K G B-ს დღიურები

May 10, 2010

“ქოლგა 2010”, ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან

Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

“ქოლგა 2010”,
ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან

რომ არ დამეწერა ამის შესახებ, ვერ მოვითმენდი…
გუშინ, 9 მაისს, ევროპის საერთაშორისო დღეს, გაიმართა ფოტოკონკურს “ქოლგა”-ს წლის 100 საუკეთესო ფოტოს გამოფენა. ამ შემთხვევაში სიტყვა “საუკეთესო” ბუტაფორიას წარმოადგენდა..

არადა, საკმაოდ ორიგინალური ჩანაფიქრი იყო, გამოფენის “მშვიდობის ხიდზე” ჩატარება, უცხო გარემო, სასიამოვნო ხედი გარშემო, სუფთა ჰაერი, მაგრამ ეს ყველაფერი მეათასეხარისხოვანი გახდა, როცა ფოტოებს გადავავლე თვალი..

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ “ქოლგამ” გამოაცხადა 2010 წლის ფოტოკონკურსზე სურათების მიღება, თუმცა აქვე დაამატეს, რომ რამე კონკრეტულ ჟანრს არ მიანიჭებდნენ უპირატესობას და ფოტოგრაფებს ნამუშევრების შეტანა “თავისუფალი თემა”-ზე შემოგვთავაზეს. მე პირადად ნამუშევრების მიღების უკანასკნელ დღეს შევიტანე 5 ფოტო და ყველა სხვადასხვა ჟანრის: პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრი, არქიტექტურა… უცებ მეორე დღეს გადის სიუჟეტი ნიუსებში, რომ ქოლგის ჟიურიმ აარჩია 100 ნამუშევარი.. თავიდანვე არალოგიკურად მეჩვენა, რომ საკონკურსო ნამუშევრების მიღების დამთავრებიდან 2 დღეში 2000 ფოტოდან, ასე მალე შეარჩიეს 100 საუკეთესო. და სამწუხაროდ ჩემი ეჭვი არ აღმოჩნდა უსაფუძვლო..

წელვანდელი ტოპ 100 ფოტოდან ამ სტატუსს მხოლოდ 20 თუ დაიმსახურებდა, მართლა რომ თავისუფალი თემის ფარგლებში აერჩიათ ფოტოები. მისულ საზოგადოებას ხელში შერჩათ ფოტოები ჟანრში “ლტოლვილები”.. ფოტოების დიდი ნაწილი წარმოადგენდა უშუალოდ დევნილების ან მსგავსი ასოციაციის გამომწვევი ფოტოების უნიჭო ნიმუშებს. მაინტერესებს ფოტოკონკურსის ჟიურიმ, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა “თავისუფალ თემაზე” შემოტანილი ფოტოებიდან აერჩია 100 საუკეთესო ფოტო, როგორ მოახერხა 90 ფოტოზე გამოსახული ყოფილიყო სოციალური შინაარსის მატარებელი ფოტოები: ბავშვები სილაზე, ბავშვი ჩამონგრეულ კედელთან, ბავშვები უყურებენ ტელევიზორს, მშობლები და ბავშვები სხედან ოთახში, მოხუცები, ბავშვები, ბავშვები, მოხუცები და ასე უსასრულოდ.. არც ერთი – პეიზაჟი, არქიტექტურული ნიმუში, გლამური, ქალაქის ფოტო, პანორამა, ბუნება, მინიმალი.. არაფერი ადამიანების გარდა.. მე ვერ ვნახე ფოტოგრაფი, რომელსაც მოეწონა 100 “საუკეთესო” ფოტო..

ასეთ ქმედებას ეწოდება უპასუხისმგებლობა, სინაგლე, მოტყუება, უპატივისმცემლობა და “თქვენი აზრი ფეხებზე მკიდიაობა”…
თუ სურდათ მსგავსი ხასიათის ტოპ 100 მიეღოთ, გამოეცხადებინათ კონკრეტული ჟანრი და, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთეს ფოტოებს მიიღებდნენ იგივე “მოხუცები-ბავშვების” ჟანრიდან, ვიდრე ახლა გამოგვიფინეს.. უბრალოდ საწყენია, რომ კონკურსის ადმინისტრაცია ატყუებს იმ ფენას, რომელზედაც არის გათვლილი ეს კონკურსი.. მე პირადად არანაირი სურვილი არ შემრჩა, “ქოლგის” შემდეგი წლის კონკურსზე ფოტოების გატანის… და კარგი იქნება, თუ ზოგადად ფოტოგრაფთა საზოგადოება ბოიკოტს გამოუცხადებს მატყუარა კონკურსს..

კი მაგრამ, რისთვის ტარდება მსგავსი კონკურსები? ამას ყოველთვის აქვს მიზანი. ქოლგის ორგანიზატორებს ზოგადად ასეთი კონკურსების აზრი აშკარად ვერ გაუგია: კონკურსი უნდა იყოს საუკეთსოს არჩევის ფაქტი. საუკეთესოდ მიჩნეული ფოტოები კი უნდა იყოს ერთგვარი მასტერკლასი სხვებისათვის, ვისი ფოტოებიც ვერ გავიდა, ვინც ფოტოგრაფობას აპირებს და სხვა.. ეს უნდა იყოს ეტალონი და აქედან ხალხი უნდა სწავლობდეს, თუ როგორი ფოტოები უნდა გადაიღო, უნდა დახვეწოს თავის ხედვა და გაიზარდოს. კონკურსზე მისულ ხალხს უნდა გაუჩნდეს ერთაერთი აზრი: “რა მაგარია”! “ყოჩაღ, ამის გადამღებს”! “რა ლამაზად დაჭერილი კადრია”! “რა განსხვავებული ხედვაა”! და სხვა.. კონკურსზე რომ მივა დამწყები ფოტოგრაფი და მიწასთან გაასწორებს (თანაც არგუმენტირებულად) ტოპ 100 ფოტოდან 40 ფოტოს, ეს არის კატასტროფა, გემოვნების დეგრადაცია და უკან გადადგმული ნაბიჯი.. არ ვიცი, რისი თქმა უნდოდათ ამ ფოტოების არჩევით კონკურსის ორგანიზატორებს, მაგრამ ფაქტი ერთია: უკმაყოფილებისა და ორონიული ღიმილის მეტი ვერაფერი ვერ ამოვიკითხე მაყურებლის სახეებზე…

პ.ს.
თავი ვიგრძენი არასრულფასოვან ფოტოგრაფად, რადგან გალერეაში არა მაქვს ლტოლვილების არც ერთი ფოტო.. ერთი უნდა ჩამოვუარო დევნილების ბანაკებს და დანგრეულ კედლებთან უნდა გადავუღო ბავშვებს..

April 29, 2010

საავტორო უფლებები


Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

გადავწყვიტე, დამეწერა საავტორო უფლებების შესახებ. როცა დავინტერესდი ამ საკითხით, ეს, დაახლოებით, 2 წლის წინ მოხდა, ვფიქრობდი, რომ პრობლემა იყო ხალხის, იუზერების მიერ ამ კანონის არცოდნაში და უპატივისმცემლობაში. თუმცა პრაქტიკამ მაჩვენა, რომ საავტორო უფლებების შესახებ არანაკლებ გაუთვიცნობიერებლები არიან თვითონ ავტორები და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტადაც სცოდავენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ ნაწარმოებებს იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით.

პირველი ფაქტი მსგავს დარღვევასთან ჩემ მიმართ იყო 2008 წელს. მე მოყვარული ფოტოგრაფი ვარ და ეს ჩემი ჰობია. გადაღებულ ფოტოებს ვათავსებ ძირითადად ქართულ ფოტო გალერეებში, როგორებიცაა: www.boke.ge
; www.photolife.ws ; www.graf.ge ; www.pixkik.ge ; და აგრეთვე უცხოურ საიტზე: www.flickr.com ; მოგეხსენებათ საიტებს თავიანთი ფორუმები გააჩნია სადაც აქტიურად განიხილებოდა მრავალი საკითხი, მათ შორის პლაგიატობაც. ერთხელ პერსონალური მესენჯერის საშუალებით ერთ-ერთმა კოლეგამ შემატყობინა, რომ რომელიღაც საიტზე ვიღაც X იუზერს სურათები ჰქონდა ატვირთული და, მათ შორის, ჩემიც იყო რამდენიმე. აქედან დაიწყო ჩემი ბრძოლა ჩემი საკუთარი საავტორო უფლებებსი დასაცავად, რომელიც დღემდე გრძელდება და არამგონია, უახლოეს მომავალში რამე გამოსწორდეს.

როდესაც ხედავ, რომ შენ საკუთარ ფოტოებს ვიღაც სხვა საიტზე ათავსებს, რა თქმა უნდა, გიჩნდება პროტესტის გრძნობა. შემდეგ ცდილობ, როგორმე მიაწვდინო ხმა იმ იუზერს, რომ ხსენებული ფოტოები წაშალოს და სხვა დროს მსგავსი რამ აღარ გაიმეოროს. შემდეგ იწყება ახსნა განმარტება თუ რატომ უნდა წაშალოს, რა არის საავტორო უფლებები, რატომ არა აქვს მას უფლება ამ ფოტოების გამოყენების, მიუხედავად იმისა რომ ისინი საიტზე “იპოვნა” და სხვა.. ამ ყველაფერს მიაქვს დაახლოებით 1 საათი და ნერვები.. ეს მაგალითი ყველაზე მარტივი და მსუბუქი დარღვევის ამსახველი მაგალითია. ასეთები კი თითქმის ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ხდება..

ყველაზე ცუდად საქმე მაშინაა როცა ავტორებს უხსნი, რომ ამ ფოტოების ატვირთვით X-მა საავტორო უფლებები დაურღვია თვითონ ფოტოგრაფებს.. ისინი კი ვერ ხვდებიან, როგორ დაარღვია საავტორო უფლებები ვიღაც X-მა, თუკი მას არანაირი კომერციული მიზანი არ ამოძრავებდა და საიტზე მათი ფოტოების განთავსებით ფული არ აუღია, ანუ უბრალოდ საჩვენებლად და გასართობად ატვირთა რომელიღაც საიტზე სხვისი საკუთრება.. თუ ფული არ აუღია და თუ მოგება არ უნხავას ვინმე X-ს, თურმე ეს დარღვევა არაა.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. რა მნიშვნელობა აქვს, მან მოგება ნახა თუ არა, შეიძლება უბრალოდ “გაიმარიაჟა” მაგარი ფოტო “დავსერჩეო” და, საერთოდაც, არ აქვს მნიშვნელობა, რა ამოძრავებდა მას.. მთავარია, რომ მან სენი ფოტო გამოიყენა. გამოყენება კი დარღვევაა უკვე.. სანამ ყველა ავტორი არ “წამოსცხებს თავში” ყველა ასეთ პარაზიტს, მანმადე ფოტოგრაფია ისევ დარჩება განვითარების იმ არასერიოზულ დონეზე, ისეთ დონეზე, რომელზეც შემოსავლის მიღება ამ სფეროდან საკმაოდ მწირია.. მაშინ, როცა ვიღაც ხედავს, რომ შეუძლია ფოტო ისე აიღოს და გამოიყენოს, რომ ავტორს არ ჰკითხოს და იცის რომ ავტორი დიდი დიდი აღშფოთდება და მეტი არაფერი, მაშ რატომ გადაიხდის ფულს?
თუმცა საბედნიეროდ საქართველოში ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ჰორიზონტზე გამოჩნდა “საქართველოს ავტორთა საზოგადოება”, რომელში წევრიანდებიან ავტორები სხვადასხვა სფეროდან და ერთიანი ძალით ებრძვიან დამკვიდრებულ უზნეობას. მათი წევრი გავხი მეც, მას შემდეგ, რაც ჩემ მიმართ რამდენჯერმე დაირღვა უფლებები. საქმე სასამართლომდე მივიდა და 2000 ლარის ოდენობით კომპენსაციაც მივიღე. ერთ-ერთმა ფირმამ ჩემი ფოტო გამოიყენა სარეკლამო “ფლაერზე”, რომელიც აფთიქში ვნახე შემთხვევით.. მივმართე საზოგადოებას და ჩემ ცაურევლად, ყოველგვარ გადასახადის გარეშე მივიღე თანხა. თანხის 20% დარცა საზოგადოებას, დანარჩენი ჩამერიცხა მე. მე დაუსჯელი არ დამიტოვებია დამრვევი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მეორედ მსგავს დაუფიქრებელ ნაბიჯს აღარ გადადგამენ. ყველა ჩემსავით რომ იქცეოდეს, ზალიან მალე ეს სიტუაცია დარეგულირდებოდა, მაგრამ ხედავენ რა დამრღვევები, რომ ამის გამო იშვიათად რომ ვინმე დასაჯონ, იყენებენ ამ დაუსჯელობის მომენტს და მაქსიმალურად არღვევენ ამ უფლებებს.
გამონნაკლისი არაა ჟურნალები, გაზეთები, ტელევიზია და სხვა..
წარმოიდგინეთ ჟურნალისტი, რომელიც წერს სტატიას და რამე სურათს ამატებს ამ სტატიაში გასაფორმებლად.. საერთოდ არ უფიქრდება ერთი წამითაც, რომ შეიძლება, იმ ფოტოს ჰყავს ავტორი.. იგივე ჟურნალისტს, რომ საკუთარი სტატია მოპარო და მეორე ჟურნალში დაუბეჭდო ან ნეტში დადო სადმე, როგორ მოეწონება? გინდაც ტელევიზია ავიღოთ: იყო შემთხვევა, რომ “კომედი შოუ”-ში ერთ-ერთი დეკორაციის ფონად გამოიყენეს ჩემი ნაცნობის ფოტო; ტელეკომპანია “მაესტროზე” ტრიალებდა ვიდეო რგოლები აქციების, რომლებიც ფოტოებისაგან იყო აწყობილი და თითქმის 80% გამოყენებული ფოტოებისა ჩემი ნაცნობ-მეგობრების გალერეებიდან იყო უნებართვოდ აღებული; იგივე გოგი თოფაძის ამჟამინდელი საარჩევნო კლიპები საავტორო უფლებების დარღვევის ნათელი მაგალითია: როცა ბატონი გოგი ხალხს ჰპირდება დასაქმებასა და ფულებს და ამ დროს რევაზ ლაღიძის “თბილისოს” მუსიკას ადებს თავის საარჩევნო რგოლს ისე, რომ არც არავის ეკითხება და არც ფულს უხდის ლაღიძის ოჯახს. არადა სულ რაღაც 1000 ლარის გადახდა დაჭირდებოდა, თუმცა არ გადავიხდიო. აუარება დარღვევებია ჯეოსტარის საკითხში და საერთოდ ჯეოსელს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს ავტორებთან; კიდევ სხვა საქმეა, ფილმებში გამოყენებული მისიკალური ნაწარმოებები; რესტორნები, სადაც დილიდან დაღამებამდე მღერიან სხვადასხვა ავტორების სიმღერებს და არანაირ ჰონორარას არ უხდიან ავტორებს..

ზემოხსენებული მაგალითების მსგავსი სიტუაციები უამრავია და, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლი.. უბრალოდ ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ინტელექტუალური ქონება ისეთივე ქონებაა, როგორც ოქრო, ფული, ავტომობილი, ნახატი, წიგნი, სახლი და სხვა. სცადეთ და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც იღებს თქვენს ოქროებს და თვითონ ატარებს, ან ჰყიდის. ფორსმაჟორულ სიტუაციებში კი სიცოცხლისა და საავტორო უფლებები ხელუხლებელია, მაშინ როცა სხვა ქონებრივი უფლებების ხელყოფა კანონით დაშვებულია თუკი სიტუაცია მოითხოვს.. საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან გარკვეული ფიქსირებული პერიოდის განვალობაში.

პ.ს.
ყველაზე საინტერესო ფრაზა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით: ასეთი რამ ხომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს:
“ამ სურათის საავტორო უფლებები მე არ მეკუთვნის, თუმცა ავტორმა ხელისუფების დახმარების გარეშე უნდა დაიცვას თავისი უფლებები”.
რას ნიშნავს ეს? ანუ არ მიჩივლოს და, თუ ერთი ადგილი აქვს, თვითონ დაიცვას თავის თავი სასამართლოს გარეშეო? ანუ კანონი ნუ ჩაერევა და ავტორი ფეხებს ვერ მომჭამსო..

http://2kija.eu/2010/04/17/4549/

ნუ უკარგავთ ავოტორებს ნაწარმოებების შემქნის სურვილს !

Theme: Rubric. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.