Kesha's Blog

March 31, 2011

ალი მუხარაზისა და ლუსინდას საოცარი თავგადასავალი

Filed under: პროზა და პოეზია — kesha @ 01:41

Photography By:Raffaello Franiuk
Photo Gallery of Raffaelo Franiuk – http://www.flickr.com/photos/franiuk/

ალი მუხარაზისა და ლუსინდას საოცარი თავგადასავალი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, მაგრამ, ალბათ, არაფერი იარსებებდა იმაზე უკეთესი, რაც დიდი ხნის წინათ ალი მუხარაზის სამშობლოში ხდებოდა.

ალი პატარა უფლისწული იყო და, ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა, რასაც კი ისურვებდა, მისი სახემწოფო ღმერთებს უყვარდათ და უხვად დააჯილდოეს სილამაზითა და სიმდიდრით. ხოლო ძლიერი ხელმწიფე ხეფეზის ხელში ყველაფერი ყვაოდა…

და ჰყავდა მას ერთი ვაჟი, ალი მუხარაზი…

მიედინებოდა ცხოვრება მდინარე ზარიფივით თავის კალაპოტში და ალიც იზრდებოდა… მეფე ხეფეზი ხვდებოდა, მალე ღმერთები სულს მოსთხოვდნენ და მიწა მიწას მოითხოვდა. ერთ დღეს ვაჟი დაიბარა, აუხსნა ცხოვრების ავანჩავანი და სთხოვა დაქორწინებულიყო, შეექმნა ოჯახი და გამხდარიყო დიდებული ხელმწიფე…

ალი მუხარაზი დაფიქრდა და მიხვდა, არავინ ჰყავდა ქვეყნად ისეთი, ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებდა… მაშინ მეფე ხეფეზმა დიდი მეჯლისი მოიწვია და ქვეყნის დიდებულთა ოჯახები შეარჩია, რათა ამოერჩია მომავალი დედოფალი ალი მუხარაზის გვერდის დამამშვენებლად… უფლისწული იმდენად მოხდენილი, განათლებული და კარგი ადამიანი იყო ნებისმიერი ასული დათანხმდებოდა მის ცოლობაზე… მაგრამ ალი მწუხარებდა… იმ ღამით სასახლის კარიბჭე დატოვა და ღარიბულად ჩაცმულ-დახურული შაჰ-ფეიზის ქუჩებს შეერია… მთელი ღამე ხეტიალში გაატარა და გამთენიისას ჩაიხანას მიადგა… შენობიდან გამომავალმა მუსიკამ და მხიარილების ხმამ ალის ჩაიხანის კარი შეაღებნა და მის თვალებში გამოჩნდა ცხოვრების სრულქმნილება – ლუსინდა…

ლუსინდა მოცეკვავე იყო.. შავი თმები და თვალები.. მოხდენილი ტანი, ამტევნებული მკერდი, გაბუსხული ტუჩები და წითელი კაბა…

ამ დღის მერე ალი მუხარაზი ხშირად სტუმრობდა შაჰ-ფეიზის ხმაურიან ქუჩებსა და ღარიბულ ჩაიხანას… უყვარდა ლუსინდა…

ერთ დღეს ალი მიხვდა, რაღაც უნდა შეცვილილიყო და მსახურებს უბრძანა, მოცეკვავე სასახლეში მოეყვანათ… იმედოვნებდა, ლუსინდა მისი გახდებოდა ამ დღისთვის ემზადებოდა… ლუსინდამ ახედა უფლისწულს, მაგრამ სხვა დიდებული ოჯახის ქალიშვილების მსგავსად, არც გული წასვლია და არც ბნედა დამართვნია… უბრალოდ მიზეზი იკითხა სასახლეში მიყვანის… ალი ყველაფერში გამოუტყდა და თავისი გული და ხელი შესთვაზა… ქალმა თავი შორს დაიჭირა, მისთვის ალი უბრალოდ უცნობი მამაკაცი იყო და მეტი არაფერი…

დრო გადიოდა. ალი იზრდებოდა, თვალებში სიხალისე ემატებოდა… ლუსინდას ხშირად სტუმრობდა და აღარც ლუსინდა იყო ძველებურად შორეული და მიუწვდომელი… და აი ერთ დღეს, ალი მუხარაზმა დიდ ხელმწიფეს უჩვენა თავისი ღარიბი გულის სწორი… შეურაცხყოფილმა და განრისხებულმა მეფემ, ბრძანა თავის მხოლოდშობილი ვაჟისთვის თვალები დაეთხარათ და სასახლიდან გაეგდოთ, ლუსინდა კი შორს ქალაქის მიყრუებულ უბანში გაეყვანათ, რათა ურიცხვი ხალხების ქალაქ შაჰ-ფეიზში ერთმანეთი ვეღარასდროს ეპოვნათ…

დრო გადიოდა ალი კაცდებოდა და ცხოვრების სილამაზეს ბრმა ეზიარებოდა… სიბრძნე მიიღო და ქუჩებში ქადაგებდა… ქვეყანის სამქე სულ უფრო და უფრო უკან მიდიოდა, ღმერთები დიდ ხელმწიფეს განუდგნენ და შიდა არეულობა ატყდა… ალი მუხარაზი კი ამ აშლილობაში მეამბოხეების მეფედ იკურთხა და ხელმწიფეს წართმეულის დაბრუნებას სთხოვდა… ამის შემყურე ხელმწიფე მალევე გარდაიცვალა, ხოლო ბრძენი ალი მუხარაზი უდიდეს ხელმწიფედ იქცა… ქვეყანა აყვავდა, ღმერთებმა წყალობა მოიღეს, მაგრამ ვერავინ ხედავდა ღიმილს ბრმა ბრძენი მეფის სახეზე…

მსახურთუხუცესმა მეფისგან ფარულად ლუსინდას ძებნა დაიწყო…
ერთ დღესაც ალი მუხარაზს ნაცნობი ხმა ესმა და საყვარელმა სურნელმა ძველ დროში შეითრია… ეს ლუსინდა იყო.. ახლად აღმოცენებული, ზრაპრიდან მოსული…

ცხოვრებამ ლაღი ფერებით იწყო ხატვა და ალი მუხარაზი ამ ფერებში თავით გადაეშვა…
- ლუსინდა რა ფერად ჩადის მზე? შენ ხომ იცი როგორ მიყვარდა მზის ჩასვლა?
- წითლად ჩადის ალი, წითლად, შენ როგორც გიყვარდა, – პასუხობდა ლუსინდა და ალიმ არ იცოდა, ლუსინდასაც რომ დაეთხარა თვალები, სატრფოს სიბრმავე რომ არასოდეს ენახა და თანასწორი ყოფილიყვნენ ბედნიერებასა და უბედურებაში…

ალი იყო ხლმწიფე ღმერთების საყვარელი ქვეყნისა და მეფობდა დიდხანს და ბედნიერად… ქალაქი შაჰ-ფეიზი არასოდეს აღარ ყოფილა მსგავად ლამაზი, ფერადი, მოხატული, მუსიკითა და ლექსებით სავსე, ისე როგორც ალი მუხარაზის, ბრმა ხელმწიფის დროს..

და იყო ალი მუხარაზი მხოლოდშობილი ძე დიდი მეფე ხეფეზისა და ესვა დედოფლად ლუსინდა… ლუსინდა მოცეკვავე იყო.. შავი თმები და თვალები.. მოხდენილი ტანი, ამტევნებული მკერდი, გაბუსხული ტუჩები და წითელი კაბა…

ძილი ნებისა, ფერადი სიზმრები და კეთილი ანგელოზები…

[მე...]
[2009]

December 15, 2010

ჩვენ შევქმენით სამყარო შვიდ დღეში

Filed under: პროზა და პოეზია — kesha @ 01:41

Photography by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

(ჩემი სხვა ფოტოები შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე–> http://www.flickr.com/photos/samkharadze/ )

ჩვენ შევქმენით სამყარო შვიდ დღეში

დღეს ისევ რაღაც დაიწვა ჩემში..
ისევ იწვიმებს..
აღარ მაშინებს რკინის ჩიტები…
არ გავიცინებ,
როცა ასფალტზე დავახეთქებთ
უსახო კერპებს..
და მოვა წვიმა..
ყოვლის წამლეკი, სუფთა ტალახით,
რითაც ოდესღაც ვძერწავდით ღმერთებს…
ტანს შეიმშრალებ იმავ ბალახით,
წეღან რომ ძოვდა ჩვილი ირემი,
მე და შენ რომ გამოვძერწეთ
მეექვსე დღეს ჩვენი ცხოვრების…

გარეთ ღამეა უსახური არაფრისმთქმელი..
ცა გაიბზარა, წვიმა ტირის მიწის ბოლქვებით..
შენთან დილაა, მზე ამოდის ყოვლისმომცველი..
მე ვერ გავიგე, რომ გათენდა, როცა მოხვედი…

გადმოდი ჩემთან, გადალახე სივრცული ველი..
მომნატრებია, წითელფერობა შენი ღაწვების..
მაცვია მწვანე.. ღია კარში ვდგავარ და გელი..
გადმოდი ჩემთან, ცივ მთვარეზე ერთად დავწვებით..

ნუ შეგაშინებს ჩემი სველი შავი თვალები,
დღეს ჩემს ორგანიზმს უწერია ღამის თენება..
კოსმოსურ ცხენებს დავაჭედეთ ცეცხლის ნალები..
ვერას დაგვაკლებს შავი ჟანგის უკუდინება..

ვტოვებთ სამყაროს, სავსეს მიწით და სველს წყლით..
მივეცით მზე ყვითელი და მთვარე ნაცრისფერი..
გადავხურეთ ლურჯი ცით..
პირველ დღეს შევქმენით დინოზავრები და მეორე დღეს გადავაშენეთ..
მეორე დღეს შევქმენით მწვანე ფერი..
მესამე დღეს შევქმენით
სველი თევზი,
მშრალი კატა და
ჰაეროვანი კოლიბრები…
მეოთხე დღეს დავიწყე ძერწვა ადამის და შენ გამცინე, ნეკნი მომპარე და ევაჩკა გააკეთე..
მეხუთე დღეს შევქმენით სიყვარული, რომ ჩვენნაირად შეექმნათ თავიანთი სამყაროები ადამს და ევას..
მეექვსე დღეს შევქმენით ირემი, რომ მოეძოვა მწვანე ფერი..
მეშვიდე დღეს შევქმენით ღმერთი, რომ თავი აღარ შეგვეწუხებინა და დავტოვეთ სფერო სავსე იმედებით და ცისფერი მწვანით…

დღეს ეს სამყარო უიმედოდ გაწითლებულა…
[მე..]
[ლისაბონი, 2010]

March 12, 2010

სიყვარულს ვეძებდი…


Photo By – Ben Heine
© All rights reserved.
http://www.flickr.com/photos/benheine/ – Ben Heine’s Web Gallery

სიყვარულს ვეძებდი…

სიყვარულის საძებნელად წავედი… გზად საგზალი წავიღე… საკვებად შენი ფოტოები, გაზაფხულისფერი… ჩავიცვი შავი შარვალი, კლასიკური ( სიყვარულის საძებრად მივდივარ ბოლისდაბოლოს ) … იასამნისფერი სიზმრები გადავიცვი და სალათისფერი ხასხასა მწვანე მოგონებები შარფად მოვიხვიე…
კომპასი არ მქონდა… თვალები დავხუჭე და, საითაც გავიხედე პირველად, იქით წავედი…
ლოდინის უდაბნოები გადავიარე…
უძილო ღამეების უღელტეხილიც გადავლახე…
სევდის ზღვას მივადექი… ნაკუწნაკუწ შევაგროვე შენი თბილი სიტყვები, შენი გამოხედვები და ღიმილი… და გემი შევაკოწიწე… იმედის ქარიც აფრებს აფორიაქებული გულივით ბერავდა…
იცოცხლე, ფოტოები იმდენი მქონდა, საკვები არ გამომლევია…
ბევრი ვიცურე თუ ცოტა… ნაპირი გამოჩნდა…
შავთეთრი…
ჩემი გემი, შეკოწიწებული, უარის ტალღამ დააქუცმაცა… უკან გზა მოჭრილია… წინ კი უღიმღამო უფერულობაა… დამრჩა მხოლოდ ერთი ფოტო შუაზე გახეული, სადაც ერთად ვიყავით გადაღებული, მხოლოდ შენი ნახევარი…
მეტკინა, სასწაულად მეტკინა გული…
და მივხვდი, სადაც იყო სიყვარული… მე ის ვიპოვე, მაგრამ შენ ვეღარ გპოულობ…

წყალმა გამორიყა ფსკერზე წასული გემის ნამსხვრევები: ცოტაოდენი შენი ტკბილი სიტყვები, ორიოდე შენი გამოხედვა და ღიმილი ერთადერთი და განუმეორებელი…
ადამიანის გული უძირო ზღვასავითაა… ყველაფერს ინახავს… და უზომო სიყვარულსაც იტევს, თურმე… იმ სიყვარულს, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ვეძებდი…
[მე...]

September 21, 2009

დედა, იცი, აქ ისვრიან..

Filed under: პროზა და პოეზია — kesha @ 01:41

დედა, იცი, აქ ისვრიან..

დედა, იცი, აქ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს.. ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა…

დედა, იცი, ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი… მეც ვისვრი, დედა.. დედა ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე.. სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა..

დედა ჩამქვრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჭების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი.. დედა ვხედავ და აღარ მტკივა.. სისხლი მდის და ვხელდები..

იცი ხუთი დღის წინ ირაკლი მოკლეს.. ხომ გახსოვს იკა, ერთად ვსწავლობდით.. მხიარული ბიჭი.. შენ ხომ გახსოვს დედა, როგორ ვმეგობრობდით.. უნდა გახსოვდეს, თორემ მე თუ გადავრჩი, ვიცი ბევრი აღარაფერი მემახსოვრება, თავიდან უნდა მომიყვე ჩემი ცხოვრება..

მე მხოლოდ გასროლიდან გასროლამდე ვცხოვრობ..

ხუთი დღის წინ ირაკლისაც დაასწრეს.. დედა ვერ მოასწრო სროლა.. გახედა და არ ესროლა.. იარაღი დაუშვა.. დედა ვაჟკაცი ბიჭი იყო, მისი მოკვლა საცოდაობას დაატრიალებდა და არ მოკლა.. მანაც დაუშვა იარაღი, დაინდეს ერთმანეთი.. იკამ გამომხედა და აცრემლებულმა მითხრა: ამის მოკვლა საცოდაობაა, შეხე რა ბიჭია.. ეს რომ მოვკლა, რა ნამუსით ვიცხოვროო.. და გაიღიმა.. ხომ გახოსვ დე, როგორი ღიმილი ჰქონდა… მაგრამ სხვებმა არ დაინდეს.. სხვამ ესროლა იკას.. და ღიმილიანი დავარდა.. აღარაფერი აღარ უთქვამს.. ირაკლის სისხლის სუნი დადგა ჰაერში.. იქ ცოდვის დღე დატრიალდა, დე.. იცი რა მოხდა? იმან, იმ ბიჭმა, თავისიანი მოკლა.. არ დაინდო.. არ აპატია, ომის მეგობარი რომ მოუკლეს.. არავის აპატია.. მერე ის გაგიჟებული ეგონათ დე, და მოერივნენ.. ვერ მოვითმინე.. ხომ გესმის ჩემი, შენ უნდა გესმოდეს, სხვა გზა არ გაქვს, დედა, უნდა გესმოდეს, რომ ვერ მოვითმინე. ერთდროულად ორი კარგი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან..

და ვისროლე..

ვისროლე და ტყვიას გავყევი, მთელი სურვილი ჩავატანე, მიზანს ვერ აცდებოდა, არ ჰქონდა უფლება, რომ ასცდენოდა.. არა….. ვირგრძენი, როგორ გაიარა ცივი ჰაერი.. კვამლი.. როგორ დაადნო ჰაერში გზად შემხვედრი ფიფქები.. მეც დავასწარი სხვას..

და მერე გაისმა ის ხმა.. ის საშინელება, რომელიც ყოველ ღამით მესმის.. ამ ხმას ვერაფერი სხვა ვერ გამოსცემს.. 22-25 წლის ბიჭის ჯერ კიდევ ნორჩი შუბლის ძვალი გადასკდა, დედა.. და ის ტყვია მე ვიყავი.. სკდომის ხმა..

ის ღამე არ დამძინებია, დედა.. ორვე გამოვიტირე.. დილით უკვე ცარიელი ვიყავი.. და ომმა ისევე დამტენა, როგორც ცარიელი მჭიდი.. სიკვდილის ისრებით გამავსო..

ბევრის თვალებში ჩავაქრე სინათლე.. ბევრს ვანანე დაბადება, დედა.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ..

ყველაფერი მავიწყდება ნელნელა..

იცი რა მენატრება? შოკმანჟე და ჩვენს ნაძვებში მინდორზე წამწოლა, ჩემს საყვარელ ბიძაშვილებთან ერთად.. ისევ ფაცხის აშენება მინდა.. რომ ჩამოვალ ავაშენებ მერე.. დედა თუ არ დავრუნდი, ბევრი მიტირე.. ყველას გააგებინე.. ყველამ მიტიროს.. ვიცი რომ ბევრს დავწყვეტ გულს.. ვიცი რომ ბევრი მოტირალი მეყოლება… ყველას უთხარი, დე, რომ მამაცი შვილი გყავს.. უნდა იამაყო, დედა.. სხვა აღარაფერი დაგრჩება თუ სხვებმა დამასწრეს..

მამამ იცის.. მამამ იცის, როგორ უნდა გაუძლოს ამას.. ის კაცია და ის გამიგებს. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით.. გაუფრთხილდი მამას…

დედა, ვიცი, რომ მეც შემეძლო ბევრის მსგავსად სახლში დავრჩენილიყავი, ავადმყოფის საბუთი გამეკეთებინა და ყოველ ღამით ლუდით ხელში სავარძელში ჩამჯდარს ტელევიზორი მეყურებინა და სადღეგრძელოებში მეპატრიოტა.. დედა, შენი შვილი უკვე კაცია.. ტყვიებში გაიზარდა.. მე სახლში ვერ დამაკავებდით… მე მათთვის არ ვიბრძვი.. თუ გადავრჩები, მათთვისაც მექნება პასუხი….

მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდება გული… დედა, თუ ვერ დავბრუნდი, ჩემს უჯრაში დიდი თეთრი რვეული დევს.. იქ ჩემი ლექსები წერია.. ეგ ლექსები მარიკასია.. მისთვისაა დაწერილი და მას მიუტანე.. ხომ იცოდი, მარიკა რომ მიყვარდა.. უნდა მეთქვა აქამდეც.. მომერიდა.. დამაგვიანდა..

დედა, გული მწყდება.. მინდოდა, ვინმე მეც მყოლოდა გვერდში ვისაც ისევე ვეყვარებოდი, როგორც მე.. ვისაც მოუნდებოდა ჩემთვის გულის გადაშლა.. ვინც მომეფერებოდა.. ვინც ჩემს მკლავზე დაიძინებდა.. ვის თმებშიც თავს ჩავრგავდი.. დედა ბავშვები მინდოდა.. ორი ბიჭი და ნაბოლარა გოგონა.. მე ეს ვერ გამოვცადე, დედა.. ვერ ვიცხოვრე…

მე თუ ვერა, ბიჭები დაბრუნდებიან.. ვინმე აუცილებლად დაბრუნდება.. ის იყოს ჩემი მაგიერი.. გადარჩენილ ბიჭებს მოეფერეთ.. აქ ხომ ყველას ერთი დედა გვყავს.. აქ ერთი სახელი გქვია ყველას.. დედა, იცი, აქ ისევ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს..

 მე შევიცვალე..

მე აღარ მტკივა..

მე აღარ ვნანობ..

July 23, 2009

რამდენიმე ლექსი

Filed under: პროზა და პოეზია — kesha @ 01:41

 ცხოვრებისეული განტოლება

 მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…

ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი…
ეკლიან გზაზე ბევრი გვქონდა ალბათ შეცდომა
და სიკისკასეც მრავლად ვნახეთ თოთო ბავშვივით…
 

მერე რა მოხდა?
რით დასრულდა ძველი ნოველა?
ჩვენს განტოლებას ვერ ვუპოვნეთ ვერც ერთი ფესვი…    

[მე...]
[06.02.2007]

 

 

 

ეჰეი, ღმერთებო!!!
ეჰეი, ღმერთებო, ჩემს გულს ცეცხლი რად მოადინეთ,
მე ხომ სიყვარულს თქვენ არ გთხოვდით,
მხოლოდ გიმხელდით…
ამ გულით ერთი უბადრუკი ცხოვრება დამაქვს,
თქვენ ჩემს ვედრებას არად სცნობდით,
ხომ არ იმჩნევდით!!!
ეჰეი, ღმერთებო, გადმომხედეთ!
თვალს ნუ მარიდებთ!!!
რად დაიკარგეთ ბუმბერაზი მთების წვერებზე?!
რომ იმალებით, ხალხის თვალში უფერულდებით;
მალე გაგცვლიან ღვინოსა და სებისკვერებზე…
ეჰეი, ღმერთებო, ძირს ჩამოდით!
ყური დამიგდეთ,
თქვენზე ლოცვაში და თქვენს ფიქრში, როგორ ვბერდებით!!!
თუ არ ჩამოხვალთ და მთებს თეთრი ღრუბლით დაფარავთ,
კვლავ გადაწვავენ არტემიდას ტაძარს ბერძნები…
მალე ჩამოდით…
გაილია ქვიშის საათი..
და ჩემს ქვეყანას დააკრავენ ბინძურ არტახებს…
მალე ჩამოდით!..
თორემ თქვენი დედის წილხვედრი,
ჩემი ქვეყანა რკინის ჩიტით გააპარტახეს…

[მე...]
[14.09.2008]

 

 

 

***


დღეები გალეშილ მრბოლელებს მოჰგვანან,
მიჰქრიან
და უკან წარსულ დროს ტოვებენ.
მიჰქრიან,
არაფრად აგდებენ მომავალს..
გზადაგზა გვაყრიან წარსულ მოგონებებს…

მე და შენ გაუვლელ ბილიკზე ვეშვებით,
საყრდენად ვიყენებთ იმედებს ერთურთის,
წყენები გვკაწრავენ პატარა ეშვებით
და ჩვენი თვალები გაბუტვას ემდურის…

მე და შენ საკუთარ სამყაროს ვაშენებთ
და საზღვრებს ვამაგრებთ ფერადი ოცნებით
და თუ დავიკარგეთ,
მინდა, რომ მჯეროდეს _
შენ გაგახსენდები ფერებით, კოცნებით…

და, თუკი დღეები გაგვყრიან გზადაგზა,
გთხოვ, ნუ დამივიწყებ..
გთხოვ, მუდამ გახსოვდეს,
როდესაც გაჰყვები ცხოვრების შარაგზას,
არვინ მყვარებია შენსავით ამდრომდე…
[მე...]

[08.08.08]

The Rubric Theme Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.