Kesha's Blog

ივლისი 14, 2015

ცოტა რამ ლოგისტიკის მენეჯმენტის შესახებ

logistika

  1. management – the person or persons controlling or directing the affairs of a business , institutions, etc.
  2. logistics – The detailed organization and implementation of a complex operation.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ლოგისტიკის მენჯმენტში მოვიკოჭლებთ. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთი კი უდავოდ უმნიშვნელოვანესი მიზეზია – სხვადასხვა სტრუქტურების მმართველები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, უბრალოდ ვერ ხვდებიან, ვერ ხედავენ ამ დარგის პროფესიონალების დაქირავების აუცილებლობას. ეს კი მხოლოდ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

მინდა, გამოვყო ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც საჭიროებდა ამ დარგის სპეციალისტების მობილიზებას და საქმის გარშემო გაერთიანებას:

  • 14.06.2015
  • ბილეთების ვერ გაყიდვის ამბავი

სანამ უშუალოდ მიმოხილვაზე გადავიდოდე, მოკლედ მინდა აგიხსნათ, ვინ არის ლოგისტიკის მენეჯერი. ადრე დავწერე პატარა პოსტი ამის შესახებ, მაგრამ ახლა უფრო ვრცლად მოვყვები. საქართველოში ამ დასახელების უამრავი ვაკანსია შეგიძლიათ მოძებნოთ, თუმცა მათ 95%-ს შეცდომაში შეჰყავხართ. საქართველოში ლოგისტიკის მენეჯერს (ძალიან სულელურად) საწყობის გამგეს ეძახიან და ეს უცოდინრობის ბრალია. არ ვხუმრობ, მართლა. სინამდვილეში ლოგისტიკას სამი მნიშვნელობა აქვს:

  • დაგეგმარება და ორგანიზება
  • ტვირთების გადაზიდვა გემებით, მატარებლებით, თვითმფრინავებით, დიდი სატვირთოებით.
  • მილიტარისტული განმარტებით საჯარისო შენაერთების გადაადგილებისა და განთავსების დაგეგმარება (თუ არ ვცდები).

როგორც ჩანს, რომელიღაც “ჭკვიანს”, რომელმაც სავარაუდოდ თავისი მეგობარი დაასაქმა საწყობის გამგედ, მოეპრიანა, მეგობრის ეგოს დასაკმაყოფილებლად თანამდებობისათვის “მყვირალა” სახელი დაერქმია. და, აი ასე, საწყობის გამგე საქართველოში იქცა ლოგისტიკის მენეჯერად. სასაცილოა ხომ? ჩემი აზრით კი სატირალია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ლოგისტიკის გენერლები გვყავს ქვეყანაში, რომელთაც თავდაცვაში საწყობები აბარია მხოლოდ.

რეალურად კი საწყობთან ლოგისტიკას არაფერი ესაქმება. ლოგისტიკის პირველადი მნიშვნელობა ოქსფორდის განმარტებით ლექსიკონში ასეთია –კომპლექსური ოპერაციების დეტალურად დაგეგმვა და განხორციელება. მთელს მსოფლიოში არსებობენ პროფესიონალები, რომელიც სწორედ ამ სერვისს სთავაზობენ კლიენტებს. ლოგისტიკის მენეჯერი არ ზის გაპრიალებულ კაბინეტში, არ დადის ბრონირებული ჯიპით და არ დაჰყვება დაცვა. მას თითქმის ვერ ნახავთ სახელმწიფო სტრუქტურებში, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ის დაბადებულია საველე სამუშაოებისათვის. ის მუდამ გარეთაა, მუდამ იცის საქმის დეტალური ვითარება. მას არ ეხება ღონისძიების შინაარსი – სხვა ყველაფერი კი მას ეხება. დამსაქმებელი, რომელსაც სურს ღონისძიების გამართვა (არ აქვს მნიშვნელობა ხანმოკლე თუ გრძელვადიანი), ქირაობს ლოგისტიკის მენეჯერს, უხსნის ღონისძიების შინაარს, მასშტაბებს და აცნობს თავის მოთხოვნებს. პროფესიონალი ლოგისტიკის მენეჯერის თავში უმალ იხატება სურათი: ღონისძიების დარბაზი, შესასვლელები, გამოსასვლელები, ორგანიზატორების ოთახი, შეხვედრების ოთახები, თარჯიმნები და მათი საჭიროებები, გახმოვანება, კვება, ბრეიქები, ღონისძიების მასალები, დიზაინერები, განთავსება, ტრანსპორტირება, დაცვა, კომუნიკაციები და სხვა მილიონი დიდი თუ პატარა დეტალი. ის ყველაზე ადრე ხედავს, რა სახე ექნება ღონისძიებას, ვინ რას გააკეთებს და სად რამდენი ადამიანი იქნება საჭირო. ასეთია ლოგისტიკის მენეჯერი: თქვენ ფიქრობთ რაღაცაზე? ის უკვე ხედავს მას. მან უკვე იცის, სად იქნება სავარაუდო პრობლემები, სირთულეები და სხვ. ლოგისტიკის მენეჯერის ტვინი სხვანაირად მუშაობს – მის თავში ხდება პროექცია, არარსებულს რეალურად ხედავს. კი, ის შეიძლება შევადაროთ ადამიანს, რომელიც მომავალს ხედავს. ასეთი არის ამ დარგის ნამდვილი პროფესიონალი. საქართველოში ასეთი ძალიან ცოტაა. ალბათ ჩემი ათი თითი დაიტევს თამამად მათ რაოდენობას. ახლა კი სათითაოდ მიმოვიხილოთ ორი მოვლენა, რომელიც საჭიროებდა ამ დარგის სპეციალისტების ჩართულობას.

2015 წლის 14 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო და მასთან ერთად მსოფლიოს დიდი ნაწილიც. ქვეყანა უმალ მოხვდა მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ნიუსებში. ქვეყანაში ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების გამო მსუბუქი პანიკა შეინიშნებოდა. და რა დავინახეთ ამ დროს? უუნარობა, არამობილიზებულობა, თავმოუბმელობა, შეუთანხმებლობა და კოორდინაციის ნაკლებობა. აქ საუბარი არაა სამაშველო ოპერაციებსა თუ ცხოველების დაჭერა/ლიკვიდაციაზე. ეს სპეციფიკური საქმიანობის სფეროებია, სადაც შესაბამისი სფეროს მცოდნე ხალხი უნდა მუშაობდეს. მაშ სად დადგა ლოგისტიკის მენეჯერის საჭიროება? 14 ივნისს ათასობით მოხალისე მივიდა სტიქიის ადგილზე და გამოხატა დახმარების სურვილი. აი აქ დაიწყო არაორგანიზებულობა:

  1. მერია აცხადებდა, რომ საჭიროა მოხალისეები გმირთა მოედანზე. საპატრულო პოლიციამ კი ყველა მხარიდან, საიდანაც შეიძლებოდა გმირთა მოედანზე მოხვედრა, გზები გადაკეტა. დასკვნა: შსს-სა და მერიას შორის კოორდინაცია არ არსებობს.
  2. მხოლოდ დასუფთავების სამსახურს ჰქონდა სხვადასხვა იარაღი – ნიჩაბი, ბარი და სხვ. მოხალისეები კი იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებოდათ, რომ როგორმე ნაგავი და შლამი გაეტანათ – “პოდნოსებს”, აქანდაზებს, ფანერის ნაჭრებს და სხვა ამოუცნობ საგნებს. ძალიან გვიან მოამარაგეს ახალგაზრდები ნიჩბებითა და ბარებით. მერიამ დასახმარებლად დაუძახა მოხალისეებს – მათთვის სამუშაო აღჭურვილობის მობილიზება არავის მოუვიდა აზრად.
  3. მოხალისეებმა მომდევნო დღეებში თვითონ დაიწყეს ელიავას ბაზრობაზე ნიჩბებისა და ბარების შეძენა. ელიავაზე გამყიდველებმა ფასები გაზარდეს, ნახეს რა რომ მოთხოვნა გაიზარდა. არავის მოუვიდა აზრად ფასების გაკონტროლება, ან მინიმუმ ის, რომ მოხალისეები არავის “გაეწეწა”.
  4. არ არსებობდა საგანგებო შტაბი გმირთა მოედანზე. სადაც იქნებოდნენ წარმომადგენლები მერიიდან, დასუფთავების სამსახურიდან, შსს-დან, თავდაცვიდან და სხვ. შტაბი იმისთვისაა საჭირო, რომ ადგილიდან მართოს ყველა საგანგებო სიტუაცია, უმალ ვრცელდებოდეს დავალებები და იქვე ხდებოდეს შემოწმება შესრულებული საქმიანობის. იყო შტაბი? კი! პრემიერ მინისტრის ოფისში. რა უნდა საგანგებო შტაბს სოლოლაკში, როცა სტიქია ვერეს ხეობაშია?
  5. ბოლო დღეებში მოალისეებმა შექმნეს საიტი, ფეისბუქ ჯგუფი, საკონტაქტო სიები და სხვ. 20 000 კაცი თვითონ უწევდა კოორდინაციას ამხელა მასის განაწილებას და მოძრაობას.

სახელმწიფოს უნდა შეექმნა შტაბი, მოეწვია ან საკუთარ სტრუქტურებში მოეძებნა ლოგისტიკის მენეჯერი, რომელსაც აქვს დიდი ღონისძიების მართვის გამოცდილება და მოხალისეებისა და ადამიანური რესურსების მართვა უნდა ჩაებარებინათ. ამ შტაბში უნდა შესულიყვნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები – არა ბუტაფორიები, არამედ, რეალურად საქმის გამკეთებელი და მუშა ადამიანები. შტაბს სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციაში უნდა დაენაწილებინა მოხალისეები ობიექტებზე. შესაბამისად უნდა მოქცეულიყო წყლისა და საჭმლის რესურსების შემთხვევაშიც. თუმცა რეალურად მომდევნო დღეებში უკვე ვეღარ ვიგებდით, სად ტექნიკა მუშაობდა, სად დაიშვებოდნენ/არ დაიშვებოდნენ მოხალისეები, სად სჭირდებოდათ ადამიანური რესურსები, სად წყალი აკლდათ ან საჭმელი, სად ტრანსპოტი სჭირდებოდათ და იყო დომხალი, სანამ ეს ხალხი თვითონ არ მობილიზდა. ამ თვითმობილიზებას კი დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა, სამწუხაროდ. რომელიმე მმართველ პირს დიდი ღონისძიების ჩატარების გამოცდილება რომ ჰქონოდა, აუცილებლად მიხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი, რაც ზემოთ დაიწერა, აუცილებლად იყო გასაკეთებელი. მაგრამ რაც მოხდა ყველამ დავინახეთ და ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ. მე პირადად მიმუშავია ნატოს სამიტზე 2010 წელს ლისაბონში, ეუთოს სამიტზე 2010 წელს ასტანაში, ნატოს სამიტზე 2012 წელს ჩიკაგოში, ვმუშაობდი თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტში და ათასობით მოხალისესთან მქონდა შეხება. მინახავს, როგორ იმართება ამხელა ღონისძიებები და მიმიღია მონაწილეობა. საქართველოშიც თბილისი 2015-ის ფარგლებში გვაქვს მოხალისეების დეპარტამენტი, რომელიც ათასობით მოხალისეს მართავს. ნუთუ, არ შეიძლებოდა 1-2 მენეჯერის დროებით ჩართვა სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო საქმიანობაში? მაგრამ ეს არავის მოუვიდა აზრად. მეც, ისევე როგორც ბევრი სხვა, მივედი და, რაც შემეძლო, ვიმუშავე. არადა შეგვეძლო, ბევრად უფრო ორგანიზებული გაგვეხადა ეს ყველაფერი პირველივე დღიდან, ამას მხოლოდ ზემდგომი პირების ნება სჭირდებოდა, ვიღაცას ეს უნდა მოფიქრებოდა.

უეფას სუპერთასი თავისი მასშტაბებით მეორე ადგილზეა სპორტულ ღონისძიებებს შორის, რომელიც ოდესმე გამართულა ან უნდა გაიმართოს უახლოეს მომავალში. პირველ ადგილზე თბილისი 2015 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია. ის, რაც ბილეთების გაყიდვისას მოხდა არის კატასტროფა, მარაზმი და ქვის ხანის გამოძახილი. მსგავსი სახის სირცხვილი დიდი ხანია არ მომხდარა ჩვენს ქვეყნაში. ფეხბურთის ფედერაციის უუნარობა უბრალოდ უუნარობის სახელმძღვანელოშია შესატანი, რომ მომავალ თაობებს ვასწავლოთ, “როგორ არ უნდა აკეთო საქმე”. სულ ტყუილად ცდილობს ფედერაციის პრეზიდენტი, თითის სხვებისკენ გაშვერას.

გაინტერესებთ, როგორ კეთდება საქართველოში საქმე? წარმოიდგინეთ სიტუაცია – “ვაა ბიჭებო, დავაი მოვიხოდეთ ახლა, ბილეთებზე დავჩალიჩდეთ, ბილეთები.ჯი გაყიდის, ჩვენ ფული მოგვივა, მაგარი პონტია, ძმაკაცები შემოვიკრიბოთ გარშემო, ჩვენც მაგრად მოვხოდავთ სიტუაციას, რად უნდა ამას ბევრი ბაზარი, ბლა ბლა ბლა”. ეს ხდებოდა ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე. ასე კეთდება ყველა ქართული საქმე, სადაც ვერ ხვდებიან, რომ ამის კომპეტენცია არ აქვთ თვითონ, არც მაგათ ნათესავებს და არც მითუმეტეს ძმაკაცებს და მეგობრებს, არც ცოლის დაქალებს. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს უეფას სუპერთასის საორგანიზაცო კომიტეტიც, რომელიც არც კი დაფიქსირებულა ამ პრობლემის ფარგლებში. არადა უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა უეფას სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტეს არ უნდა ეხებოდეს? უცნაურია ხომ? დომხალი – სიტყვა, რომელიც იდეალურად აღწერს უეფას სუპერთასის ბილეთების გარშემო ჩართული პირებისა და ორგანიზაციების მუშაობას.

რას იზამდა ლოგისტიკის მენეჯერი? – ისმის კითხვა. მე მოგიყვებით მოკლე მონახაზს:

  1. ლოგისტიკის მენეჯერი გაითვალისწინებდა მოვლენის მასშტაბებს და იმასაც, რომ ასეთი რამ პირველად ტარდება საქართველოში. ჩამოდის ლამის ნახევარი საქართველოს საოცნებო საფეხბურთო გუნდი. ფედერაციამ და ბილეთები.ჯი-მ საიტი დატესტეს 2500 მომხმარებლის ერთდროულ შესვლაზე. დაცინვაა პირდაპირ. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” საიტიც კი 5000 მომხმარებელზეა გათვლილი. და რომელ გენიოსს მოუვიდა ნეტავ აზრად ეს რიცხვი – 2500? საიდან მოვიდა? ძალიან ბევრია 2500? უამრავია?
  2. ლოგისტიკის მენეჯერი გაითვალისწინებდა სხვა ქვეყნებისა და საიტების გამოცდილებას. ფაქტია ასეთი რამ არ მომხდარა ჩვენი ფედერაციისა და საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან. შეიქმნებოდა ცალკე დროებითი საიტი, რომელიც იქნებოდა გათვლილი რეალურ მოთხოვნებზე და არა სასაცილო 2500 კაცზე. მემგონი ჩემი ბლოგიც კი უფრო მეტ მომხმარებელზეა გათვლილი.

ფედერაციამ მიანდო საქმე ბილეთები.ჯი-ს და ნახეს, რომ საიტი ჩაფლავდა (არ მინდა უფრო უხეშად ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებენ). რა მოხდა შემდეგ? ფედერაციამ ისევ ვერ დაინახა უფრო კომპეტენტური კადრების მოზიდვის აუცილებლობა. მაინც ისევ თავისი ქვის ხანის აზროვნებით შეუდგა პრობლემის გადაჭრას და რა მოიფიქრა? სალაროები, თავ-პირის მტვრევა, გინება, პოლიციის კორდონები, ღამისთევები, ურიგოებისა და რიგიანების ჩხუბი, ნაგავი, გულის ამრევი სიმხეცე და ბნელი, ქვის ხანის საუკუნეები.

რას იზამდა ლოგისტიკის მენეჯერი, ბილეთები.ჯი-ს ჩაფლავების შემდეგ? ან შექმნიდა ახალ უფრო მორგებულ და მოქნილ საიტს, ან – უზრუნველყოფდა ელექტრონულ რიგს. ქვეყანაში, სადაც ყველა ბანკს და ნორმალურ ორგანიზაციას აქვს ელექტრონული რიგის მოსაწესრიგებელი სისტემები, ფედერაციამ მაინც რვეულებით და ცოცხალი რიგებით ამჯობინა ფონს გასლა. ბოლოსდაბოლოს ქვეყანაში გვყავს Open Air-ის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელმაც მოახერხა ათასობით ბილეთის გაყიდვა, მშვიდად შეუშვა ხალხი და ეს ყველაფერი იყო ორგანიზებული და მოწესრიგებული (ბილეთებზე შტრიხკოდების წამკითხველი აპლიკაცია ტელეფონებში ჰქონდათ ჩაწერილი და რამდენიმე ტელეფონი დაჯდა, რამაც ოდნავ შეაყოვნა შეშვება და დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას შემდეგში ადგილი აღარ ექნება. წლიდან წლამდე მხოლოდ გაუმჯობესებაა ამ ღონისძიებაზე). შეეძლო, ვინმეს დაერეკა აჩიკო გულედანთან და რჩევა ეკითხა, რთული იყო? შეეძლო, დახმარება ეთხოვა გამოცდილი პროფესიონალებისგან, ვისაც უმუშავია დიდ ღონისძიებებზე. მაგრამ არა, ქვის ხანის აზროვნებას ქვის ხანის მენეჯმენტი აქვს. ის ვერ ხედავს პრობლემას და რომც დაინახოს, არ აღიარებს. “ბანძი” ხომ არაა, სხვას გადაუხადოს ფული. არ გამიკვირდება, ბილეთების “კარგად და ორგანიზებულად” გაყიდვისთვის პრემიებიც ჩამოირიგონ.

დროა, ყველა ორგანიზაცია, დიდი თუ პატარა, მიხვდეს, რომ ფული უნდა გადაუხადოს კომპეტენტურ კადრებს. დიდი საქმეები უნდა აკეთოს ხალხმა, ვისაც დიდი საქმეების კეთების გამოცდილება აქვს. ღონისძიება უნდა დაგეგმოს ლოგისტიკის მენეჯერმა და არა ბიძაშვილმა, ძმაკაცმა, მდივანმა და არ ვიცი, კიდევ ვინ. და ყველაზე მთავარი: უნდა იცოდეთ, სად გადის თქვენი შესაძლებლობების ზღვარი. არ შეიძლება, შეეჭიდო საქმეს, რომლის არც გამოცდილება გაქვს და არც შნო. აქ შენი სახელის და რეპუტაციის დაზარალება არავის ადარდებს, აქ ქვეყნის პრესტიჟზეა საუბარი. ვინ იცის, რამდენი ადამიანი წვალობდა, შრომობდა და იბრძოდა წლების განმავლობაში, რომ უეფას სუპერთასის თამაში ჩვენთან ჩატარებულიყო და ასე ერთი ხელის მოსმით ფეხბურთის ფედერაციამ წყალში გადაყარა ეს შრომა. მომავალში კი, ალბათ, არც არავის მოუვა აზრად ჩვენთან დიდი ღონისძიების ჩატარება. ქვეყანაში, სადაც ბილეთებსაც კი ვერ ყიდიან ორგანიზებულად.

ვინც აპირებთ ღონისძიების ჩატარებას, გახსოვდეთ, რომ არის მილიონი ნიუანსი, რომელიც არ იცით და ნუ შეგრცხვებათ ამის აღიარება. და ნურასოდეს იფიქრებთ, რომ თქვენ ყველაფერი იცით. დაიქირავეთ შესაბამისი სპეციალობის ადამიანები, რომელიც თქვენც გიხსნით სირცხვილისგან და ღონისძიებასაც ჩაატარებენ მაღალ დონეზე. ცუდად ჩატარებული ღონისძიების შედეგად მიღებული ზარალის განეიტრალება ბევრად ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე ერთი ნორმალური ლოგისტიკის მენეჯერის დაქირავება. როდესაც ბევრი სხვადასხვა დეტალის შეჯერებას, დაგეგმვასა და განხორციელებაზეა საუბარი, დაიქირავეთ ლოგისტიკის მცოდნე პროფესიონალი. ეს არაა სპეციალობა, რომ უნივერსიტეტში ისწავლო, ამას ვერც ტრენინგებზე ისწავლით და, მითუმეტეს, ვერც იუთუბზე ნანახი მასტერკლასით. ამას წლების განმავლობაში სწავლობენ პრაქტიკით საზღვარგარეთ და ჩვენთან.

პ.ს. საქართველოში არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ სერვისს სთავაზობს კომპანიებს. მათ შორის ერთ-ერთი არის Georgian Progress Group, რომელიც ახლახანს დავაარსეთ მე და რამდენიმე მაღალი დონის პროფესიონალმა. ეს კომპანია ორგანიზებასა და დაგეგმარებაში უშუალო ჩართულობის გარდა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს კონსულტაციებსაც. უფრო ვრცლად ჩვენი სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე – http://progressgroup.ge (ამ ეტაპზე საიტზე მიმდინარეობს სამუშაოები).

ავტორისგან: ანალიტიკური სტატიის გადაწერა და სხვა საიტებზე გავრცელება ავტორთან შეუთანხმებლად, არის საქართველოს საავტორო უფლებების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობით!

Advertisements

%(count)s კომენტარი »

  1. მოახდინე აუთსორსინგი, გააკეთებინე საქმე მას ვინც უკეთ იცის !

    კომენტარი by Magniti da Rkina — იანვარი 25, 2017 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: