K G B-ს დღიურები

April 29, 2010

საავტორო უფლებები


Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

გადავწყვიტე, დამეწერა საავტორო უფლებების შესახებ. როცა დავინტერესდი ამ საკითხით, ეს, დაახლოებით, 2 წლის წინ მოხდა, ვფიქრობდი, რომ პრობლემა იყო ხალხის, იუზერების მიერ ამ კანონის არცოდნაში და უპატივისმცემლობაში. თუმცა პრაქტიკამ მაჩვენა, რომ საავტორო უფლებების შესახებ არანაკლებ გაუთვიცნობიერებლები არიან თვითონ ავტორები და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტადაც სცოდავენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ ნაწარმოებებს იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით.

პირველი ფაქტი მსგავს დარღვევასთან ჩემ მიმართ იყო 2008 წელს. მე მოყვარული ფოტოგრაფი ვარ და ეს ჩემი ჰობია. გადაღებულ ფოტოებს ვათავსებ ძირითადად ქართულ ფოტო გალერეებში, როგორებიცაა: www.boke.ge
; www.photolife.ws ; www.graf.ge ; www.pixkik.ge ; და აგრეთვე უცხოურ საიტზე: www.flickr.com ; მოგეხსენებათ საიტებს თავიანთი ფორუმები გააჩნია სადაც აქტიურად განიხილებოდა მრავალი საკითხი, მათ შორის პლაგიატობაც. ერთხელ პერსონალური მესენჯერის საშუალებით ერთ-ერთმა კოლეგამ შემატყობინა, რომ რომელიღაც საიტზე ვიღაც X იუზერს სურათები ჰქონდა ატვირთული და, მათ შორის, ჩემიც იყო რამდენიმე. აქედან დაიწყო ჩემი ბრძოლა ჩემი საკუთარი საავტორო უფლებებსი დასაცავად, რომელიც დღემდე გრძელდება და არამგონია, უახლოეს მომავალში რამე გამოსწორდეს.

როდესაც ხედავ, რომ შენ საკუთარ ფოტოებს ვიღაც სხვა საიტზე ათავსებს, რა თქმა უნდა, გიჩნდება პროტესტის გრძნობა. შემდეგ ცდილობ, როგორმე მიაწვდინო ხმა იმ იუზერს, რომ ხსენებული ფოტოები წაშალოს და სხვა დროს მსგავსი რამ აღარ გაიმეოროს. შემდეგ იწყება ახსნა განმარტება თუ რატომ უნდა წაშალოს, რა არის საავტორო უფლებები, რატომ არა აქვს მას უფლება ამ ფოტოების გამოყენების, მიუხედავად იმისა რომ ისინი საიტზე “იპოვნა” და სხვა.. ამ ყველაფერს მიაქვს დაახლოებით 1 საათი და ნერვები.. ეს მაგალითი ყველაზე მარტივი და მსუბუქი დარღვევის ამსახველი მაგალითია. ასეთები კი თითქმის ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ხდება..

ყველაზე ცუდად საქმე მაშინაა როცა ავტორებს უხსნი, რომ ამ ფოტოების ატვირთვით X-მა საავტორო უფლებები დაურღვია თვითონ ფოტოგრაფებს.. ისინი კი ვერ ხვდებიან, როგორ დაარღვია საავტორო უფლებები ვიღაც X-მა, თუკი მას არანაირი კომერციული მიზანი არ ამოძრავებდა და საიტზე მათი ფოტოების განთავსებით ფული არ აუღია, ანუ უბრალოდ საჩვენებლად და გასართობად ატვირთა რომელიღაც საიტზე სხვისი საკუთრება.. თუ ფული არ აუღია და თუ მოგება არ უნხავას ვინმე X-ს, თურმე ეს დარღვევა არაა.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. რა მნიშვნელობა აქვს, მან მოგება ნახა თუ არა, შეიძლება უბრალოდ “გაიმარიაჟა” მაგარი ფოტო “დავსერჩეო” და, საერთოდაც, არ აქვს მნიშვნელობა, რა ამოძრავებდა მას.. მთავარია, რომ მან სენი ფოტო გამოიყენა. გამოყენება კი დარღვევაა უკვე.. სანამ ყველა ავტორი არ “წამოსცხებს თავში” ყველა ასეთ პარაზიტს, მანმადე ფოტოგრაფია ისევ დარჩება განვითარების იმ არასერიოზულ დონეზე, ისეთ დონეზე, რომელზეც შემოსავლის მიღება ამ სფეროდან საკმაოდ მწირია.. მაშინ, როცა ვიღაც ხედავს, რომ შეუძლია ფოტო ისე აიღოს და გამოიყენოს, რომ ავტორს არ ჰკითხოს და იცის რომ ავტორი დიდი დიდი აღშფოთდება და მეტი არაფერი, მაშ რატომ გადაიხდის ფულს?
თუმცა საბედნიეროდ საქართველოში ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ჰორიზონტზე გამოჩნდა “საქართველოს ავტორთა საზოგადოება”, რომელში წევრიანდებიან ავტორები სხვადასხვა სფეროდან და ერთიანი ძალით ებრძვიან დამკვიდრებულ უზნეობას. მათი წევრი გავხი მეც, მას შემდეგ, რაც ჩემ მიმართ რამდენჯერმე დაირღვა უფლებები. საქმე სასამართლომდე მივიდა და 2000 ლარის ოდენობით კომპენსაციაც მივიღე. ერთ-ერთმა ფირმამ ჩემი ფოტო გამოიყენა სარეკლამო “ფლაერზე”, რომელიც აფთიქში ვნახე შემთხვევით.. მივმართე საზოგადოებას და ჩემ ცაურევლად, ყოველგვარ გადასახადის გარეშე მივიღე თანხა. თანხის 20% დარცა საზოგადოებას, დანარჩენი ჩამერიცხა მე. მე დაუსჯელი არ დამიტოვებია დამრვევი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მეორედ მსგავს დაუფიქრებელ ნაბიჯს აღარ გადადგამენ. ყველა ჩემსავით რომ იქცეოდეს, ზალიან მალე ეს სიტუაცია დარეგულირდებოდა, მაგრამ ხედავენ რა დამრღვევები, რომ ამის გამო იშვიათად რომ ვინმე დასაჯონ, იყენებენ ამ დაუსჯელობის მომენტს და მაქსიმალურად არღვევენ ამ უფლებებს.
გამონნაკლისი არაა ჟურნალები, გაზეთები, ტელევიზია და სხვა..
წარმოიდგინეთ ჟურნალისტი, რომელიც წერს სტატიას და რამე სურათს ამატებს ამ სტატიაში გასაფორმებლად.. საერთოდ არ უფიქრდება ერთი წამითაც, რომ შეიძლება, იმ ფოტოს ჰყავს ავტორი.. იგივე ჟურნალისტს, რომ საკუთარი სტატია მოპარო და მეორე ჟურნალში დაუბეჭდო ან ნეტში დადო სადმე, როგორ მოეწონება? გინდაც ტელევიზია ავიღოთ: იყო შემთხვევა, რომ “კომედი შოუ”-ში ერთ-ერთი დეკორაციის ფონად გამოიყენეს ჩემი ნაცნობის ფოტო; ტელეკომპანია “მაესტროზე” ტრიალებდა ვიდეო რგოლები აქციების, რომლებიც ფოტოებისაგან იყო აწყობილი და თითქმის 80% გამოყენებული ფოტოებისა ჩემი ნაცნობ-მეგობრების გალერეებიდან იყო უნებართვოდ აღებული; იგივე გოგი თოფაძის ამჟამინდელი საარჩევნო კლიპები საავტორო უფლებების დარღვევის ნათელი მაგალითია: როცა ბატონი გოგი ხალხს ჰპირდება დასაქმებასა და ფულებს და ამ დროს რევაზ ლაღიძის “თბილისოს” მუსიკას ადებს თავის საარჩევნო რგოლს ისე, რომ არც არავის ეკითხება და არც ფულს უხდის ლაღიძის ოჯახს. არადა სულ რაღაც 1000 ლარის გადახდა დაჭირდებოდა, თუმცა არ გადავიხდიო. აუარება დარღვევებია ჯეოსტარის საკითხში და საერთოდ ჯეოსელს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს ავტორებთან; კიდევ სხვა საქმეა, ფილმებში გამოყენებული მისიკალური ნაწარმოებები; რესტორნები, სადაც დილიდან დაღამებამდე მღერიან სხვადასხვა ავტორების სიმღერებს და არანაირ ჰონორარას არ უხდიან ავტორებს..

ზემოხსენებული მაგალითების მსგავსი სიტუაციები უამრავია და, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლი.. უბრალოდ ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ინტელექტუალური ქონება ისეთივე ქონებაა, როგორც ოქრო, ფული, ავტომობილი, ნახატი, წიგნი, სახლი და სხვა. სცადეთ და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც იღებს თქვენს ოქროებს და თვითონ ატარებს, ან ჰყიდის. ფორსმაჟორულ სიტუაციებში კი სიცოცხლისა და საავტორო უფლებები ხელუხლებელია, მაშინ როცა სხვა ქონებრივი უფლებების ხელყოფა კანონით დაშვებულია თუკი სიტუაცია მოითხოვს.. საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან გარკვეული ფიქსირებული პერიოდის განვალობაში.

პ.ს.
ყველაზე საინტერესო ფრაზა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით: ასეთი რამ ხომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს:
“ამ სურათის საავტორო უფლებები მე არ მეკუთვნის, თუმცა ავტორმა ხელისუფების დახმარების გარეშე უნდა დაიცვას თავისი უფლებები”.
რას ნიშნავს ეს? ანუ არ მიჩივლოს და, თუ ერთი ადგილი აქვს, თვითონ დაიცვას თავის თავი სასამართლოს გარეშეო? ანუ კანონი ნუ ჩაერევა და ავტორი ფეხებს ვერ მომჭამსო..

http://2kija.eu/2010/04/17/4549/

ნუ უკარგავთ ავოტორებს ნაწარმოებების შემქნის სურვილს !

March 12, 2010

სიყვარულს ვეძებდი…


Photo By – Ben Heine
© All rights reserved.
http://www.flickr.com/photos/benheine/ – Ben Heine’s Web Gallery

სიყვარულს ვეძებდი…

სიყვარულის საძებნელად წავედი… გზად საგზალი წავიღე… საკვებად შენი ფოტოები, გაზაფხულისფერი… ჩავიცვი შავი შარვალი, კლასიკური ( სიყვარულის საძებრად მივდივარ ბოლისდაბოლოს ) … იასამნისფერი სიზმრები გადავიცვი და სალათისფერი ხასხასა მწვანე მოგონებები შარფად მოვიხვიე…
კომპასი არ მქონდა… თვალები დავხუჭე და, საითაც გავიხედე პირველად, იქით წავედი…
ლოდინის უდაბნოები გადავიარე…
უძილო ღამეების უღელტეხილიც გადავლახე…
სევდის ზღვას მივადექი… ნაკუწნაკუწ შევაგროვე შენი თბილი სიტყვები, შენი გამოხედვები და ღიმილი… და გემი შევაკოწიწე… იმედის ქარიც აფრებს აფორიაქებული გულივით ბერავდა…
იცოცხლე, ფოტოები იმდენი მქონდა, საკვები არ გამომლევია…
ბევრი ვიცურე თუ ცოტა… ნაპირი გამოჩნდა…
შავთეთრი…
ჩემი გემი, შეკოწიწებული, უარის ტალღამ დააქუცმაცა… უკან გზა მოჭრილია… წინ კი უღიმღამო უფერულობაა… დამრჩა მხოლოდ ერთი ფოტო შუაზე გახეული, სადაც ერთად ვიყავით გადაღებული, მხოლოდ შენი ნახევარი…
მეტკინა, სასწაულად მეტკინა გული…
და მივხვდი, სადაც იყო სიყვარული… მე ის ვიპოვე, მაგრამ შენ ვეღარ გპოულობ…

წყალმა გამორიყა ფსკერზე წასული გემის ნამსხვრევები: ცოტაოდენი შენი ტკბილი სიტყვები, ორიოდე შენი გამოხედვა და ღიმილი ერთადერთი და განუმეორებელი…
ადამიანის გული უძირო ზღვასავითაა… ყველაფერს ინახავს… და უზომო სიყვარულსაც იტევს, თურმე… იმ სიყვარულს, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ვეძებდი…
[მე...]

Theme: Rubric. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.