Kesha's Blog

მაისი 30, 2009

წერილი მკითხველს #2 სახელწოდებით “ყველაფერი ყველაფერზე…”

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

 წერილი მკითხველს #2 სახელწოდებით “ყველაფერი ყველაფერზე…”

დაისვენე? იცი? მეც დავისვენე… ეს წერილი უფრო მშვიდი და რაფინირებული იქნება. მინდა, მცირეოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემს ბავშვობაზე, რომლის ადრეული წლების შასახებ მხოლოდ ფრაგმენტული ნაწილები შემომრჩა მეხსიერებაში. ჩემი ბავშვობა ბედმა სამ ქალაქში გაანაწილა: ჭიათურა, ანუ, როგორც ერთ-ერთმა იტალიელმა ტურისტმა აღნიშნა, “საჰაერო ვენეცია”, მოსკოვი და თბილისი. მოსკოვი ძალიან კარგად დამამახსოვრდა. აი, თბილისთან შეგუება კი გამიჭირდა, უამრავი პრობლემა დამხვდა და მეგობრები დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევიძინე. დღესდღეობით უკვე ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვარ, ან არც ისე ჩვეულებრივი… ეს ფორმალური გაცნობის ცერემონია არ მინდა დიდხანს გაგრძელდეს და უფრო საინტერესო თემებზე ვისაუბროთ, მაგალითად ხალხზე: მწერლებზე, პოეტებზე, პოლიტიკის ლეგენდებზე, მუსიკოსებსა და სხვაზე… პაოლო კოელიო წაგიკითხავთ? იცით რა მომწონს? ის, რომ წერს ცხოვრებაზე თავის ცხოვრებიდან გამომდინარე. წერს ცხოვრებაზე ისეთზე, როგორიც არის სინამდვილეში და, როგორსაც ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ ან უფრო არ ვამჩნევთ. მას სჯერა ღვთიური ნიშნებისა და ბედისწერის და აქვს თავისი ფილოსოფია. ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც რადიკალურად შემცვალა და დამეხმარა, ჩემი პიროვნების საჭე ხელთ ამეღო და თავის მართვა მესწავლა. მესწავლა ლავირება პრობლემებსა და წინააღმრდეგობებს შორის. ახლა მე ვიცი, რომ “ტიტანიკივით” აღარასოდეს ჩავიძირები და ყოველ აისბერგს ავცდები. მოკლედ, მოსახდენი მოხდა… და წარსულში დარჩა პასუხგაუცემელი კითხვების ჯაჭვი, რითაც მჭიდროდ ვიყავი მიბმული გარდასულ წლებზე. მე გამოსავალი ვნახე… მაგრამ… გავიდა ერთი წელი და მე წავიკითხე კოელიოს “ზაჰირი”. პაოლო წერდა, რომ წარსულში არ უნდა არსებობდეს დაუსრულებელი ამბები და პასუხგაუცემელი კითხვები. რაც უნდა იყოს, ამბავი უნდა დასრულდეს. ამისათვის კი წარსულში დაბრუნება მოგვიწევს. თავსგადახდენილი პრობლემური ამბავი უნდა გაათავისუფლო, გამოუშვა. მოუყვე ათჯერ ათ ადამიანს, დაწერო დახიო, დაწერო დაწვა, დაწერო გადააგდო, დაწერო სხვებს მისცე და ასე რამდენჯერმე, სანამ ეს ამბავი არ გაზეპირდება და შენთვის უკვე სრულიად ინდიფერენტული არ გახდება და აღარ მოგინდება თუნდაც გახსენება, რადგან ეს შენთვითონ არ დაგაინტერესებს. ეს მისი ფილოსოფიაა, მაგრამ მე ეს ერთი წლით ადრე გავაკეთე, სანამ ამის შესახებ შევიტყობდი. სწორედ ამიტომ მივხვდი, რომ ეს პიროვნება ჩემთვის ისეთივე ახლობელია, როგორც თვითონ ჩემი თავი. ალბათ მიმიხვდი. მისი მსგავსი სტილი აღმოვაჩინე ქართველ მწერლებშიც: დოჩანაშვილის _ “სამოსელი პირველი”, დუმბაძის _ “მარადისოის კანონი”. რატომღაც მჯერა, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა უთუოდ საინტერესო იქნება და, თუ შესაძლებლობა მომეცემა, გავიცნობ კიდეც. მე მჯერა, რომ ვიქნები ოდესღაც პოპულარული და ხალხი ჩემზეც იმავეს იტყვის. იტყვიან, რომ ჩემი წიგნები ცხოვრებისეულია… აზრები ერთმანეთს ყოველწამიერად ცვლიან და ხან რომელს ვეჭიდები, ხან _ რომელს. ძნელია ამ ცხოვრებას თვალებში ჩახედო, როცა შენ თვითონაც ცხოვრებას დანისლული სათვალეებით უყურებ, ის კი მზერასაც არ გაპყრობს, არ გეხმარება მკაფიოდ ხედვაში და, პირიქით, უფრო გიორთქლავს ისედაც დაბინდულ სათვალეს. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ _ აუსრულებელი ოცნებების ქვეყანაში ან იქნებ _ ოცნებათა აუსრულებელ ქვეყანაში… ეს კიდევ საკითხავია… ქვეყანა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გაბრწყინდება ან უკვე გაბრწყინდა, ჩაქრობა მოასწრო კიდეც და თავს მხოლოდ და მხოლოდ მცირედი გამონათებებით იკმაყოფილებს. ვიცი, გეწყინა ამის მოსმენა. მეც მეწყინა, როცა იმავეს მივხვდი, მაგრამ გულში ჩავიხედე, მივქექმოვქექე ფსკერზე დალექილი ოცნებები, ფიქრები და პატარა “პანდორას” ყუთს მივაგენი, რომელშიც მხოლოდ იმედიღა დამეტოვებინა და ის, როგორც არასდროს, ისე ცდილობდა, არ ჩამქრალიყო… ჯერ კიდევ ბჟუტავდა… არ მინდოდა, ეს ერთი ციდა იმედის ნაპერწკალიც სადისტურად ჩაექროთ და ზემოდან ისევ აუარება არავისთვის საჭირო ფიქრებსა და აუსრულებელი ოცნებების გროვას ვაყრი… მეცოდება ჩემი თავიც და ჩემი ქვეყანაც… მაგრამ ვის ვეცოდებით ჩვენ ორნი? _ არავის, _ შენდაუნებურად მიპასუხებ შენ. მართალი ხარ. ჩემი მშობლების თაობას დაკარგულს ვეძახი. იმიტომ, რომ ისინი აღარავის სჭირდებიან. მამაჩემი იძულებული იყო, რომ საზღვარგარეთ ემუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ობოლი არ ვიყავი, მაინც უმამოდ გავიზარდე… დედა პოეტია, რომლის ლექსებსაც მხოლოდ რვეულები და მისი მეგობრები იცნობენ… კოელიოს ერთ-ერთი პერსონაჟი ღმერთს შეეჭიდება და დალოცვას სთხოვს, როგორც იოანე ღმერთს შეეჭიდა და ღამით დაწყებული პაექრობა დილითY ღმერთმა დალოცვით დაასრულა. მან იოანე ვერ დაამარცხა, რადგან რწმენა ჰქონდა. მეც იმავე გზას დავადექი. როცა ქუჩაში მარტო დავდივარ, ან ეკლესიაში შევდივარ, ან როცა უბრალოდ მარტო ვარ ხოლმე, ღმერთთან იმპროვიზირებელ საუბარს ვაწყობ. ერთ-ერთ ასეთ საუბარში ღმერთს გავუმხილე, რომ მას შევეჭიდებოდი და დავუმტკიცებდი, რომ მეც ვარ მისი დალოცვის ღირსი. დარწმუნებული ვარ, რწმენა მეყოფა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო, სხვისი წესებით არ ვითამაშო და ახლობლებისა და ვიღაც-ვიღაცების დაუხმარებლად მივიდე დასახულ მიზნამდე. ღმერთი ვიცი, კმაყოფილია ჩემი შეუდრეკელობით. ჯერ კიდევ ბავშვობაში მიზნად დავისახე ისეთ სპეციალობაზე ჩაბარება, რომელზეც მოხვედრა სასწაულის სფეროს განეკუთვნებიდა. ბევრი ხვეწნა მუდარის მიუხედავად, მაინც აქ ჩაბარება გადავწყვიტე და მიზანს მივაღწიე კიდეც. ვიცი, ყველა მიზანს მივაღწევ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, და ცხოვრებას ჩემი წესებით თამაშს ვაიძულებ. ეს დღესდღეობით გამომდის, მაგრამ არ ვიცი, მომავალშიც გამომივა, თუ _ არა. უნდა შევისვენო… შემდეგ განაგრძე კითხვა…

Advertisements

%(count)s კომენტარი »

  1. ოჰო, სახელი და დიზაინი შენს ბლოგს როგორ შეეფერება!
    რაღაც ინტიმური, იდუმალი და მშვიდი.
    მოკლედ, როცა დამშვიდება მომინდება, აქ შემოვალ ხოლმე. 🙂

    კომენტარი by irina — ივნისი 2, 2009 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: