K G B-ს დღიურები

October 7, 2010

წერილი მკითხველს #6

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

წერილი მკითხველს #6
სახელწოდებით “რა არ ხდება…”

დილის 10 საათი, 17 მაისი, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო გადაჭედილია: ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი, ასობით სტუდენტი. სახვადასხვა ბუკლეტის კორიანტელი და დაძაბული, ნერვული აურა… არა, ეს არაა სახელმწიფო გამოცდა, ეს იყო პირველი არჩევნები ჩემს ცხოვრებაში; დღე, როცა დიდი სიამაყით ვატარებდი ჩემი ორგანიზაციის მაისურს და ვიცოდი, რომ ამ დღეს უნივერსიტეტის ისტორია იწერებოდა, გაფაციცებით…
დილის 2:35 წუთი, 18 მაისი, უნივერსიტეტის ფოიეში ჩამოხეული საარჩევნო “პლაკატების” პირამიდები და უძილობისგან მიბინდული თვალების მიღმა ნერვული მოლოდინის ღიმილი… კიდევ 20 წუთიც და წინასწარი პასუხებიც გამოიტანეს… ვიღაც მოწყვეტით გაოგნებული ეშვება კიბეზე ჩამოსაჯდომად, ვიღაც ხელს ართმევს და ულოცავს მეგაბრებს, მე ამას მხოლოდ ფრაგმენტებად ვხედავ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ისტორიული მოვლენისა. გამარჯვებით გახარებული პირველად დავჯექი დასასვენებლად. ახლა მხოლოდ ძილი მინდა…

***
უკვე დიდი ხანია, არაფერი დამიწერია და ვწუხვარ, რომ წერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა; უბრალოდ ცხოვრებას არ უყვარს, როცა ადამიანები თავიანთი მიზნების განხორციელებისკენ მიილტვიან… არჩევნების შემდეგ ვცდილობ, კვლავ ვწერო, მაგრამ გული არ მიმდის და ფურცლების დანახვისთანავე ნაფიქრალი ქვიშასავით ძვრება ხელში.
ისე, დამავიწყდა ჩემი მეორე მეს, ანუ მ2-ის გაცნობა, მაგარი “ზანუდა” ტიპია და ტვინს ბურღავს ხოლმე. ახლაც მეჩალიჩება, მასზე დავწერო. ერთადერთი დადებითი თვისება რაცა აქვს, ის არის, რომ მხოლოდ ძილისწინ ჩნდება ხოლმე და მანამდე არ მაწუხებს. მთელი დღე ვშრომობ, ვლაპარაკობ, თავს ვიგიჟებ, ვიღლები, ღამით კი ეს ყველაფერს მიკრიტიკებს, მასწავლის: ასე რატომ თქვი? შენი ამბიციები შენთვის შეინახე; შენი აზრი არ არის ყველგან მთავარი და ასე შემდეგ; თუმცა მეორე ღამეს ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. მე კი იგნორირებას ვუკეთებ და მხოლოდ საკუთარი თავისადმი პატივისცემის გამო ვუსმენ(ის ხომ ჩემი მეორე მეა და ჩემს თავს არასოდეს მივაყენებ შეურაცხყოფას).

მ2-ისაგან განსხავებით ავტორიტეტებს არ ვცნობ. შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემს თავს ზემოთ არავის ვაყენებ. არ არსებობს ადამიანი, ვის წინაშეც ქედს მოვიხრიდი: ჯერ ვარ მე, ხოლო შემდეგ ნებისმიერი სხვა. ეს ძალიან მეხმარება ხალხთან კონტაქტისას. არ მიჭირს არანაირ ცნობილ თუ უცნობ პირთან საუბარი და ურთიერთობა…
***
ცხოვრება ძნელი თამაშია, რომლის ბოლოშიც “perfect”-ის ნაცვლად ყოველთვის “Game Over”-ი იწერება. ჩვენს გამოგონილ სამყაროში ჩვენ ვიგონებთ ჩვენს თავსაც და ჩვენს მეგობრებსაც. მეგობრობა არაფერია, თუ არა ერთმანეთთან სულიერი სიახლოვე, თუმცა, ესეც გამონაგონია. ყველაფერი ჩვენი გამონაგონია, საბოლოოდ მაინც ჩვენი თავის წინაშე ვდგებით. მეგობართა წრე, არაფერია, თუ არა გართობის საშუალება, დროებითი. იცვლება საახლობლო წრე და გართობის საშუალებები: სოფელი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და თითქოს ახალ-ახალ საფეხურებზე ადიხარ, მაგრამ ბოლოს ფინიშის ხაზამდე არმისულს დრო ამოგეწურება…
ყოველდღე ფუსფუსი, ვითომ რაღაცის კეთება, ესეც ხომ გამოგონაგონია. შეიძლება ჩვენი გამონაგონი არაა, მაგრამ სხვის გამონაგონში რაღაცის კეთებაც ხომ აბსურდი და არაფერია…
***
ჩვენი ქვეყანა ვითომდა კოლექტიურია და ერთად უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ _ ტყუილი და ვიღაცის აფიორაა. “კოლექტიური ერთიანობის”, ანუ საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა საქართველო “კოლექტივიზმის მედროშე”. ინდივიდუალისტების ქვეყნის შვილები ვართ და ინდივიდების უაზრო იდეებს ეწირება ეს უბედური ქვეყანა. რატომღაც ვერ ისწავლა ხალხმა, რომ “თავისუფალი ადამიანი” პირობითი ცნებაა. თავისუფალი არავინაა. ყველა ვიღაცის ქვეშევრდომია და ვიღაცის წესებით უნდა ითამაშოს, წინააღმრდეგ შემთხვევაში თქვენ ზედმეტი ხართ. შემდეგ იწყება საპროტესტო აქციები და მცდელობა 2003 წლის შედეგის გამეორებისა, მხოლოდ მცდელობა. ამ ხალხს რასაც მეტს უკეთებ, მით უფრო მეტი უნდა. თავს ევროპას ადრებენ, იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ აფრიკის განუვითარებელ ქვეყნებზე ქვევით მოიაზრებოდა სულ რაღაც ორი წლის წინ. უმადურია ხალხი და გაუმაძღარი. ჩვენი გემი ძალიან შორს შევიდა ზღვაში, აღარც უკან დაბრუნება შეგვიძლია, წინ კი ჯერ არაფერი მოსჩანს და მაინც ისევ წინ წასვლა სჯობია უკან დაბრუნებას. ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რომ ამ დიდმა მანქანამ გამართულად იმუშაოს. ზოგი მენაგვე იქნება, ზოგიც _ პარლამენტარი. არ არსბობს ქვეყანა სადაც მენაგვე და მეეზოვე არ არსებობს. მათხოვრებს მუშაობა აზარებათ. იმიტომ, რომ მუქთად ცხოვრებას მიეჩვივნენ. ერთ-ერთმა კი ასე გვითხრა:”დღეს 30 ლარი ვიშოვნე ( ვიფიქრე, ძალიან ბევრი უშოვნია-მეთქი, მაგრამ…), დღეს ვერ ვიმუშავე კარგად, საშუალოდ დღეში 80 ლარს ვშოულობო”.ასეთ კაცს რად უნდა შენი სამას ლარიანი (უკეთეს შემთხვევაში) მეეზოვის სამსახური და დამლაგებლობა? ის უკვე სულით მათხოვარი და მუქთახორაა. ასეთ ადამიანებს არ გავახარებდი. ვისაც შეუძლია, უნდა იშრომოს. არცერთი სამუშაო სათაკილო არაა ( 04.07.2006 )

პ.ს.
ეს წერილები საკმაოდ ძველია :) თარიღებს ამიტომაც ვტოვებ, რომ დროში და სივრცეში არ აიბნეთ…

March 1, 2010

წერილი მკითხველს #5 სახელწოდებით “86-88-იანელები…” _ ანუ ჩვენ

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

წერილი მკითხველს #5
სახელწოდებით “86-88-იანელები…” _ ანუ ჩვენ

რაც უფრო ვაკვირდები ჩემს თაობას, მით უფრო კარგად ვამჩნევ, რომ ეს ბავშვები, ჩემი ჩათვლით, რაღაცაზე გაბრაზბულნი არიან. 86-88-იანელების თაობა, რომელსაც არც ისე ბევრი რამ გადაუტანია, დაბოღმილია, გაბრაზებულია და ალესილია: თაობა რომელსაც ყველაფერი ყელში ამოუვიდა: რაც უნახავს და რაც არ უნახავს; თაობა, რომელშიც ძალიან დიდი ენერგიაა დაგროვილი, იმდენად დიდი, რომ საზღვრებს გადმოდის და მალე ყოველგვარ ჯებირს გაარღვევს, მთავარია, ეს ძალა არავინ ჩაახშოს… ძალიან ხშირად მახსენდება გარდაცვლილი პრემიერმინისტრის სიტყვები:”დარჩით ასეთი გაბრაზებულები”. ყოველ გახსენებაზე ენერგიით ვივსები. დარწმუნებული ვარ ჩემი თანამედროვეები, რომლებთან ერთადაც ვიზრდები და ვვითარდები, კონკრეტულად კი ჩემი სანაცნობო წრე, დიდი მომავლის მქონეა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ საქართველოს მომავალი ჩვენ ვართ და სამშობლოც ჩვენს მხრებს ეყრდნობა, სანუკვარი ვარსკვლავი რომ მოწყვიტოს ციდან. მერწმუნეთ, საქართველოს მომავალი ჩვენს ხელშია. ჩემი თაობა პოლიტიზირებულია და ნურვინ იფიქრებს, რომ ეს ცუდია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უკვე აქედან მოყოლებული ვიწყებთ მასზე ზრუნვასა და პატრონობას. ჩვენ ამას ვერვინ დაგვიშლის…
ჩემი თაობა კი მოესწრო საბჭოთა კავშირის ავბედით არსებობას, მის დაშლასა და აფხაზეთის ომს, მაგრამ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია ჩვენზე. ამ ფაქტმა პირადად მე მოლოდ ცოტა ხნის წინ დამაფიქრა სერიოზულად. ამან მაიძულა გამეანალიზებინა სიტუაცია საქართველოში. ბევრის ცხოვრებაში ამ ცვლილებებმა თავისი კვალი დატოვა. აფხაზეთმა კი ბევრს სულიერი ტრავმა მიაყენა… დრო მოვიდა, რომ დაღუპულ გმირთა სურვილი ახდეს: ყველას თავისი ადგილი მიუჩინონ. ეს იქნება იმ ნათელი თვალების საფასური, რომლებიც სიკვდილმა ომში წასულებიდან გამოარჩია… თაობა, რომელიც დადგმულმა ფარსმა, ხელოვნურმა, წინას- წარგათვლილმა ომმა გააქრო და გამოტოვა დღევანდელი საქართველოს ცხოვრებაში…
ახლა, როცა ამას ვწერ, ძალიან გვიანია და სახლში საარდგომო სამზადისია… მინდა, ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ალბათ, ამას ყველა მოგვიანებით წაიკითხავს, მაგრამ მაინც გილოცავთ…
ჩემი თანატოლები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გახსნილები და თავისუფლები არიან ვიდრე ჩვენი მშობლები, მაგრამ ჩვენშიც მოიპოვება უამრავი გაუბდავი. ტალანტები, რომლებიც თავს არ ავლენენ და მხოლოდ რვეულებს ავსებენ ისტერიული გასაიდუმლებით. არ ვიცი, ჩემი ნაწერი ვის მოეწონება და ვის არა, მაგრამ მე იმითაც კმაყოფილი დავრჩები, რომ ჩემი ნაფიქრალი მხოლოდ მე არ მეცოდინება. ვიღაც წაიკითხავს, იტყვის “ყოჩაღ”, სხვანი იტყვიან _ “რა სისულელეა”. მაინც კარგი იქნება, იმიტომ, რომ წაიკითხავენ და ეს ნაუბარი რვეულების გაყვითლებულ ფურცლებზე არ გახუნდება. ვიცი, ჩემი ამხანაგები ჩემზე გაცილებით კარგად და ჭკვიანურად წერენ, მაგრამ რა ხეირი?! თავიანთ ნიჭს მალავენ, თითქოს ნაქურდალი იყოს. ჩემი თაობა ორ უკიდურესობად იყოფა: ან ძალიან განათლებულნი არიან, ან საერთოდ უცოდინრები და უწიგნურები… ჩემი თაობა ბედნიერია… ჩემი თაობა ჯანსაღია… ჩემი თაობა ჩემია და ყველასია… რაღაც სისულელეებს ვწერ; ნეტავ რატომ მომდის აზრად ასეთი ნაბოდვარი?.. შემახსენეთ, მინდა, რომ ძალიან საინტერესო ჩანახატი წაგიკითხოთ, არ დამავიწყდეს… ძალიან უცნაურები ვართ ყველანი. რატომღაც ყველანი ერთმანეთთან ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, რაღაც ვერ ვეწყობით, ვერ ვუწყობთ ერთმანეთს და ვშორდებით… ასეთი შეგრძნება, დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ მეუფლება…
ახლა უკვე ცამეტი მაისია. დიდი დრო გავიდა, რაც აღარაფერი დამიწერია. მომენატრა ამის კეთება. კარგია, რომ უთქვენოდ გამახსენდა ჩანახატის არსებობა. მაშ ასე _ მოემზადეთ!!!

მაინც რა არის
ზანგისთვის საქართველო?..
“ეს წვიმა ბოლოს მომიღებს. ან იწვიმოს წესიერად, ცა ცამოიქცეს, ან საერთოდ არ იწვიმოს, არ შეიძლება?!”
ნერვებმოშლილი გავდივარ სახლიდან… “მარშრუტკების” გაჩერებაზე თერთმეტ ნომერს ველოდები. “რას შვრები, შენი!.. სულ მთლად დამასველა. ამას უნდა ჰყავდეს მანქანა და მე ფეხით უნდა დავდიოდე! ფუი, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი!.. შენიანიც კი არ გცემს პატივს, უცხოელს რაღა მოვთხოვო…”
ძლივს ავაღწიე გაძეძგილ მანქანაში. ცოტა ხანში მძღოლმა კიდევ გააჩერა…
_ შენ “იკარუსის” მძღოლი ხო მარ გგონია თავი?! _ უკმაყოფილების ტალღამ გადაუარა სამარშრუტო ტაქსის…
ძლივს გამეღიმა მოშხამულ ხასიათზე… ”ეს ამინდი პირდაპირპრო- პორციულად მოქმედებს ჩემს ხასიათზე. ნამდვილად ვერ გავმხიარულდები დღეს!..”
ვარაზის ხევიდან აღმართს ავუყევი პირველი კორპუსისაკენ. წვიმა ცრის წვრილი წვეთებით. სპორტულად, გრილად ჩაცმულმა ზანგმა გამირბინა გვერდით. დილის ვარჯიშებს ასრულებს. “არ ეზარება ამ დილით წვიმაში სირბილი?” შავკანიანი აფხაზეთის ამში დაღუპულთა მემორიალს მიუახლოვდა, ნაბიჯს უკლო, ბოლოს სულ გაჩერდა, ქუდი მოიხადა და მდუმარედ რამდენიმე წამით მიაგო პატივი გმირებს; ნელ-ნელა გაშორდა მემორიალს, თავსაბურავი დაიხურა და სირბილი განაგრძო…
გაოგნებული ვდგავარ აღმართის ძირში და ღიმილი არ მშორდება სახიდან. უდიდესი პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა ამ ადამიანის მიმართ. მინდოდა მივსულიყავი და ვაჟკაცურად ჩამომერთმია ხელი, მადლობა გადამეხადა საქციელისათვის…
გამხიარულებულმა ორ წუთში ავირბინე აღმერთი… წვიმა უკვე მსიამოვნებდა… ერთი კითხვა კი არ მშირდებოდა თავიდან: “მაინც რა არის ზანგისთვის საქართველო?..” /05.12.2005/
არანაირი კომენტარი მგონი, საჭირო არაა…
მინადა, რომ ჩემი თაობა სწორედ ასეთი იყოს…

13. 05. 2006.

June 20, 2009

წერილი მკითხველს #4 სახელწოდებით”. . .”

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

წერილი მკითხველს #4
სახელწოდებით”. . .”

დიდი ხანია, აღარაფერი დამიწერია და მგონი, ცარიელი ფურცლის შიშიც მაქვს… ამ დღეებში მრავალ რამეს მივხვდი და მრავალი ადამიანი დავინახე სხვა კუთხით… ხანგრძლივად სადმე წასვლა ადამიანებს აახლოებს და ერთმანეთის ბუნებას უფრო კარგად აცნობს. ორი დღე გავატარეთ ამხანაგებმა ქალაქგარეთ ღამისთევით… გავუგე იმას, ვისაც მეგონა, რომ ვარასდროს გავუგებდი. მივხვდი, რომ ზოგიერთი სულაც არა არის ისეთი მოსაწყენი, როგორიც მეჩვენებოდა და ზოგიერთი, ვინც გახსნილი და საინტერესო მეგონა, მოსაწყენი აღმოჩნდა. ასეთ დროს ხდება ადამიანში ფასეულობათა გადახედვა და რაღაც-რაღაცების გადაფასება… მივხვდი, ვის რა შეუძლია და ვინ როგორი ერთგული ყოფილა… მივხვდი, რომ ჩემს კოჰორტაში ყოველ კონკრეტულ სფეროში კონკრეტული ლიდერი უნდა იყოს, რომელიც არასდროს მოდუნდება და ენერგიით აღსავსე დარჩება მაშინაც კი, როცა სხვები მოთენთილები მიეფინებია: ზოგი _ სად, ზოგიც _ სად; ორი დღის უკან დავთრგუნე შური და მოწინააღმრდეგის სიძულვილი. პატივი ვეცი ჩემს დამმარცხებელს და ღირსეული გამარჯვებაც მივულოცე… მივხვდი, რამხელა ზეგავლენას ახდენს ხალხის შთაბეჭდილებაზე ადამიანის ჩაცმულობა… ამ დღეებში წარსულში დავტოვე ცხოვრების განვლილი ეტაპი… მე ახალ საფეხურზე გადავინაცვლე. მე უფრო მეტი მომეთხოვება და ჩემს სიტყვას უფრო მეტი ფასი დაედო…
მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მიღწევადია და შენს ცხოვრებას შენივე ხელით წერ, გააჩნია, ადამიანს როგორი “კალიგრაფია” აქვს ცხოვრების წერის… გამიჩნდა დამარცხების შიში. შიში იმისა, რომ ვერ გავამართლებ ჩემზე დაკისრებულ იმედებს, თუკი ბოლომდე არ დავიხარჯები… მივხვდი, რომ წესებით თამაში ყოველთვის უკეთესია და მოწინააღმრდეგის მოტყუბას, სჯობს დამარცხდე. დავიჯერე, რომ მაყურებლის გულშემატკივრობა დიდ გავლენას ახდენს მოთამაშის ფსიქოლოგიურ განწყობაზე… კარგია, თუკი დამარცხების მიუხედავად, სხვები მაინც გამარჯვებულად მიგიჩნევენ და არ გაგრძნობინებენ, რომ შენ გქონდა შანსი და ვერ გამოიყენე…
ადამიანებს თვალს ვუშტერებ და ვაკვირდები, რას ფიქრობენ… ხშირ შემთხვევაში თვალები ადამიანის ფიქრებს ახმოვანებენ. მივხვდი, რომ ზოგიერთი “კატაა”, რომელიც მხოლოდ მაშინ მოვა შენთან, როცა მოფერება უნდა, სხვა დროს კი ზედაც არ გიყურებს… ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არსებობენ. არ მიყვარს, როცა საქმის კურსში არა ვარ და ჩემს ზურგს უკან ვიღაც მოქმედებს, ამავე დროს კი თვალებში ჩაგცქერის და ამხანაგს გიწოდებს. ჩემი აზრით, ცნობისმოყვარეობა ადამიანს ეხმარება, მუდმივად იქონიოს კინტროლი მიმდინარე მოვლენებზე… მე კი ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და ვცდილობ, ყოველთვის მოვლენათა ცენტრში ვიყო და ამ პატარა სამყარომ ჩემ გარშემო იბრუნოს…
მივხვდი, რომ მხიარულს არასოდეს აღიქვამს ხალხი ნიჭიერად, ინტელექტუალად, გონივრად. რატომღაც მიაჩნიათ, რომ, როცა მხიარული ხარ და ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია, იუმორის გრძნობა შეინარჩუნო, არ ხარ სერიოზული… ვიცი, ჩემი სიმხიარულით და, ზოგ შემთხვევაში, არასერიოზულობით ბევრს ვკარგავ. ხალხს აზრადაც არ მოსდის, რომ შემიძლია ვიყო იმაზე მეტად სერიოზული და ინტელექტუალური, ვიდრე _ ნეისმიერი სხვა. თუმცა ამას შეგნებულად ვაკეთებ, რადგან ამ ხერხით ხალხი დავიახლოვე და ეს იმიჯი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით,  ხელს მიწყობს თავის რეალიზებაში… ცხოვრებაში ბევრი რამის მიღწევას ვაპირებ… არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ მომავალში ჩემი შთამომავლობის გარდა აღარავის ვახსოვდე. “სიკვილის შემდეგ ადამიანი სახელს ტოვებს, ვეფხვი _ კი ტყავს” [ფრანგული ანდაზა]. არ მინდა, ამქვეყნად მხოლოდ ერთი საფლავის ქვით მეტი დარჩეს ჩემს შემდეგ…
ვცდილობ, ნებისმიერ ადამიანთან გამოვნახო საერთო ენა და, ყველაფრის მიუხედავად, ვიმეგობრო. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის ასაკს. ალბათ, სწორედ ამ თვისებამ მიბიძგა, ჩამებარებინა საერთაშორისო ურთიერთობებზე…
კიდევ ორი დღე გავიდა და სამყარო დამიმძიმდა. ყოველი მზის ამოსვლისას რაღაც ახალს ვეძებ მასში, მაგრამ იმედგაცრუებული ვაშორებ თვალს _ სამწუხაროდ სამყარო ისთივეა, როგორიც დავტოვე გუშინ, გუშინწინ და ერთი წლის წინ. სწორედ ასეთ დროს სჭირდება ადამაინს განწმენდა, დეზინფექცია დაგროვილი უამრავი უსარგებლო ინფორმაციისაგან…
რაღაც მომენტში ვამჩნევ, რომ რაც უფრო ვიზრდები, შეცოდების უნარი მიქვეითდება და ყოველსიტუაციას ცივი გონებით ვსაზღვრავ. ეს დაახლოებით ასეთი რამეა: მწვერვალის ყინულიან პიკზე იდგე გახდილი და არაფრის მაქნის მზეს ეფიცხებოდე, ყინული კი გივლიდეს ძვალსა და რბილში, შენ კი ვერაფერს გრძნობდე, რადგან შიგნიდან უკვე დიდი ხანია, ყინულმა დაგფარა… ვცდილობ გავექცე საკუთარ აჩრდილს, ის კი არ მნებდება და თავგამოდებით მომდევს უკან. უფრო და უფრო ხშირდება სიტუაციები, სადაც გადაუწყვეტელი დილემები პირში მეკრიჭებიან და მაღიზაინებენ. მათთან ყოველი შეხვედრა კი მცირე დამარცხებებით მთავრდება… დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი დროს ერთი წლით უკან, რომ ის საკვანძო მოვლენები ასოთხმოცი გარადუსით შემომებრუნებინა… რაღაც დაპროგრამებულ, უამოციო რობოტს ვამგვანებ თავს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი ვინმე მართავს. არ მინდა ასეთი ვიყო. დახმარება მჭირდება იმ ადამინების მხრიდან, რომლებიც ყველაზე ძალიან მიყვარს, რომლებიც უსიტყვოდ მიგებენ და არაფერს მოითხოვენ ჩემგან… არ მინდა, ვიყო ყველასათვის, მაგრამ ჩემი მომავლიდანვე გამომდინარე, მიწევს ყველასთვის ნაძალადევი ღიმილი და “დიახ, გენაცვალე… თქვენ, როგორც ინებებთ… აუცილებლად გნახავთ…” და ამის მსგავსი ფრაზების ჩემდაუნებურად თქმა… მე ბევრი რამ ავიღე საკუთარ თავზე, მაგრამ “ახალგაზრდებს ასე სჩვევიათ: საკუთარ საზღვრებს აწესებენ და არც კითხულობენ გაუძლებს თუ არა ორგანიზმი და ორგანიზმიც ყოველთვის უზლებს…”/კოელიო/. მე მირჩევნია, ვიყო ნაპირებს გადმოსული შადრევანი  და არა ავზში ჩაგუბებული წყალი, რომელიც ადრე თუ გვიან უსაქმური ბაყაყებს ბასეინი გახდება, მაგრამ არც ის მინდა, რომ გადავიწვა, ჩემმავე ენერგიამ მიმტყუნოს და ისევე მალე ჩავქვრე, როგორც ავენთე… ადამიანი იმის მიხედვით ფასდება, თუ რა გაუკეთა მან თავის სამშობლოს და საერთოდ _ კაცობრიობას. მე თუ არაფერს გავაკეთებ, ამით არც არაფერი დაშავდება; კაცობრიობა უჩემოდაც იმავე ტემპით გამოიგონებს ახალ რაღაცებს, ექნება ტექნიკური მიღწევები მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს არ გამოიგონებს და აღარაფერი დარჩება შესაქმნელი და ადამიანიც თავიდან გამოიგონებს ნაჯახს, ავტოკალამს და თუნდაც ველოსიპედს, მაგრამ, ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში არ მოხდება და მეც იმედს ვიტოვებ, რომ უჩემოდ არ გამოიგონებენ ყველაფერს და რაიმე წვლილს შევიტან კაცობრიობის ისტორიაში. მე მინდა, რომ ელემენტარული მისიონერი ვიყო და მართლაც ზოგიერთივით არ დავამძიმო ტყუილად ჩვენი ბებერი დედამიწა… მსოფლიოს უჩემობით არაფერი დააკლდება, აი, მე კი ყველაფერი დამაკლდება უმისოდ…
                                       [18.04.2006 / 22:36]

June 3, 2009

წერილი მკითხველს #3 სახელწოდებით “ადამიანებო!”

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

წერილი მკითხველს #3
სახელწოდებით “ადამიანებო!”

წერილების დასათაურება კარგი იდეაა, მაგრამ რატომღაც სათაურს ხშირად ავცდები და ხოლმე და არ დამძრახო, ეს ჩემი ფიქრების ბრალია.
ადამიანებო, იყავით აქტიურები და წარსულში დატოვეთ ის დრო და ცხოვრების სტილი, სადაც “ზემოდან” გკარნახობდნენ ცხოვრების ინერტულ წესს. ნუ მოგერიდებათ, თქვათ, რომ გიყვართ ან გძულთ რამე; არ გიდა ეს და გინდა ის. ნუ გექნებათ ძალით კომპლექსები. კომპლექსი ძალიან საინტერესო თემაა, თუმცა ჩემი ნაწერი არ ემგვანება სტატიას. ეს იქნება უფრო გულახდილი საუბარი.
კომპლექსი მრავალნაირია: ზოგი – სასაცილო, ზოგი _ სატირალი და ასე შემდეგ. მე პირადად კომპლექსი, როგორც ასეთი, არ მაქვს და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ უკომპლექსო ადამიანი ვარ, მაგრამ უკომპლექსობას ზომიერების გრძნობა უნდა აკონტროლებდეს და კომპლექსებისგან თავისუფლება გახრწნილობას არ უნდა ემსგავსებოდეს.
ჩემს თანატოლებს ასეთი ფორმის თვითშეზღუდვები უფრო ნაკლებად ახასიათებს, ვიდრე – ათი წლით უფროს თაობას. აი, თქვენ და თქვენი თაობა ვერ გამოთქვამდით ჩვენს ასაკში თავისუფალ აზრებს ისე, როგორც შეგვიძლია ჩვენ. თაობების ცვლილებასთან ერთად იცვლება მსოფლმხედველობა, თვისებები, ფასეულობები და გამბედაობის გრძნობა მატულობს. ეს ნამდვილად ასეა.
კომლექსები თვითგამოხატვის, განსხვავებულობის, ორიგინალურობის და, რაც მე ყველაზე მეტად მაღიზიანებს, კომპლექსი სახელწოდებით “სხვები რას იფიქრებენ ან რას იტყვიან?” მართავენ თანამედროვე ახალგაზრდობას. კომპლექსებისა და სტერეოტიპების მსხვრევას მაქსიმალურად უწყობს ხელს ტელევიზია. ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ოდესმე უხმარიათ ამ სენის წინაღმრდეგ. ყველაზე ბანალური მაგალითი რომ მოგიყვანოთ, თქვენც მიხვდებით: რეალითი შოუ “ამტანი”. როგორი იყო საზოგადოების აზრი? “როგორ შეიძლება გამოიტანო სააშკარაოზე შენი ცხოვრება?” შემდეგ “ჯეო ბარი”. საზოგადოებას აღარ გაუჩნდა იგივე შეკითხვა, არამედ: “როგორ შეიძლება ასეთი კადრების ჩვენება?” ცოტა ხანში “ჯეო ბარის” კადრებსაც შეეჩვივნენ და მომავალში ხალხს სხვა რამ გააღიზიანებს. ის, რასაც ესა თუ ის უკომპლექსო ადამიანი სხვების დასანახად გააკეთებს ორჯერ-სამჯერ, კარგავს თავის მნიშვნელობას და ხალხი ჩვეულებრივად აღიქვამს, ზოგიერთი გამბედავი ადამიანი კი ამ კომპლექსებისგან თვითონაც თავისუფდება და ძველი სტერეოტიპები თვალსა და ხელს შუა ქრება.
ქართველი ხალხი ძალიან ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში და ჩვენი ყველაზე დიდი ჭირი ისაა, რომ ყველეფერ ახალს გავურბივართ და “შეჩვეული ჭირი გვირჩევნია შეუჩვეველს”. ესეც კომპლექსია. სიახლისგან გაქცევის კომლექსი. ამ ტემპებით “შორს ვერ გავფრინდებით”.
ბევრ ჩემს თანატოლს აქვს თავის ნიჭის გამჟღავნების კომლექსი. ბევრი ნიჭიერი პოეტი თუ მწერალი კარგავს შანსს იმის გამო, რომ სხვის აზრზეა დამოკიდებულიდა და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო უგვიან- დება თავის წარმოჩენა.
“ყოველ კაცს აქვს მთვარესავით გაუნათებელი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს”[მარკ ტვენი]. ეს ესედაც უნდა იყოს, მაგრამ ქართველები ახალ მთვარეს უფრო გვანან, რომლის მხოლოდ ერთი მეასედია განათებული, დანარჩენი კი ყველასთვის დაფარულია და ხშირ შემთხვევაში თავის თავსაც კი არ აჩვენებს ხოლმე გაუნათებელ მხარეს. ასეთი გულჩათხრობილი და კარჩაკეტილი ცხოვრება არ არის სასურველი ისეთი ნიჭიერი ხალხისთვის, როგორიც ქართველია.
რა თქმა უნდა, კომპლექსებისგან განთავისუფლება და უსარგებლო სტერეოტიპების მსხვრევა, არ უნდა შეეხოს ტრადიციებს, რომელიც ქვეყნის კულტურისა და სულიერების საძირკველია.
არ ვიცი ჩემს “ნაუბარს” თუ შეისმენს ვინმე, მაგრამ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ, რადგან ჩემი სათქმელი ვთქვი. გამგები გაიგებს, ზოგიერთი თავის თავსაც ამოიცნობს და იქნებ სცადოს კიდეც ამ უაზრო შებოჭილობისგან თავის გათავისუფლება… დატკბით ცხოვრებით და ისწავლეთ ყოველი დღიდან სარგებლის მიღება.
არ მიყვარს ჩემი კუთვნილი ნივთების გაჩუქება, ის, რაც ჩემს ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. იმიტომ, რომ ისინი მე მიცნობენ და მე ვიცნობ მათ. არ მინდა, ჩემი სულის ნაწილი ვინმეს ედოს მტვრიან თაროზე ან, უარეს შემთხვევაში, სადმე – უსარგებლო ნივთებით სავეს უჯრაში მიუჩინონ ადგილი…
ადამიანებო, მინდა, უამრავ რამეზე გესაუბროთ, მაგრამ თითქოს რასაც ვფიქრობ, იმას ვერ გადმოგცემთ. ძნელი ყოფილა შენში არსებულ თემებზე საუბარი. ხშირად მაჩვენება, რომ ეს მთელი ცხოვრება ჩემივე წარმოსახვის ნაწილია და რაღაც მომენტში გამომეღვიძება სულ სხვა სამყაროში. ის ზოგიერთი მოჩვენებითი ვითომ კეთილის მსურველი და მეგობარი, რომელმაც გული მატკინა, სიზმარს ჩაბარდებოდა და რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად  კეთილის მსურველები და მეგობრები იქნებოდნენ, მაგრამ ასე არ ხდება… ვაი, რომ ნამდვილი სიყვარულიც არ არსებობს. ვეთანხმები, რომ სიყვარული ღმერთია და ასეთი რამეც მაქვს დაწერილი:”…და სიყვარულის ქვეყნად ღირსიც მხოლოდ ის არის, ვინაც ეს გრძნობა თვით უფალში აღმოაჩინა…” სიყვარული სწორედრომ ღმერთშია და ჩვენ ტყუილად ვეძებთ ამ გრძნობას საპირისპირო სქესში. შენ, რა თქმა უნდა, შემეწინააღმრდეგები, ღმერთმა ადამიანი ხომ თავის ხატად შექმნაო. დიახ, შექმნა, მაგრამ დიდი ხანია ხალხმა დაკარგა ეს მადლი და ღმერთს დაშორდა. ღმერთთან დაშორება კი სიყვარულის დაკარგვის პირდაპირპროპორციულია…
განმარტოება მავიწყებს იმ ყველა პრობლემას, რაც მამძიმებს. ღამით გრილ ამინდში ყველასგან განმარტოებით დავწვები მიწაზე და თავზე დაგნათის ვარსკვლავთა ფარა, ხან ართი შემოგცინებს, ხან – მეორე. შენ კი თითქოს ქვავდები, რაღაც მომენტში პაუზდები, აღარ გესმის გვერდით, სიახლოვეს მეგობრების ხმაური… ასეთ დროს ჩემში ორი ადამიანი ჩნდება და საუბრობენ სხვადასხვა თემებზე, ბჭობენ, კამთობენ და პრობლემების მოგვარებას მიადვილებენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ორი ადამიანი მუდმივად იცვლის ხოლმე იერს და ხან ვინ არიან, ხან – ვინ. მე კი მათ საუბარში არ ვერევი, უფრო სწორად – არ მრევენ. მიყვარს ჩემ ბიძაშვილთან საუბარი, რომელიც ჩემი ერთადერთი მესაიდუმლეა. ის არის მესამე ამ საინტერესო საუბარში… იფიქრებთ, მგონი, გიჟის ნაწერს ვკითხულობო, მაგრამ მერწმუნე, საინტერესოა, როცა უსმენ, სააკაშვილი და პუტინი, როგორ საუბრობენ ჩემზე და ჩემს პრობლემებზე და სახავენ მათი გადაჭრის გზებს… სახალისოა… თითქმის ასეთივე სახალისოა ჩემი სიზმრებიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ დატვირთვას ატარებენ. ვხედავ ხოლმე ცნობილ ადამიანებს, რომლებთანაც სიზმარში ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. ირაკლი ჩარკვიანმა რომ მეფე დაირქვა, იმ დღეებში უცნაური სიზმარი მეზმანა… ჩემი სკოლის წინ ღამით ვიდექით მე და მეფე. უცებ ცაზე მილიონობით კომეტამ “გადაიბრწყინვალა” და ირაკლიმ სიჩუმე დააღღვია… სახელი მკითხა… არ ვიცი, საიდან, მგრამ ხელში ორი უძვირფასესი ხმალი გაუჩნდა. ერთი, როგორც აღმოჩნდა, მას ეკუთვნოდა, მეორე კი, რომელიც პირველის ზუსტი ასლი იყო, მე გამომიწოდა და დამლოცა… ცოტა ხანში უნივარსიტეტში ჩავაბარე… არ მინდა, ვინმემ მეფის სიტყვებში მიგულისხმოს:”…ვიცი რა, ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბევრი დეგენერატი გამოიდებს თავს და… ათასგვერ სისულელეს მოჩმახავენ და ეს მონაჩმახები ვიღაც მშვენიერ კეკელ-მაროებს შეიძლება აყიდონონ კიდეც…” უბრალოდ მე “მეფეს” პატივს მივაგებ და ჩემი სიტყვებით მადლობას ვუხდი, იმისათვის, რომ მან რაღაც თავისი ნაწილი მიწილადა, თუნდაც სიზმარში… ეს იყო ერთი წლით ადრე მის გარდაცვალებამდე…
ბოლო სიზმარში, გაგეცინებათ, მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა გარკვეული მისია დამაკისრა. ჯერჯერიბით ვერ ვხვდები, ეს რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ მომავალში გაუხსნელი კარტები არ რჩება და ყოველივე დაფარული აშკარა ხდება. ჩემი მოვალი წარმატების მჯერა…
სათაური გამახსენდა… კვლავაც ავცდი, ადამიანებო!
პირველობისკენ სწრაფვა თითქმის ყოველ თავმოყვარე და ნორმალურ ადამიანს ახასიათებს, თუმცა ცოტაოდენი თუ ხმარობს ღონეს მის მისაღწევად. ბავშვობისდროინდელ საოჯახო ვიდეო მასალებში დავაკვირდი ჩემს თავს და შევამჩნიე, ყველგან პირველობას ვიჩმებ. ღმერთმა დამაჯილდოვა ლიდერობისა და ორგანიზებულობის ნიჭით და მეც ამას ჯერჯერობით მაქსიმალურად ვიყენებ. პირველობას, რა თქმა უნდა, პოპულარობა მოსდევს. ფენომენი, რომელიც ყოველი ადამიანისათვის სასურველია; ყურადღების ცენტრში ყოფნა და უცნაური ადრენალინი, რომელიც ნარკოტიკივით მიჩვევადია. ერთხელ თუ ახვედი ამ მწვერვალზე, უნდა ეცადო და იქვე დაბანაკდე… ბევრისთვის პოპულარობა დამღუპველი აღმოჩნდა, ბევრისთვის კი, პირიქით, მასწავლებელი და აღმზრდელი. ეს არის საკუთარი თავის სხვა კუთხით დანახვის სშუალება, კარგის გამოჩენის და ცუდის დათრგუნვის წამალი; პასუხისმგებლობის გრძნობის მატება რამდენჯერმე, რასაც მრავალმა ადამიანმა ვერ გაუძლო და პოპულარობის მწვერვალიდან პირდაპირ მართკუთხა ფორმის გათხრილ ორმოში გადაინაცვლა…
ადამიანებო, “როცა რაიმე მთელი არსებით გსურთ, მთელი სამყარო ხელს შეგიწყობთ თქვენი სურვილის ასრულებში,“ რადგან მთელი სამყარო თქვენ ხართ. კაცობრიობა შედგება ერთეული ადამიანებისაგან, რომლებიც თავის სურვილისამებრ მართავენ კაცობრიობას. ადამიანი თავისთავად პატარა სამყაროა. ღმერთმა ერთ ინდივიდში ჩატია მთელი სამყაროს იდუმალება და არსი, რომელსაც ჩვენ ჯეროვნად ვერ ვიყენაბთ… ხალხი პატარა ელექტრო სადგურებია, რომლებიც თავიანთი ცხოვრებიდან, ქცევიდან, ემოციიდან, საუბრიდან გამომდინარე გამოიმუშავებენ ანერგიას, რაც ასე საჭიროა ჩვენი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ძველ და მუშაობისუუნარო ქარის წისქვილებს, რომლებიც ხალმა დაივიწყა და თვითონაც კი აღარ ახსოვთ, რატომ, რა მიზნით შექმნეს ვიღაცებმა ამქვეყნად. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მანქანები, რომლებიც არანაირ გარე მოვლენაზე არაა დამოკიდებული და მუდმივად მუშაობს, მუშაობს, მუშაობს. არ იფიქრო, რომ დიდი გამოცდილება მაქვს; მე უბრალოდ ერთი ახალგაზრდა ვერ, რომელსაც დიდი დრო გაუტარებია ამაზე ფიქრში და ახლა, როცა ამას ვწერ, მე თვითონაც ყველაფერს ხელთავიდან ვსწავლობ, ვითვისებ, ვისრუტავ და, როდესაც ეს ყველაფერი ჩემში არსებულ ცარიელ ადგილს პირამდე აავსებს, ვულკანივით ამოვხეთქავ, ატმოსფეროს ავხლეჩ და ფართობზე გავიშლები, რომ თავიდან დავიწყო მზადება მომავალი ამოფრქვევისთვის…
                                           [04.04.2006]

May 30, 2009

წერილი მკითხველს #2 სახელწოდებით “ყველაფერი ყველაფერზე…”

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

 წერილი მკითხველს #2 სახელწოდებით “ყველაფერი ყველაფერზე…”

დაისვენე? იცი? მეც დავისვენე… ეს წერილი უფრო მშვიდი და რაფინირებული იქნება. მინდა, მცირეოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემს ბავშვობაზე, რომლის ადრეული წლების შასახებ მხოლოდ ფრაგმენტული ნაწილები შემომრჩა მეხსიერებაში. ჩემი ბავშვობა ბედმა სამ ქალაქში გაანაწილა: ჭიათურა, ანუ, როგორც ერთ-ერთმა იტალიელმა ტურისტმა აღნიშნა, “საჰაერო ვენეცია”, მოსკოვი და თბილისი. მოსკოვი ძალიან კარგად დამამახსოვრდა. აი, თბილისთან შეგუება კი გამიჭირდა, უამრავი პრობლემა დამხვდა და მეგობრები დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევიძინე. დღესდღეობით უკვე ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვარ, ან არც ისე ჩვეულებრივი… ეს ფორმალური გაცნობის ცერემონია არ მინდა დიდხანს გაგრძელდეს და უფრო საინტერესო თემებზე ვისაუბროთ, მაგალითად ხალხზე: მწერლებზე, პოეტებზე, პოლიტიკის ლეგენდებზე, მუსიკოსებსა და სხვაზე… პაოლო კოელიო წაგიკითხავთ? იცით რა მომწონს? ის, რომ წერს ცხოვრებაზე თავის ცხოვრებიდან გამომდინარე. წერს ცხოვრებაზე ისეთზე, როგორიც არის სინამდვილეში და, როგორსაც ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ ან უფრო არ ვამჩნევთ. მას სჯერა ღვთიური ნიშნებისა და ბედისწერის და აქვს თავისი ფილოსოფია. ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც რადიკალურად შემცვალა და დამეხმარა, ჩემი პიროვნების საჭე ხელთ ამეღო და თავის მართვა მესწავლა. მესწავლა ლავირება პრობლემებსა და წინააღმრდეგობებს შორის. ახლა მე ვიცი, რომ “ტიტანიკივით” აღარასოდეს ჩავიძირები და ყოველ აისბერგს ავცდები. მოკლედ, მოსახდენი მოხდა… და წარსულში დარჩა პასუხგაუცემელი კითხვების ჯაჭვი, რითაც მჭიდროდ ვიყავი მიბმული გარდასულ წლებზე. მე გამოსავალი ვნახე… მაგრამ… გავიდა ერთი წელი და მე წავიკითხე კოელიოს “ზაჰირი”. პაოლო წერდა, რომ წარსულში არ უნდა არსებობდეს დაუსრულებელი ამბები და პასუხგაუცემელი კითხვები. რაც უნდა იყოს, ამბავი უნდა დასრულდეს. ამისათვის კი წარსულში დაბრუნება მოგვიწევს. თავსგადახდენილი პრობლემური ამბავი უნდა გაათავისუფლო, გამოუშვა. მოუყვე ათჯერ ათ ადამიანს, დაწერო დახიო, დაწერო დაწვა, დაწერო გადააგდო, დაწერო სხვებს მისცე და ასე რამდენჯერმე, სანამ ეს ამბავი არ გაზეპირდება და შენთვის უკვე სრულიად ინდიფერენტული არ გახდება და აღარ მოგინდება თუნდაც გახსენება, რადგან ეს შენთვითონ არ დაგაინტერესებს. ეს მისი ფილოსოფიაა, მაგრამ მე ეს ერთი წლით ადრე გავაკეთე, სანამ ამის შესახებ შევიტყობდი. სწორედ ამიტომ მივხვდი, რომ ეს პიროვნება ჩემთვის ისეთივე ახლობელია, როგორც თვითონ ჩემი თავი. ალბათ მიმიხვდი. მისი მსგავსი სტილი აღმოვაჩინე ქართველ მწერლებშიც: დოჩანაშვილის _ “სამოსელი პირველი”, დუმბაძის _ “მარადისოის კანონი”. რატომღაც მჯერა, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა უთუოდ საინტერესო იქნება და, თუ შესაძლებლობა მომეცემა, გავიცნობ კიდეც. მე მჯერა, რომ ვიქნები ოდესღაც პოპულარული და ხალხი ჩემზეც იმავეს იტყვის. იტყვიან, რომ ჩემი წიგნები ცხოვრებისეულია… აზრები ერთმანეთს ყოველწამიერად ცვლიან და ხან რომელს ვეჭიდები, ხან _ რომელს. ძნელია ამ ცხოვრებას თვალებში ჩახედო, როცა შენ თვითონაც ცხოვრებას დანისლული სათვალეებით უყურებ, ის კი მზერასაც არ გაპყრობს, არ გეხმარება მკაფიოდ ხედვაში და, პირიქით, უფრო გიორთქლავს ისედაც დაბინდულ სათვალეს. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ _ აუსრულებელი ოცნებების ქვეყანაში ან იქნებ _ ოცნებათა აუსრულებელ ქვეყანაში… ეს კიდევ საკითხავია… ქვეყანა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გაბრწყინდება ან უკვე გაბრწყინდა, ჩაქრობა მოასწრო კიდეც და თავს მხოლოდ და მხოლოდ მცირედი გამონათებებით იკმაყოფილებს. ვიცი, გეწყინა ამის მოსმენა. მეც მეწყინა, როცა იმავეს მივხვდი, მაგრამ გულში ჩავიხედე, მივქექმოვქექე ფსკერზე დალექილი ოცნებები, ფიქრები და პატარა “პანდორას” ყუთს მივაგენი, რომელშიც მხოლოდ იმედიღა დამეტოვებინა და ის, როგორც არასდროს, ისე ცდილობდა, არ ჩამქრალიყო… ჯერ კიდევ ბჟუტავდა… არ მინდოდა, ეს ერთი ციდა იმედის ნაპერწკალიც სადისტურად ჩაექროთ და ზემოდან ისევ აუარება არავისთვის საჭირო ფიქრებსა და აუსრულებელი ოცნებების გროვას ვაყრი… მეცოდება ჩემი თავიც და ჩემი ქვეყანაც… მაგრამ ვის ვეცოდებით ჩვენ ორნი? _ არავის, _ შენდაუნებურად მიპასუხებ შენ. მართალი ხარ. ჩემი მშობლების თაობას დაკარგულს ვეძახი. იმიტომ, რომ ისინი აღარავის სჭირდებიან. მამაჩემი იძულებული იყო, რომ საზღვარგარეთ ემუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ობოლი არ ვიყავი, მაინც უმამოდ გავიზარდე… დედა პოეტია, რომლის ლექსებსაც მხოლოდ რვეულები და მისი მეგობრები იცნობენ… კოელიოს ერთ-ერთი პერსონაჟი ღმერთს შეეჭიდება და დალოცვას სთხოვს, როგორც იოანე ღმერთს შეეჭიდა და ღამით დაწყებული პაექრობა დილითY ღმერთმა დალოცვით დაასრულა. მან იოანე ვერ დაამარცხა, რადგან რწმენა ჰქონდა. მეც იმავე გზას დავადექი. როცა ქუჩაში მარტო დავდივარ, ან ეკლესიაში შევდივარ, ან როცა უბრალოდ მარტო ვარ ხოლმე, ღმერთთან იმპროვიზირებელ საუბარს ვაწყობ. ერთ-ერთ ასეთ საუბარში ღმერთს გავუმხილე, რომ მას შევეჭიდებოდი და დავუმტკიცებდი, რომ მეც ვარ მისი დალოცვის ღირსი. დარწმუნებული ვარ, რწმენა მეყოფა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო, სხვისი წესებით არ ვითამაშო და ახლობლებისა და ვიღაც-ვიღაცების დაუხმარებლად მივიდე დასახულ მიზნამდე. ღმერთი ვიცი, კმაყოფილია ჩემი შეუდრეკელობით. ჯერ კიდევ ბავშვობაში მიზნად დავისახე ისეთ სპეციალობაზე ჩაბარება, რომელზეც მოხვედრა სასწაულის სფეროს განეკუთვნებიდა. ბევრი ხვეწნა მუდარის მიუხედავად, მაინც აქ ჩაბარება გადავწყვიტე და მიზანს მივაღწიე კიდეც. ვიცი, ყველა მიზანს მივაღწევ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, და ცხოვრებას ჩემი წესებით თამაშს ვაიძულებ. ეს დღესდღეობით გამომდის, მაგრამ არ ვიცი, მომავალშიც გამომივა, თუ _ არა. უნდა შევისვენო… შემდეგ განაგრძე კითხვა…

May 22, 2009

წერილი მკითხველს #1 სახელწოდებით “გულახდილი…”

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41
სახელწოდებით “გულახდილი…”

ვერ გეტყვით, რატომ გადავწყვიტე მთელი ამ სისულელის დაწერა, მაგრამ რაღაც არ მასვენებდა და… ახლა ვუზივარ წიგნებით, რვეულებით, ფურცლებით, დისკებითა და სხვა მრავალი უსარგებლო ნივთით სავსე მაგიდას… ჩემი მუზები ასეთ გარემოში იკეთებენ ხოლმე ბუდეს და წიგნების გორებზე შემომსხდარნი მესვრიან აზრებს…
ვიცი, აბსურდულ თემებზე გესაუბრებით, მაგრამ თუ არ წაიკითხავთ, არც ეს მეწყინება. ესე იგი, თქვენ ჩემნაირი არ ხართ, ხოლო არაჩემნაირებმა რომ ეს წაიკითხონ, მე თვითონაც არ მომეწონებოდა…
იცი, რა უცნაური ხასიათის ადამიანი ვარ? ყველა გარემოში სხვადასხვა ტყავს ვიცვამ და ვამართლებ ანდაზას “სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო”, მე კი ამას არამარტო სხვადასხვა ადგილებში ვაკეთებ, არამედ ყველა ადამიანთან სხვანაირი ვარ: სახლში ბუზღუნა, მეგობრებთან მხიარული (უფრო უკომპლექსო-გიჟური), სხვაგან გულჩათხრობილი, სულ სხვაგან კი - რომანტიკოსი და ფანტაზიორი… გააჩნია სადა ვარ და ვინ მყავს გვერდით. რაღაც ნდობის მაგვარზე ვარ დამოკოდებული და სხვადასხვა ადამიანებთან ჩემდაუნებურად სხვადასხვანაირად “ვიხსნები”. მგონი, ძალიან გულახდილი ვარ. არაფერია. მინდა, რომ უკეთ გამიცნოთ. გინდათ, გითხრათ, რა მომწონს? Ok: მომწონს მუსიკა ყოველთვის ყველაფერში ყველანაირი ფორმით. აი, ახლაც “Scorpions”-ის ლაღ როკს ვუსმენ და ვმშვიდდები; მომწონს მეფე ირაკლი ჩარკვიანი - მწერალი, მუსიკოსი და პიროვნება მთელი მისი მსოფლმხედველობით; მომწონს კანტის ფილოსოფიური მსჯელობა დაროსა და სივცეზე, როგორც წინასწარმეტყველების საშუალებაზე; მომწონს ქართველი მწერლები; მომწონს ჩემი კარიკატურა, ზალიკომ რომ დამხატა; კიდევ? კიდევ მომწონს ჩემი თავი დადებითი და უფრო უარყოფითი თვისებებითა და მძიმე ხასიათით (ნამდვილად არა ვარ თავმდაბალი); მომწონს ჩემი ამბიციურობა; მომწონს თბილისი “სინათლის ქალაქი” და გოგონები… ეს ჩემი “აქილევსის ქუსლია”; მომწონს პოპულარობა და ეს ისე მჭირდება, როგორც ჰაერი და წყალი; მომწონს უკომპლექსო, მეგობრული, კომუნიკაბელური და იუმორით აღსავსე ადამიანიბი. ისე, მკითხველო, შენ თუ ბოლომდე წაიკითხავ ამ აბდაუბდას, შენც მომწონხარ; თუ გამიგებ და იტყვი, როგორ მგავსო, მაშინ უნდა გაგიცნო.
თითქმის არ მაქვს პირადი ცხოვრება და არ მყავს ისეთი ახლობელი და საყვარელი ადამინი გვერდით, რომელიც შემიქმნიდა ჩემი პირადი ცხოვრების საძირკველს. ვარ საზოგადო, სახალხო ადამიანი, როგორც ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი იტყოდა. ვარ მეოცნებე… ოცნებების ასრულება-არასრულება რომ ფულზეა დამოკიდებული, გულს მიკუმშავს. მოკლედ ოცნებების 99% აუსრულებელი დამრჩენია და ეგ არის…
მყავს უამრავი ნაცნობი და მეგობარი, იმაზე მეტი ვიდრე შენ წარმოიდგინე ახლა გონებაში, მერწმუნე გაცილებით მეტი…
დაიღალე?
ეგ არ გამაგონო. დაღლა ყველაზე არასასიამოვნო რამაა ჩემთვის. ასე, რომ ყოველთვის მუშა მდგომარეობაში ვარ. შენც არ დაიღალო და იკითხე ისე სწრაფად, როგორც შეიძლია. იკითხე განურჩევლად ყველაფერი და ყოველთვის ჩაიწერე წაკითხული წიგნის სათაური, ავტორი და რამდენი ხნის განმავლობაში კითხულობდი. აგროვე ერთი შეხედვით გამოუდეგარი ნივთები, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგადგება. არასოდეს მოექცე სხვისი აზრის ქვეშ და, თუ რამეს იტყვი, არასოდეს შეიცვალო პოზიცია, თორემ, ჩემნაირი ადამიამიბი ჩათვლიან რომ უნებისყოფო ხარ. არ ილაპარაკო გაზეპირებული ფრაზებით. რასაც ამბობ შენი გულიდან უნდა მოდიოდეს, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ღამით, ძილის წინ, ფიქრისას არ დატუქსო შენი თავი შენივე სიტყვების გამო…
ისე, რომ იცოდე, ვხტავ კიდეც. ჩინელებს აქვთ ასეთი ტრადიცია (ან, მგონი ტიბეტელებს): როცა ბავშვი მიაღწევს 1-2 წლის ასაკს, წინ დაუდებენ სხვადსხვა ნივთს: წიგნი, ფუნჯი, სკიპტრა, ჩაქუჩი, თოხი, ხმალი და, რასაც აირჩევს დაუფიქრებლად და გაუაზრებლად (ამ ასაკში ადამიანი ხომ ინსტინქტებით მოქმედებს), ის იქნება მისი მომავალი პროფესიის იარაღი. ასე ირჩევდნენ დალაი ლამებსაც, თუკი ბავშვი სკიპტრას აიღებდა. ეს ტრადიცია, სხვათაშორის, ბებიაჩემსაც აქვს და პატარაობაში მეც გამოვუცდივარ: თავდაპირველად ამიღია ფუნჯები და საღებავები, მერე - წიგნი. ბოლოს ორივესთვის მომიკიდია ხელი და გულში ჩამიკრავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვამართლებ კიდეც ჩემს ინსტინქტურ ნაბიჯს და არცერთს არ ვტოვებ უყურადღებოდ.
სამომავლოდ ვუმიზნებ პოლიტიკაში. ბევრი მეუბნება, რომ პოლიტიკისთვის ზედმეტად მიამიტი და “სუფთა” ვარ. მაგრამ ეს ჩემი მიზანია… ძალიან მიყვარს ლაპარაკი არა?
დაიღალე?
დაგავიწყდა, რაც გითხარი?
კაგრი. ამჯერად შევწყვიტოთ… დანარჩენს მეორე წერილში მოგწერ…
მომავალ წაკითხვამდე…

Theme: Rubric. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.