Kesha's Blog

მაისი 9, 2010

ჩვენ მაგივრად ომს ვერავინ მოიგებს


Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

ჩვენ მაგივრად ომს ვერავინ მოიგებს

2009 წლის 3 იანვარს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანა ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” სეპარატისტულ რეგიონზე – “ღაზას” სექტორზე. ბევრის აზრით ეს საქართველოს ტერიტორიაზე აგვისტოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა და ბევრ მსგავსებაზეც საუბრობენ.

ჩვენი მაგალითის შემხედვარემ, მართლაც ბევრმა გადაწყვიტა, რომ პრობლემური საკითხების მოგვარება ძალისმიერი მეთოდებით არის შესაძლებელი. ძნელი სათქმელია, ისრაელმა ჩვენ მოგვბაძა-თქო, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ნამოქმედარიდან აშკარად კარგი დასკვნა გამოიტანა.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ერთი მეტად საინტერესო დეტალია: როდესაც ებრაელი ამბობს, რომ იერუსალიმი მისი რელიგიური ცენტრია, ის მართალია, მაგრამ, როდესაც არაბიც იმავეს ამბობს, ისიც მართალია. თუმცა შეფასებისას ქართველი საზოგადოების სიმპათიები და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნეოვნად ისრაელის მხარესაა.

ეს ომი არ არის უბრალოდ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფებას შორის არსებული კონფლიქტი, ეს რეალურად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება, თუმცა, ნაკლებად შესაძლებელია, ეს ცივილიზაციების ომში გადაიზარდოს. მსგავსი რამ 900-1000 წლის წინაც ნახა მსოფლიომ ჯვაროსნული ლაშქრობების სახით.

მსგავსება ჩვენ შორის ისაა, რომ, როდესაც რუსეთმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, “დაგვნაყა”, ეს, პირველ რიგში, იყო ამერიკისთვის “გაწნული სილა”, ხოლო, როდესაც ისრაელი ბომბავს “ჰამასის” მიერ დაკავებულ რეგიონს, ამით ირანის პატივმოყვარეობა და რეპუტაცია იბომბება. მთავარი საკითხი ისაა აქ, რომ ირანი უნდა დაისაჯოს, ყველასათვისაა ცნობილი, რომ ირანი “ჰამასის” მფარველია და ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ირანმა ხელიც ვერ გაანძრიოს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ისლამური სამყარო აჯაგრულია ისრაელზე, დახმარების ხელს ვერავინ უწვდის ტერორისტებს. ისრაელის სამხედრო ძლიერება ბევრად აღემატება სხვა მეზობელი ქვეყნების შეიარაღებას და, თუ, დავუშვათ, ირანი დაბომბავს ისრაელის ტერიტორიას, სავარაუდოა, რომ საპასუხოდ ამას ირანის მთელი ინფრასტრუქტურის განადგურება მოჰყვება. ბატონი გუბზ სანიკიძის (ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე) მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში წარმოთქმულ ფრაზას მოვიშველიებ: “ისრაელი ახლა შარზეა და, როცა ისრაელი შარზეა, მთელი ახლო აღმოსავლეთი გატრუნულია”.

საგულისხმოა ისრაელის მთავრობის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების დაყოვნება, რადგან ისინი ჯარისკაცების რიგებში მსხვერპლს ერიდებოდნენ და, რაც ძალიან განასხვავებთ მათ ჩვენი ქვეყნისაგან, დაუფარავად და ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე ატყობინებდნენ მოსახლეობას ზარალისა და მსხვერპლის შესახებ. მთავრობას თავისთავად არც მოსახლეობა ჩამორჩებოდა: ისენი მზად არიან აიტანონ ყველა სირთულე საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნა იყო და ისინი მზად არიან ამისთვის ფსიქოლოგიურად, განსხვავებით ჩვენი “სამოქალაქო საზოგადოებისაგან”, რომლებსაც დღემდე ვერ გაურკვევიათ, რუსეთი უნდა აქონ თუ უნდა აძაგონ.

ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის დელეგაციას საკმაოდ ტრაგიკული სახეები ჰქონდათ ისრაელში სტუმრობისას, რადგან მათ ყველაზე კარგად იცოდნენ, რომ სრულიად ზედმეტები იყვნენ. ყველამ კარგად იცოდა, რომ ისრაელისთვის ეს მეტად პრინციპული საკითხია და ის არ დანებდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან პატარა ქვეყანაა, შესაშური გამძლეობა გამოიჩინა და ურყევად მიიწევდა წინ. საკვირველი ის იყო მხოლოდ, რომ რუსეთმა მშვიდობისმყოფელობა მოინდომა და თავისი “დიპლომატიური” მისია წარავლინა ისრაელში, საიდანაც ცივი უარით გამოისტუმრეს. ისრაელი არასოდეს აპატიებს მოსკოვს “ჰამასის” ზარ-ზეიმით მიღებას. ამ ყველაფერზე კი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველას გასაგონად განაცხადა: “ჩვენ მაგივრად ომს ვერაინ მოიგებს!” და ვფიქრობ, ეს პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითავისოთ, ჩვენ ხომ მუდმივად “უსაფრთხოების ქოლგას” ვეძებთ?!

მათ თავისი ომი მოიგეს და ისრაელის არმიამ გამარჯვება იზეიმა. ეს იყო “მასტერკლასი”, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა ავითვისოთ და, ადრე თუ გვიან, ჩვენც მოვიგოთ ჩვენი ომი.

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.