია და ის გამიგებს. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით.. გაუფრთხილდი მამას…

დედა, ვიცი, რომ მეც შემეძლო ბევრის მსგავსად სახლში დავრჩენილიყავი, ავადმყოფის საბუთი გამეკეთებინა და ყოველ ღამით ლუდით ხელში სავარძელში ჩამჯდარს ტელევიზორი მეყურებინა და სადღეგრძელოებში მეპატრიოტა.. დედა, შენი შვილი უკვე კაცია.. ტყვიებში გაიზარდა.. მე სახლში ვერ დამაკავებდით… მე მათთვის არ ვიბრძვი.. თუ გადავრჩები, მათთვისაც მექნება პასუხი….

მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდება გული… დედა, თუ ვერ დავბრუნდი, ჩემს უჯრაში დიდი თეთრი რვეული დევს.. იქ ჩემი ლექსები წერია.. ეგ ლექსები მარიკასია.. მისთვისაა დაწერილი და მას მიუტანე.. ხომ იცოდი, მარიკა რომ მიყვარდა.. უნდა მეთქვა აქამდეც.. მომერიდა.. დამაგვიანდა..

დედა, გული მწყდება.. მინდოდა, ვინმე მეც მყოლოდა გვერდში ვისაც ისევე ვეყვარებოდი, როგორც მე.. ვისაც მოუნდებოდა ჩემთვის გულის გადაშლა.. ვინც მომეფერებოდა.. ვინც ჩემს მკლავზე დაიძინებდა.. ვის თმებშიც თავს ჩავრგავდი.. დედა ბავშვები მინდოდა.. ორი ბიჭი და ნაბოლარა გოგონა.. მე ეს ვერ გამოვცადე, დედა.. ვერ ვიცხოვრე…

მე თუ ვერა, ბიჭები დაბრუნდებიან.. ვინმე აუცილებლად დაბრუნდება.. ის იყოს ჩემი მაგიერი.. გადარჩენილ ბიჭებს მოეფერეთ.. აქ ხომ ყველას ერთი დედა გვყავს.. აქ ერთი სახელი გქვია ყველას.. დედა, იცი, აქ ისევ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს..

 მე შევიცვალე..

მე აღარ მტკივა..

მე აღარ ვნანობ..

Silhouette

Posted in ფოტოები with tags , , , , , , on სექტემბერი 6, 2009 by kesha

We are returning to Georgia..
To the country of unbelievable stories…
Now we are that stories ourselves…
We are standing in the blue light of dreams
and waiting for something special…

                          silueti g

                                                                                                                       International Aerport of Georgia
                                                                                                                                  Winter, February 21, 2008.

რამდენიმე ლექსი

Posted in პროზა და პოეზია on ივლისი 23, 2009 by kesha

 ცხოვრებისეული განტოლება

 მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…

ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი…
ეკლიან გზაზე ბევრი გვქონდა ალბათ შეცდომა
და სიკისკასეც მრავლად ვნახეთ თოთო ბავშვივით…
 

მერე რა მოხდა?
რით დასრულდა ძველი ნოველა?
ჩვენს განტოლებას ვერ ვუპოვნეთ ვერც ერთი ფესვი…    

[მე...]
[06.02.2007]

 

 

 

ეჰეი, ღმერთებო!!!
ეჰეი, ღმერთებო, ჩემს გულს ცეცხლი რად მოადინეთ,
მე ხომ სიყვარულს თქვენ არ გთხოვდით,
მხოლოდ გიმხელდით…
ამ გულით ერთი უბადრუკი ცხოვრება დამაქვს,
თქვენ ჩემს ვედრებას არად სცნობდით,
ხომ არ იმჩნევდით!!!
ეჰეი, ღმერთებო, გადმომხედეთ!
თვალს ნუ მარიდებთ!!!
რად დაიკარგეთ ბუმბერაზი მთების წვერებზე?!
რომ იმალებით, ხალხის თვალში უფერულდებით;
მალე გაგცვლიან ღვინოსა და სებისკვერებზე…
ეჰეი, ღმერთებო, ძირს ჩამოდით!
ყური დამიგდეთ,
თქვენზე ლოცვაში და თქვენს ფიქრში, როგორ ვბერდებით!!!
თუ არ ჩამოხვალთ და მთებს თეთრი ღრუბლით დაფარავთ,
კვლავ გადაწვავენ არტემიდას ტაძარს ბერძნები…
მალე ჩამოდით…
გაილია ქვიშის საათი..
და ჩემს ქვეყანას დააკრავენ ბინძურ არტახებს…
მალე ჩამოდით!..
თორემ თქვენი დედის წილხვედრი,
ჩემი ქვეყანა რკინის ჩიტით გააპარტახეს…

[მე...]
[14.09.2008]

 

 

 

***


დღეები გალეშილ მრბოლელებს მოჰგვანან,
მიჰქრიან
და უკან წარსულ დროს ტოვებენ.
მიჰქრიან,
არაფრად აგდებენ მომავალს..
გზადაგზა გვაყრიან წარსულ მოგონებებს…

მე და შენ გაუვლელ ბილიკზე ვეშვებით,
საყრდენად ვიყენებთ იმედებს ერთურთის,
წყენები გვკაწრავენ პატარა ეშვებით
და ჩვენი თვალები გაბუტვას ემდურის…

მე და შენ საკუთარ სამყაროს ვაშენებთ
და საზღვრებს ვამაგრებთ ფერადი ოცნებით
და თუ დავიკარგეთ,
მინდა, რომ მჯეროდეს _
შენ გაგახსენდები ფერებით, კოცნებით…

და, თუკი დღეები გაგვყრიან გზადაგზა,
გთხოვ, ნუ დამივიწყებ..
გთხოვ, მუდამ გახსოვდეს,
როდესაც გაჰყვები ცხოვრების შარაგზას,
არვინ მყვარებია შენსავით ამდრომდე…
[მე...]

[08.08.08]

ძალიან მაგარი თამაშია :)

Posted in სხვადასხვა on ივლისი 22, 2009 by kesha

მოკლედ დაბომბვებია :)

გაქვს შენი საკუთარი ციხესიმაგრე და ზარბაზანი და ესვრი მტრის სიმაგრეს. ვინც პირველი ჩამოუგდებს მტერს ყველა დროშას ისაა გამარჯვებული :)

 

Have Fun :)

 

http://www.miniclip.com/games/castle-conquest/en/

ფოტონოველები

Posted in ფოტოები on ივლისი 13, 2009 by kesha

samni 22

ცხოვრებას რომ გაურბიხარ სჯობს შემოუბრუნდე და თვალებში ჩახედო… ერთხელ მაინც იკითხე რატომ მოგდევს?

მე რომ გამირბიხარ, ერთხელ მაინც შემობრუნდი და მკითხე, რატომ მოგდევ კვალდაკვალ და შენ ნაფეხურზე რატომ ვადგამ ფეხს?…

ერთხელ მაინც მოუბრუნდი შენ თავს და ჰკითხე სად მიგიჩქარია? იქ არაფერია მომაბეზრებელი სიცარიელის მეტი…
შენ გაცილებით მეტი ხარ ვიდრე ნებისმიერი თეზისი და ცხოვრებისეული გამოცდილება… შენ შენ ხარ და შენით მიყვარს ცხოვრება, თავის წარმატებებითა და წარუმატებლობებით… შენ რომ არა ალბათ ჩამოვჯდებოდი სადმე და მთელ ცხოვრებას ასე გავატარებდი…

 

gela

ხანდახან როცა წარსული და მომავალი ერთ წამში გაერთიანდება და აწმყო კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას, როცა შენ თვითონაც კარგავ იმედს და იცი ყველაფერი დარჩა წარსულს და დროს ვერ დააბრუნებ, იხედები უკან, რომ თვალცრემლიანმა გაიხსენო ის ყველაფერი კარგი, რაც აღარასოდეს განმეორდება…

skamebi

და იყო ეს ყველაფერი ძალიან კარგი მაგრამ დასასრულისკენ მიმავალი…

და, როცა ბოლო წამი გაქრა წყვდიადში, გამახსენდი შენ და პოეზია ჩაძირული უსასრულობაში…

მერე რა, რომ დრო გადის…

ყველაფერი ისე რჩება ჩვენს შორის, როგორც იყო ოდესღაც…

ჩვენ გავიზარდეთ უბრალოდ…

“მიზანი ამართლებს საშუალებებს” – ბოროტებასთან კომპრომისისა და თანაარსებობის ფორმულა

Posted in ესსეები on ივნისი 24, 2009 by kesha

“მიზანი ამართლებს საშუალებებს”
ბოროტებასთან კომპრომისისა და თანაარსებობის ფორმულა

ყველსათვის მეტნაკლებად ცნობილია ფორმულა “მიზანი ამართლებს საშუალებებს”, რომელიც მეცნიერ ნიკოლო მაკიაველის ეკუთვნის. ეს სიტყვები შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნას განმარტებული და აღქმული; იგი ოდითგანვე გახლდათ დებატებისა და განსჯის საგანი და, ჩემი აზრით, მომავალშიც ვერ მიიღწევა კონსენსუსი ამ ფორმულის განმარტებასთან დაკავშირებით.
თუ გადავხედავთ ისტორიას, ნათლად დავინახავთ, რომ ხდებოდა აურაცხელი ბოროტება და უსამართლობა, “კეთილი” (ვიღაცებისთვის კეთილი) მიზნის მისაღწვად. დღესდღეობით პოლიტიკოსები თუ სხვა საქმის მაკეთებლები სხვადსხვა “მაქინაციებით” უსწორდებიან მეტოქეებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, მაგრამ შეიძლება ვიღაცის მიზანი მხოლოდ მისთვის და მასთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანისთვის იყოს “კარგი” და “კეთილი”, ამავდროულად კი სხვისთვის შესაძლოა, დამღუპველი და ამორალუღი აღმოჩნდეს. შეიძლება ეს ფორმულა ნიკოლო მაკიაველის სხვაგვარად ესმოდა: ნამდვილად “კეთილი” მიზნის მისაღწევად ყველანაირი დასაშვები საშუალებაა მისაღები, მაგრამ ფორმულაში – “მიზანი ამართლებს საშუალებებს” მავანმა ერთდროულად შეიძლება, იგულისხმოს დასაშვებიცა და დაუშვებელიც, თუმცა აქვე უნდა დაკონკრეტდეს, ვინ ადგენს, რა არის კეთილი და რა არის მისაღები საშუალება. ამაზე ვრცლად შეგვიძლია კამათი და საბოლოოდ მაინც ვერ მივაღწევთ საერთო აზრამდე. ჩემი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს, საზოგადოების ქცევა და კულტურა უნდა განსაზღვრავდეს კარგსა და ცუდს, მისაღებსა და მიუღებელს, თუმცა ასეთ საზოგადოებას მოეთხოვება განათლება და შინაგანი კულტურა, ზომიერი აქტიურობა და შეთანხმებულობა, ინდიფერენტული და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ხალხის მასა, რომელსაც საზოგადოებას ვერ უწოდებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოახერხებს მსგავსი კრიტერიუმების შემუშავებას.
ვფიქრობ, “კეთილი” მიზნისათვის გამოყენებული ყველანაირი საშუალება დასაშვებია – ასეთი ფორმულირება ისევე ცბიერი და თავგზაამბნევია, როგრც “თეთრი” შური, “კეთილი” ტყუილი და სხვ. მე თუ მკითხავ, და წესით ყველა ასეც უნდა ფიქრობდეს, შური შურია და ტყუილი _ ტყუილი, გაანჩნია, ვის როგორ ესმის ამის შინაარსი და ვინ როგორ იყენებს მათ. შეიძლება, ჩემი რომელიმე ტყული, საჩემოდ გამოყენებული, ჩემთვის “კარგია”, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სხვისთვის ის შეიძლება, შემზარავი და ავისმომტანი აღმოჩნდეს. ტყუილი რის ტყუილია თუ რაღაც მართალი არ შეცვალა, თუ სიმართლეს არ ააცდნია ვინმე, მაშ როგორ შეიძლება მსგავსი რამ იყოს “კეთილი”?
ჩემთვის განსაკუთრებით ყურადსაღები მაგალითები აღმოვაჩნე ისტორიაში, რომელიც ინახავს ფაქტებს, სადაც მიზნის მისაღწევად მოწინააღმრდეგეები მოუკლავთ, დაუტყვევებიათ, თვალები დაუთხრიათ…
ყველასათვის ნათელი მაგალითია ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი ავგუსტო პინოჩეტი. მმართველობაში მოვიდა 1973 წელს სამხედრო გადატრიალებით, რომლის დროსაც გადაყენებულ იქნა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სალვადორო ალიენდე, და განაგებდა ქვეყანას, როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტი 1974-1990 წლებში. თითქმის ყველა ოფიციალური წყარო ამტკიცებს, რომ მისი რეჟიმის განმავლობაში გატარებულმა რეპრესიებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ოპოზიციის უამრავი წარმომადგენელი იქნა ნაწამები ანდაც უბრალოდ უზგოუკვლოდ “გაქრნენ”. თუმცა ამ შემზარავი საქმიანობის პარალელურად ჩილეს ეკონომიკა ზევით მიიწევდა და დღეს ჩილე სამხრეთ ამერიკაში მოწინავე ქვეყანაა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესის გარემოს მიხედვით იგი საუკეთესო 30 ქვეყანაში შედის. მაშ ასე, კეთილი მიზანი მიღწეულია, თუმცა რა საშუელებებით? არის კი უამრავი ადამიანის მოკვდინებსი გასამართლებელი საბუთი ეკონომიკური აღმასვლა? საზოგადოების მოქმედება ამ დროს თვალის დახუჭვა იყო და წაყრუება იყო. მხოლოდ მაშინ, როდესაც პინოჩეტი მოხუცდა და რეპრესიები შერბილდა, ხალხმა გამოთქვა პროტესტი და სიკვდილის ბოლომდე ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული მსჯავრდებულის პოზიციიდან პასუხობდა სასამართლოში დასმულ შეკითხვებს.
არც ჩვენი ისტორიაა მოკლებული მსგავს მაგალითებს. რატომ გახდა თამარი მეფე და რატომ ვერ გახდა იგივე დემნა ბატონიშვილი, ტახტის სრულუფლებიანი მემკვიდრე? დემნას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს გიორგი III-ის მეფობის დროს, რასაც გადაჰყვა კიდეც და თამარი გახდა ხელმწიფე. გიორგი III-ს მიზანი ჰქონდა საკუთარი ასული გაემეფებინა, მაგრამ როგორი საშუალებით? ეს ხომ ბოროტებაა? ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებებს? გიორგი III-ს თანამედროვენი ალბათ აღაშფოთა ამ ფაქტმა, თუმცა ისტრიას არ(ან ვერ!!!) შემოუნახავს ამის ფაქტები. თამარი რომ გამეფდა და მიზანი მიიღწა, ყველა წავიდა კომპრომისზე და შეეგუენ ამ ფაქტს, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით კი თამარი წმინდანად შერაცხეს, ხოლო მისდროინდელ მმართველობას საქართველოს ისტორიაში “ოქროს ხანად” მოიხსენიებენ. თუმცა ამ ოქროს ხანას დემნა ბატონიშილის გვამი დაედო საფუძვლად.
დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ნუგეშის საბაბს არ იძლევა. დღევანელი “საზოგადოება” ამ ტერმინის ვერცერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს და, რაც ყველაზე საშიშია, არც ერთიანი არაა, არც განათლებული (ყოველშემთხვევაში პოლიტიკურად მაინც) და არც პოლიტიკური კულტურა არსებობს ჩვენში. განსაკუთრებით შესაშფოთებელი სიტუაციაა ოპოზიციურად განწყობილ ხალხში. მიზნის მისაღწევად როგორც ჩანს ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მოხრეებს ყველანაირი საშუაება მიაჩნიად დასაშვებად. აი ფრთიანი გამონათქვამებიც: “გზების გადაკეტვით თუ შეწუხდებით, შეწუხდით!” ; “მორალური წნეხი უნდა მოვახდინოთ ხელისუფლების მხარდამჭერებზე”;  “თბილისი მკვდარ ქალაქად უნდა გადავაქციოთ!”; “კარგია რომ დაგვარბიონ.” /გიორგი გაჩეჩილაძე/ ; აქაც ჩანს, რომ რაღაც გარკვეული მიზნის მისაღწევად უშვებენ მსგავს საშუალებებს. ამ შემთხვევაში გასარკვევია, არის კი ეს მიზანი ყველსათვის მისაღები? თანხმდება ამაზე საზოგადოება? პასუხი ცალსახად ნათელია!! არა !!
მსგავსი, არცთუ სახარბიელო შინაარსის, განცხადებები გამოთქვა ბატონმა გუბაზ სანიკიძემაც: “ხალხი ამათი დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩებში”; “ყველას სიები გვაქვს და მიშა რომ წავა, თქვენზე ნადირობა წავა”; აშკარად ჩანს, რომ მათ ვინც ახლა პოზიციის მხარდამჭერია, რეპრესიებით ემუქრებიან. ნუთუ ასეთი მიზნისთვის ღირს თვალის დახუჭვა გარკვეულ ქმედებებზე?
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებებიც ყურადსაღებია: “ყუბანეიშვილს სადაც შევხვდები, იქ ავაწნავ სილას”; “მცირე სისხლისღვრა შეიძლება მოხდეს”; მაშინ, როდესაც ოპოზიციის ზემოაღნინული ლიდერი აქციებზე გამოდის და უხვად ადანაშაულებს ხელისუფლებას ძალადობრივი პოლიტკის გატარებაში და თვითონ ვიღაცას სილის გაწვნით ემუქრება და საკუთარ თავში უშვებს იმ აზრს, რომ სისხლისღვრაა შესაძლებელი და ამაზე შეგნებულად მიდის, დასაფიქრებელია ამ დროს საზოგადოების პოზიცია. მაშინ, როდესაც საზოგადოება უნდა აღდგეს და დაგმოს მსგავსი ფაქტი, არ მისცეს საშუალება მოვლენების მსგავს განვითარებას, საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილში ამის სრულიად საპირისპირო რეაქცის ვხედავთ. გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემაში “საკანი” მაყურებლები (უმეტესწილად ოპოზიციის მხარდამჭერები) რეკავენ და აფიქსირებენ საკუთარ აზრებს, ასე მაგალითად: მამაკაცი რეკავს და ეუბნება წამყვანს: “ნუ გეშინია დაგვარბევენ, აბა რას იზამენ, და მერე ნახოს მიშამ ხალხის რისხვა”; ანდაც ქალბატონი რეკავს და ამბობს: “ჩემი პატარა ანუკა სახლში დარბის და შენსავით გაიძახის ხოლმე: “სისხლი გინდათ?”; არ ვიცი, თქვენ მკითხველო როგორ ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის პირადად ახალგაზრდა სტუდენტისათვის, რომელიც რევოლუციის თაობისა და განათლების რეფორმის სტუდენტობის ნაწილი ვარ, ეს ამაზრზენია. მიუღებელია ის, რომ პატარა ბავშვმა სახლში დასაღვრელ სისხლზე ისაუბროს და ამის შესახებ მშობელი დედა აღფრთოვანებული საუბრობდეს! არ შეიძლება, ბრბომ, რომელიც საკუთარ თავს “საზოგადოებას” უწოდებს, ამაზე დახუჭოს თვალი ან თავისი ინდიფერენტუობითა და, ხშირ შემთხვევაში წაქეზებით, ხელი შეუწყოს მსგავს გამოხტომებს!!
მაშინ როდესაც ოპოზიციის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ “დიალოგი ეშმაკის ენაა”, იმ ქვეყანაში სადაც გადაცემა “საკანაში” 9 წლის ბავშვი რეკავს და წამყვანს  ეუბნება: “შენგან უფრო მეტს ვისწავლი, ვიდრე სკოლაში”-ო, ანდა ისევ იმავე გადაცემაში როდესაც გესმის ქართველი რიგითი მამაკაცის სიტყვები: “შენთანა ვართ გია! ილია ხარ და გაგვიძეხი, გია!”, ამის შემდეგ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი საზოგადოება არსებობს.
ჩემი აზრით, ფორმულა “მიზანი ამართლებს საშუალებებს” ვრცელი განხილვის საგანი უნდა გახდეს. ვფიქრობ, ის, რაც ადრეულ წარსულში მოხდა ან თუნდაც დღეს ხდება, დასაგმობია და ხალხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ ბოროტებასთან შეგუებითა და კომპრომისით, რაც არ უნდა კარგი საქმე გააკეთო, საძირკველი მაინც ბოროტი და ბინძური იქნება.

წერილი მკითხველს #4 სახელწოდებით”. . .”

Posted in წერილი მკითხველს on ივნისი 20, 2009 by kesha

წერილი მკითხველს #4
სახელწოდებით”. . .”

დიდი ხანია, აღარაფერი დამიწერია და მგონი, ცარიელი ფურცლის შიშიც მაქვს… ამ დღეებში მრავალ რამეს მივხვდი და მრავალი ადამიანი დავინახე სხვა კუთხით… ხანგრძლივად სადმე წასვლა ადამიანებს აახლოებს და ერთმანეთის ბუნებას უფრო კარგად აცნობს. ორი დღე გავატარეთ ამხანაგებმა ქალაქგარეთ ღამისთევით… გავუგე იმას, ვისაც მეგონა, რომ ვარასდროს გავუგებდი. მივხვდი, რომ ზოგიერთი სულაც არა არის ისეთი მოსაწყენი, როგორიც მეჩვენებოდა და ზოგიერთი, ვინც გახსნილი და საინტერესო მეგონა, მოსაწყენი აღმოჩნდა. ასეთ დროს ხდება ადამიანში ფასეულობათა გადახედვა და რაღაც-რაღაცების გადაფასება… მივხვდი, ვის რა შეუძლია და ვინ როგორი ერთგული ყოფილა… მივხვდი, რომ ჩემს კოჰორტაში ყოველ კონკრეტულ სფეროში კონკრეტული ლიდერი უნდა იყოს, რომელიც არასდროს მოდუნდება და ენერგიით აღსავსე დარჩება მაშინაც კი, როცა სხვები მოთენთილები მიეფინებია: ზოგი _ სად, ზოგიც _ სად; ორი დღის უკან დავთრგუნე შური და მოწინააღმრდეგის სიძულვილი. პატივი ვეცი ჩემს დამმარცხებელს და ღირსეული გამარჯვებაც მივულოცე… მივხვდი, რამხელა ზეგავლენას ახდენს ხალხის შთაბეჭდილებაზე ადამიანის ჩაცმულობა… ამ დღეებში წარსულში დავტოვე ცხოვრების განვლილი ეტაპი… მე ახალ საფეხურზე გადავინაცვლე. მე უფრო მეტი მომეთხოვება და ჩემს სიტყვას უფრო მეტი ფასი დაედო…
მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მიღწევადია და შენს ცხოვრებას შენივე ხელით წერ, გააჩნია, ადამიანს როგორი “კალიგრაფია” აქვს ცხოვრების წერის… გამიჩნდა დამარცხების შიში. შიში იმისა, რომ ვერ გავამართლებ ჩემზე დაკისრებულ იმედებს, თუკი ბოლომდე არ დავიხარჯები… მივხვდი, რომ წესებით თამაში ყოველთვის უკეთესია და მოწინააღმრდეგის მოტყუბას, სჯობს დამარცხდე. დავიჯერე, რომ მაყურებლის გულშემატკივრობა დიდ გავლენას ახდენს მოთამაშის ფსიქოლოგიურ განწყობაზე… კარგია, თუკი დამარცხების მიუხედავად, სხვები მაინც გამარჯვებულად მიგიჩნევენ და არ გაგრძნობინებენ, რომ შენ გქონდა შანსი და ვერ გამოიყენე…
ადამიანებს თვალს ვუშტერებ და ვაკვირდები, რას ფიქრობენ… ხშირ შემთხვევაში თვალები ადამიანის ფიქრებს ახმოვანებენ. მივხვდი, რომ ზოგიერთი “კატაა”, რომელიც მხოლოდ მაშინ მოვა შენთან, როცა მოფერება უნდა, სხვა დროს კი ზედაც არ გიყურებს… ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არსებობენ. არ მიყვარს, როცა საქმის კურსში არა ვარ და ჩემს ზურგს უკან ვიღაც მოქმედებს, ამავე დროს კი თვალებში ჩაგცქერის და ამხანაგს გიწოდებს. ჩემი აზრით, ცნობისმოყვარეობა ადამიანს ეხმარება, მუდმივად იქონიოს კინტროლი მიმდინარე მოვლენებზე… მე კი ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და ვცდილობ, ყოველთვის მოვლენათა ცენტრში ვიყო და ამ პატარა სამყარომ ჩემ გარშემო იბრუნოს…
მივხვდი, რომ მხიარულს არასოდეს აღიქვამს ხალხი ნიჭიერად, ინტელექტუალად, გონივრად. რატომღაც მიაჩნიათ, რომ, როცა მხიარული ხარ და ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია, იუმორის გრძნობა შეინარჩუნო, არ ხარ სერიოზული… ვიცი, ჩემი სიმხიარულით და, ზოგ შემთხვევაში, არასერიოზულობით ბევრს ვკარგავ. ხალხს აზრადაც არ მოსდის, რომ შემიძლია ვიყო იმაზე მეტად სერიოზული და ინტელექტუალური, ვიდრე _ ნეისმიერი სხვა. თუმცა ამას შეგნებულად ვაკეთებ, რადგან ამ ხერხით ხალხი დავიახლოვე და ეს იმიჯი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით,  ხელს მიწყობს თავის რეალიზებაში… ცხოვრებაში ბევრი რამის მიღწევას ვაპირებ… არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ მომავალში ჩემი შთამომავლობის გარდა აღარავის ვახსოვდე. “სიკვილის შემდეგ ადამიანი სახელს ტოვებს, ვეფხვი _ კი ტყავს” [ფრანგული ანდაზა]. არ მინდა, ამქვეყნად მხოლოდ ერთი საფლავის ქვით მეტი დარჩეს ჩემს შემდეგ…
ვცდილობ, ნებისმიერ ადამიანთან გამოვნახო საერთო ენა და, ყველაფრის მიუხედავად, ვიმეგობრო. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის ასაკს. ალბათ, სწორედ ამ თვისებამ მიბიძგა, ჩამებარებინა საერთაშორისო ურთიერთობებზე…
კიდევ ორი დღე გავიდა და სამყარო დამიმძიმდა. ყოველი მზის ამოსვლისას რაღაც ახალს ვეძებ მასში, მაგრამ იმედგაცრუებული ვაშორებ თვალს _ სამწუხაროდ სამყარო ისთივეა, როგორიც დავტოვე გუშინ, გუშინწინ და ერთი წლის წინ. სწორედ ასეთ დროს სჭირდება ადამაინს განწმენდა, დეზინფექცია დაგროვილი უამრავი უსარგებლო ინფორმაციისაგან…
რაღაც მომენტში ვამჩნევ, რომ რაც უფრო ვიზრდები, შეცოდების უნარი მიქვეითდება და ყოველსიტუაციას ცივი გონებით ვსაზღვრავ. ეს დაახლოებით ასეთი რამეა: მწვერვალის ყინულიან პიკზე იდგე გახდილი და არაფრის მაქნის მზეს ეფიცხებოდე, ყინული კი გივლიდეს ძვალსა და რბილში, შენ კი ვერაფერს გრძნობდე, რადგან შიგნიდან უკვე დიდი ხანია, ყინულმა დაგფარა… ვცდილობ გავექცე საკუთარ აჩრდილს, ის კი არ მნებდება და თავგამოდებით მომდევს უკან. უფრო და უფრო ხშირდება სიტუაციები, სადაც გადაუწყვეტელი დილემები პირში მეკრიჭებიან და მაღიზაინებენ. მათთან ყოველი შეხვედრა კი მცირე დამარცხებებით მთავრდება… დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი დროს ერთი წლით უკან, რომ ის საკვანძო მოვლენები ასოთხმოცი გარადუსით შემომებრუნებინა… რაღაც დაპროგრამებულ, უამოციო რობოტს ვამგვანებ თავს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი ვინმე მართავს. არ მინდა ასეთი ვიყო. დახმარება მჭირდება იმ ადამინების მხრიდან, რომლებიც ყველაზე ძალიან მიყვარს, რომლებიც უსიტყვოდ მიგებენ და არაფერს მოითხოვენ ჩემგან… არ მინდა, ვიყო ყველასათვის, მაგრამ ჩემი მომავლიდანვე გამომდინარე, მიწევს ყველასთვის ნაძალადევი ღიმილი და “დიახ, გენაცვალე… თქვენ, როგორც ინებებთ… აუცილებლად გნახავთ…” და ამის მსგავსი ფრაზების ჩემდაუნებურად თქმა… მე ბევრი რამ ავიღე საკუთარ თავზე, მაგრამ “ახალგაზრდებს ასე სჩვევიათ: საკუთარ საზღვრებს აწესებენ და არც კითხულობენ გაუძლებს თუ არა ორგანიზმი და ორგანიზმიც ყოველთვის უზლებს…”/კოელიო/. მე მირჩევნია, ვიყო ნაპირებს გადმოსული შადრევანი  და არა ავზში ჩაგუბებული წყალი, რომელიც ადრე თუ გვიან უსაქმური ბაყაყებს ბასეინი გახდება, მაგრამ არც ის მინდა, რომ გადავიწვა, ჩემმავე ენერგიამ მიმტყუნოს და ისევე მალე ჩავქვრე, როგორც ავენთე… ადამიანი იმის მიხედვით ფასდება, თუ რა გაუკეთა მან თავის სამშობლოს და საერთოდ _ კაცობრიობას. მე თუ არაფერს გავაკეთებ, ამით არც არაფერი დაშავდება; კაცობრიობა უჩემოდაც იმავე ტემპით გამოიგონებს ახალ რაღაცებს, ექნება ტექნიკური მიღწევები მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს არ გამოიგონებს და აღარაფერი დარჩება შესაქმნელი და ადამიანიც თავიდან გამოიგონებს ნაჯახს, ავტოკალამს და თუნდაც ველოსიპედს, მაგრამ, ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში არ მოხდება და მეც იმედს ვიტოვებ, რომ უჩემოდ არ გამოიგონებენ ყველაფერს და რაიმე წვლილს შევიტან კაცობრიობის ისტორიაში. მე მინდა, რომ ელემენტარული მისიონერი ვიყო და მართლაც ზოგიერთივით არ დავამძიმო ტყუილად ჩვენი ბებერი დედამიწა… მსოფლიოს უჩემობით არაფერი დააკლდება, აი, მე კი ყველაფერი დამაკლდება უმისოდ…
                                       [18.04.2006 / 22:36]

Noisy Day..

Posted in ფოტოები on ივნისი 13, 2009 by kesha

gallery_584_7_4247

 

ჰოსპიტალი..

სართული მესამე..

პალატა #219…

და ისევ, აგერ უკვე მერამდენედ ცუდი პასუხის მოლოდინით დასმული მწარე შეკითხვა:”აქ დაჭრილი სტუდენტები ხომ არ წვანან?..”

 

”რა დახუთული დღეა…  13 აგვისტოა.. თარსი რიცხვია.. ნეტავ ვერავინ ვიპოვნოთ.. იქნებ ისე მოხდეს, რომ გადარჩნენ.. ჰო ყველანი გადარჩნენ.. ”

- თეა,- ვეძახი მე უფროს მეგობარს, რომელიც ჩემთან ერთადაა.. თეა თვალცრემლიანი ბრუნდება ჩემკენ და მეც ვხედავ ამ კადრს..

”მძიმე დღეა დღეს…”

 

სამხედრო ჰოსპიტალი, 13 აგვისტო, 2008 წელი.. დაჭრილი რეზერვისტი სტუდენტების ძებნა…

წერილი მკითხველს #3 სახელწოდებით “ადამიანებო!”

Posted in წერილი მკითხველს on ივნისი 3, 2009 by kesha

წერილი მკითხველს #3
სახელწოდებით “ადამიანებო!”

წერილების დასათაურება კარგი იდეაა, მაგრამ რატომღაც სათაურს ხშირად ავცდები და ხოლმე და არ დამძრახო, ეს ჩემი ფიქრების ბრალია.
ადამიანებო, იყავით აქტიურები და წარსულში დატოვეთ ის დრო და ცხოვრების სტილი, სადაც “ზემოდან” გკარნახობდნენ ცხოვრების ინერტულ წესს. ნუ მოგერიდებათ, თქვათ, რომ გიყვართ ან გძულთ რამე; არ გიდა ეს და გინდა ის. ნუ გექნებათ ძალით კომპლექსები. კომპლექსი ძალიან საინტერესო თემაა, თუმცა ჩემი ნაწერი არ ემგვანება სტატიას. ეს იქნება უფრო გულახდილი საუბარი.
კომპლექსი მრავალნაირია: ზოგი – სასაცილო, ზოგი _ სატირალი და ასე შემდეგ. მე პირადად კომპლექსი, როგორც ასეთი, არ მაქვს და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ უკომპლექსო ადამიანი ვარ, მაგრამ უკომპლექსობას ზომიერების გრძნობა უნდა აკონტროლებდეს და კომპლექსებისგან თავისუფლება გახრწნილობას არ უნდა ემსგავსებოდეს.
ჩემს თანატოლებს ასეთი ფორმის თვითშეზღუდვები უფრო ნაკლებად ახასიათებს, ვიდრე – ათი წლით უფროს თაობას. აი, თქვენ და თქვენი თაობა ვერ გამოთქვამდით ჩვენს ასაკში თავისუფალ აზრებს ისე, როგორც შეგვიძლია ჩვენ. თაობების ცვლილებასთან ერთად იცვლება მსოფლმხედველობა, თვისებები, ფასეულობები და გამბედაობის გრძნობა მატულობს. ეს ნამდვილად ასეა.
კომლექსები თვითგამოხატვის, განსხვავებულობის, ორიგინალურობის და, რაც მე ყველაზე მეტად მაღიზიანებს, კომპლექსი სახელწოდებით “სხვები რას იფიქრებენ ან რას იტყვიან?” მართავენ თანამედროვე ახალგაზრდობას. კომპლექსებისა და სტერეოტიპების მსხვრევას მაქსიმალურად უწყობს ხელს ტელევიზია. ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ოდესმე უხმარიათ ამ სენის წინაღმრდეგ. ყველაზე ბანალური მაგალითი რომ მოგიყვანოთ, თქვენც მიხვდებით: რეალითი შოუ “ამტანი”. როგორი იყო საზოგადოების აზრი? “როგორ შეიძლება გამოიტანო სააშკარაოზე შენი ცხოვრება?” შემდეგ “ჯეო ბარი”. საზოგადოებას აღარ გაუჩნდა იგივე შეკითხვა, არამედ: “როგორ შეიძლება ასეთი კადრების ჩვენება?” ცოტა ხანში “ჯეო ბარის” კადრებსაც შეეჩვივნენ და მომავალში ხალხს სხვა რამ გააღიზიანებს. ის, რასაც ესა თუ ის უკომპლექსო ადამიანი სხვების დასანახად გააკეთებს ორჯერ-სამჯერ, კარგავს თავის მნიშვნელობას და ხალხი ჩვეულებრივად აღიქვამს, ზოგიერთი გამბედავი ადამიანი კი ამ კომპლექსებისგან თვითონაც თავისუფდება და ძველი სტერეოტიპები თვალსა და ხელს შუა ქრება.
ქართველი ხალხი ძალიან ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში და ჩვენი ყველაზე დიდი ჭირი ისაა, რომ ყველეფერ ახალს გავურბივართ და “შეჩვეული ჭირი გვირჩევნია შეუჩვეველს”. ესეც კომპლექსია. სიახლისგან გაქცევის კომლექსი. ამ ტემპებით “შორს ვერ გავფრინდებით”.
ბევრ ჩემს თანატოლს აქვს თავის ნიჭის გამჟღავნების კომლექსი. ბევრი ნიჭიერი პოეტი თუ მწერალი კარგავს შანსს იმის გამო, რომ სხვის აზრზეა დამოკიდებულიდა და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო უგვიან- დება თავის წარმოჩენა.
“ყოველ კაცს აქვს მთვარესავით გაუნათებელი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს”[მარკ ტვენი]. ეს ესედაც უნდა იყოს, მაგრამ ქართველები ახალ მთვარეს უფრო გვანან, რომლის მხოლოდ ერთი მეასედია განათებული, დანარჩენი კი ყველასთვის დაფარულია და ხშირ შემთხვევაში თავის თავსაც კი არ აჩვენებს ხოლმე გაუნათებელ მხარეს. ასეთი გულჩათხრობილი და კარჩაკეტილი ცხოვრება არ არის სასურველი ისეთი ნიჭიერი ხალხისთვის, როგორიც ქართველია.
რა თქმა უნდა, კომპლექსებისგან განთავისუფლება და უსარგებლო სტერეოტიპების მსხვრევა, არ უნდა შეეხოს ტრადიციებს, რომელიც ქვეყნის კულტურისა და სულიერების საძირკველია.
არ ვიცი ჩემს “ნაუბარს” თუ შეისმენს ვინმე, მაგრამ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ, რადგან ჩემი სათქმელი ვთქვი. გამგები გაიგებს, ზოგიერთი თავის თავსაც ამოიცნობს და იქნებ სცადოს კიდეც ამ უაზრო შებოჭილობისგან თავის გათავისუფლება… დატკბით ცხოვრებით და ისწავლეთ ყოველი დღიდან სარგებლის მიღება.
არ მიყვარს ჩემი კუთვნილი ნივთების გაჩუქება, ის, რაც ჩემს ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. იმიტომ, რომ ისინი მე მიცნობენ და მე ვიცნობ მათ. არ მინდა, ჩემი სულის ნაწილი ვინმეს ედოს მტვრიან თაროზე ან, უარეს შემთხვევაში, სადმე – უსარგებლო ნივთებით სავეს უჯრაში მიუჩინონ ადგილი…
ადამიანებო, მინდა, უამრავ რამეზე გესაუბროთ, მაგრამ თითქოს რასაც ვფიქრობ, იმას ვერ გადმოგცემთ. ძნელი ყოფილა შენში არსებულ თემებზე საუბარი. ხშირად მაჩვენება, რომ ეს მთელი ცხოვრება ჩემივე წარმოსახვის ნაწილია და რაღაც მომენტში გამომეღვიძება სულ სხვა სამყაროში. ის ზოგიერთი მოჩვენებითი ვითომ კეთილის მსურველი და მეგობარი, რომელმაც გული მატკინა, სიზმარს ჩაბარდებოდა და რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად  კეთილის მსურველები და მეგობრები იქნებოდნენ, მაგრამ ასე არ ხდება… ვაი, რომ ნამდვილი სიყვარულიც არ არსებობს. ვეთანხმები, რომ სიყვარული ღმერთია და ასეთი რამეც მაქვს დაწერილი:”…და სიყვარულის ქვეყნად ღირსიც მხოლოდ ის არის, ვინაც ეს გრძნობა თვით უფალში აღმოაჩინა…” სიყვარული სწორედრომ ღმერთშია და ჩვენ ტყუილად ვეძებთ ამ გრძნობას საპირისპირო სქესში. შენ, რა თქმა უნდა, შემეწინააღმრდეგები, ღმერთმა ადამიანი ხომ თავის ხატად შექმნაო. დიახ, შექმნა, მაგრამ დიდი ხანია ხალხმა დაკარგა ეს მადლი და ღმერთს დაშორდა. ღმერთთან დაშორება კი სიყვარულის დაკარგვის პირდაპირპროპორციულია…
განმარტოება მავიწყებს იმ ყველა პრობლემას, რაც მამძიმებს. ღამით გრილ ამინდში ყველასგან განმარტოებით დავწვები მიწაზე და თავზე დაგნათის ვარსკვლავთა ფარა, ხან ართი შემოგცინებს, ხან – მეორე. შენ კი თითქოს ქვავდები, რაღაც მომენტში პაუზდები, აღარ გესმის გვერდით, სიახლოვეს მეგობრების ხმაური… ასეთ დროს ჩემში ორი ადამიანი ჩნდება და საუბრობენ სხვადასხვა თემებზე, ბჭობენ, კამთობენ და პრობლემების მოგვარებას მიადვილებენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ორი ადამიანი მუდმივად იცვლის ხოლმე იერს და ხან ვინ არიან, ხან – ვინ. მე კი მათ საუბარში არ ვერევი, უფრო სწორად – არ მრევენ. მიყვარს ჩემ ბიძაშვილთან საუბარი, რომელიც ჩემი ერთადერთი მესაიდუმლეა. ის არის მესამე ამ საინტერესო საუბარში… იფიქრებთ, მგონი, გიჟის ნაწერს ვკითხულობო, მაგრამ მერწმუნე, საინტერესოა, როცა უსმენ, სააკაშვილი და პუტინი, როგორ საუბრობენ ჩემზე და ჩემს პრობლემებზე და სახავენ მათი გადაჭრის გზებს… სახალისოა… თითქმის ასეთივე სახალისოა ჩემი სიზმრებიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ დატვირთვას ატარებენ. ვხედავ ხოლმე ცნობილ ადამიანებს, რომლებთანაც სიზმარში ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. ირაკლი ჩარკვიანმა რომ მეფე დაირქვა, იმ დღეებში უცნაური სიზმარი მეზმანა… ჩემი სკოლის წინ ღამით ვიდექით მე და მეფე. უცებ ცაზე მილიონობით კომეტამ “გადაიბრწყინვალა” და ირაკლიმ სიჩუმე დააღღვია… სახელი მკითხა… არ ვიცი, საიდან, მგრამ ხელში ორი უძვირფასესი ხმალი გაუჩნდა. ერთი, როგორც აღმოჩნდა, მას ეკუთვნოდა, მეორე კი, რომელიც პირველის ზუსტი ასლი იყო, მე გამომიწოდა და დამლოცა… ცოტა ხანში უნივარსიტეტში ჩავაბარე… არ მინდა, ვინმემ მეფის სიტყვებში მიგულისხმოს:”…ვიცი რა, ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბევრი დეგენერატი გამოიდებს თავს და… ათასგვერ სისულელეს მოჩმახავენ და ეს მონაჩმახები ვიღაც მშვენიერ კეკელ-მაროებს შეიძლება აყიდონონ კიდეც…” უბრალოდ მე “მეფეს” პატივს მივაგებ და ჩემი სიტყვებით მადლობას ვუხდი, იმისათვის, რომ მან რაღაც თავისი ნაწილი მიწილადა, თუნდაც სიზმარში… ეს იყო ერთი წლით ადრე მის გარდაცვალებამდე…
ბოლო სიზმარში, გაგეცინებათ, მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა გარკვეული მისია დამაკისრა. ჯერჯერიბით ვერ ვხვდები, ეს რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ მომავალში გაუხსნელი კარტები არ რჩება და ყოველივე დაფარული აშკარა ხდება. ჩემი მოვალი წარმატების მჯერა…
სათაური გამახსენდა… კვლავაც ავცდი, ადამიანებო!
პირველობისკენ სწრაფვა თითქმის ყოველ თავმოყვარე და ნორმალურ ადამიანს ახასიათებს, თუმცა ცოტაოდენი თუ ხმარობს ღონეს მის მისაღწევად. ბავშვობისდროინდელ საოჯახო ვიდეო მასალებში დავაკვირდი ჩემს თავს და შევამჩნიე, ყველგან პირველობას ვიჩმებ. ღმერთმა დამაჯილდოვა ლიდერობისა და ორგანიზებულობის ნიჭით და მეც ამას ჯერჯერობით მაქსიმალურად ვიყენებ. პირველობას, რა თქმა უნდა, პოპულარობა მოსდევს. ფენომენი, რომელიც ყოველი ადამიანისათვის სასურველია; ყურადღების ცენტრში ყოფნა და უცნაური ადრენალინი, რომელიც ნარკოტიკივით მიჩვევადია. ერთხელ თუ ახვედი ამ მწვერვალზე, უნდა ეცადო და იქვე დაბანაკდე… ბევრისთვის პოპულარობა დამღუპველი აღმოჩნდა, ბევრისთვის კი, პირიქით, მასწავლებელი და აღმზრდელი. ეს არის საკუთარი თავის სხვა კუთხით დანახვის სშუალება, კარგის გამოჩენის და ცუდის დათრგუნვის წამალი; პასუხისმგებლობის გრძნობის მატება რამდენჯერმე, რასაც მრავალმა ადამიანმა ვერ გაუძლო და პოპულარობის მწვერვალიდან პირდაპირ მართკუთხა ფორმის გათხრილ ორმოში გადაინაცვლა…
ადამიანებო, “როცა რაიმე მთელი არსებით გსურთ, მთელი სამყარო ხელს შეგიწყობთ თქვენი სურვილის ასრულებში,“ რადგან მთელი სამყარო თქვენ ხართ. კაცობრიობა შედგება ერთეული ადამიანებისაგან, რომლებიც თავის სურვილისამებრ მართავენ კაცობრიობას. ადამიანი თავისთავად პატარა სამყაროა. ღმერთმა ერთ ინდივიდში ჩატია მთელი სამყაროს იდუმალება და არსი, რომელსაც ჩვენ ჯეროვნად ვერ ვიყენაბთ… ხალხი პატარა ელექტრო სადგურებია, რომლებიც თავიანთი ცხოვრებიდან, ქცევიდან, ემოციიდან, საუბრიდან გამომდინარე გამოიმუშავებენ ანერგიას, რაც ასე საჭიროა ჩვენი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ძველ და მუშაობისუუნარო ქარის წისქვილებს, რომლებიც ხალმა დაივიწყა და თვითონაც კი აღარ ახსოვთ, რატომ, რა მიზნით შექმნეს ვიღაცებმა ამქვეყნად. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მანქანები, რომლებიც არანაირ გარე მოვლენაზე არაა დამოკიდებული და მუდმივად მუშაობს, მუშაობს, მუშაობს. არ იფიქრო, რომ დიდი გამოცდილება მაქვს; მე უბრალოდ ერთი ახალგაზრდა ვერ, რომელსაც დიდი დრო გაუტარებია ამაზე ფიქრში და ახლა, როცა ამას ვწერ, მე თვითონაც ყველაფერს ხელთავიდან ვსწავლობ, ვითვისებ, ვისრუტავ და, როდესაც ეს ყველაფერი ჩემში არსებულ ცარიელ ადგილს პირამდე აავსებს, ვულკანივით ამოვხეთქავ, ატმოსფეროს ავხლეჩ და ფართობზე გავიშლები, რომ თავიდან დავიწყო მზადება მომავალი ამოფრქვევისთვის…
                                           [04.04.2006]