Kesha's Blog

ივლისი 14, 2015

ცოტა რამ ლოგისტიკის მენეჯმენტის შესახებ

logistika

  1. management – the person or persons controlling or directing the affairs of a business , institutions, etc.
  2. logistics – The detailed organization and implementation of a complex operation.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ლოგისტიკის მენჯმენტში მოვიკოჭლებთ. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთი კი უდავოდ უმნიშვნელოვანესი მიზეზია – სხვადასხვა სტრუქტურების მმართველები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, უბრალოდ ვერ ხვდებიან, ვერ ხედავენ ამ დარგის პროფესიონალების დაქირავების აუცილებლობას. ეს კი მხოლოდ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

მინდა, გამოვყო ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც საჭიროებდა ამ დარგის სპეციალისტების მობილიზებას და საქმის გარშემო გაერთიანებას:

  • 14.06.2015
  • ბილეთების ვერ გაყიდვის ამბავი

სანამ უშუალოდ მიმოხილვაზე გადავიდოდე, მოკლედ მინდა აგიხსნათ, ვინ არის ლოგისტიკის მენეჯერი. ადრე დავწერე პატარა პოსტი ამის შესახებ, მაგრამ ახლა უფრო ვრცლად მოვყვები. საქართველოში ამ დასახელების უამრავი ვაკანსია შეგიძლიათ მოძებნოთ, თუმცა მათ 95%-ს შეცდომაში შეჰყავხართ. საქართველოში ლოგისტიკის მენეჯერს (ძალიან სულელურად) საწყობის გამგეს ეძახიან და ეს უცოდინრობის ბრალია. არ ვხუმრობ, მართლა. სინამდვილეში ლოგისტიკას სამი მნიშვნელობა აქვს:

  • დაგეგმარება და ორგანიზება
  • ტვირთების გადაზიდვა გემებით, მატარებლებით, თვითმფრინავებით, დიდი სატვირთოებით.
  • მილიტარისტული განმარტებით საჯარისო შენაერთების გადაადგილებისა და განთავსების დაგეგმარება (თუ არ ვცდები).

როგორც ჩანს, რომელიღაც “ჭკვიანს”, რომელმაც სავარაუდოდ თავისი მეგობარი დაასაქმა საწყობის გამგედ, მოეპრიანა, მეგობრის ეგოს დასაკმაყოფილებლად თანამდებობისათვის “მყვირალა” სახელი დაერქმია. და, აი ასე, საწყობის გამგე საქართველოში იქცა ლოგისტიკის მენეჯერად. სასაცილოა ხომ? ჩემი აზრით კი სატირალია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ლოგისტიკის გენერლები გვყავს ქვეყანაში, რომელთაც თავდაცვაში საწყობები აბარია მხოლოდ.

რეალურად კი საწყობთან ლოგისტიკას არაფერი ესაქმება. ლოგისტიკის პირველადი მნიშვნელობა ოქსფორდის განმარტებით ლექსიკონში ასეთია –კომპლექსური ოპერაციების დეტალურად დაგეგმვა და განხორციელება. მთელს მსოფლიოში არსებობენ პროფესიონალები, რომელიც სწორედ ამ სერვისს სთავაზობენ კლიენტებს. ლოგისტიკის მენეჯერი არ ზის გაპრიალებულ კაბინეტში, არ დადის ბრონირებული ჯიპით და არ დაჰყვება დაცვა. მას თითქმის ვერ ნახავთ სახელმწიფო სტრუქტურებში, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ის დაბადებულია საველე სამუშაოებისათვის. ის მუდამ გარეთაა, მუდამ იცის საქმის დეტალური ვითარება. მას არ ეხება ღონისძიების შინაარსი – სხვა ყველაფერი კი მას ეხება. დამსაქმებელი, რომელსაც სურს ღონისძიების გამართვა (არ აქვს მნიშვნელობა ხანმოკლე თუ გრძელვადიანი), ქირაობს ლოგისტიკის მენეჯერს, უხსნის ღონისძიების შინაარს, მასშტაბებს და აცნობს თავის მოთხოვნებს. პროფესიონალი ლოგისტიკის მენეჯერის თავში უმალ იხატება სურათი: ღონისძიების დარბაზი, შესასვლელები, გამოსასვლელები, ორგანიზატორების ოთახი, შეხვედრების ოთახები, თარჯიმნები და მათი საჭიროებები, გახმოვანება, კვება, ბრეიქები, ღონისძიების მასალები, დიზაინერები, განთავსება, ტრანსპორტირება, დაცვა, კომუნიკაციები და სხვა მილიონი დიდი თუ პატარა დეტალი. ის ყველაზე ადრე ხედავს, რა სახე ექნება ღონისძიებას, ვინ რას გააკეთებს და სად რამდენი ადამიანი იქნება საჭირო. ასეთია ლოგისტიკის მენეჯერი: თქვენ ფიქრობთ რაღაცაზე? ის უკვე ხედავს მას. მან უკვე იცის, სად იქნება სავარაუდო პრობლემები, სირთულეები და სხვ. ლოგისტიკის მენეჯერის ტვინი სხვანაირად მუშაობს – მის თავში ხდება პროექცია, არარსებულს რეალურად ხედავს. კი, ის შეიძლება შევადაროთ ადამიანს, რომელიც მომავალს ხედავს. ასეთი არის ამ დარგის ნამდვილი პროფესიონალი. საქართველოში ასეთი ძალიან ცოტაა. ალბათ ჩემი ათი თითი დაიტევს თამამად მათ რაოდენობას. ახლა კი სათითაოდ მიმოვიხილოთ ორი მოვლენა, რომელიც საჭიროებდა ამ დარგის სპეციალისტების ჩართულობას.

2015 წლის 14 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო და მასთან ერთად მსოფლიოს დიდი ნაწილიც. ქვეყანა უმალ მოხვდა მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ნიუსებში. ქვეყანაში ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების გამო მსუბუქი პანიკა შეინიშნებოდა. და რა დავინახეთ ამ დროს? უუნარობა, არამობილიზებულობა, თავმოუბმელობა, შეუთანხმებლობა და კოორდინაციის ნაკლებობა. აქ საუბარი არაა სამაშველო ოპერაციებსა თუ ცხოველების დაჭერა/ლიკვიდაციაზე. ეს სპეციფიკური საქმიანობის სფეროებია, სადაც შესაბამისი სფეროს მცოდნე ხალხი უნდა მუშაობდეს. მაშ სად დადგა ლოგისტიკის მენეჯერის საჭიროება? 14 ივნისს ათასობით მოხალისე მივიდა სტიქიის ადგილზე და გამოხატა დახმარების სურვილი. აი აქ დაიწყო არაორგანიზებულობა:

  1. მერია აცხადებდა, რომ საჭიროა მოხალისეები გმირთა მოედანზე. საპატრულო პოლიციამ კი ყველა მხარიდან, საიდანაც შეიძლებოდა გმირთა მოედანზე მოხვედრა, გზები გადაკეტა. დასკვნა: შსს-სა და მერიას შორის კოორდინაცია არ არსებობს.
  2. მხოლოდ დასუფთავების სამსახურს ჰქონდა სხვადასხვა იარაღი – ნიჩაბი, ბარი და სხვ. მოხალისეები კი იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებოდათ, რომ როგორმე ნაგავი და შლამი გაეტანათ – “პოდნოსებს”, აქანდაზებს, ფანერის ნაჭრებს და სხვა ამოუცნობ საგნებს. ძალიან გვიან მოამარაგეს ახალგაზრდები ნიჩბებითა და ბარებით. მერიამ დასახმარებლად დაუძახა მოხალისეებს – მათთვის სამუშაო აღჭურვილობის მობილიზება არავის მოუვიდა აზრად.
  3. მოხალისეებმა მომდევნო დღეებში თვითონ დაიწყეს ელიავას ბაზრობაზე ნიჩბებისა და ბარების შეძენა. ელიავაზე გამყიდველებმა ფასები გაზარდეს, ნახეს რა რომ მოთხოვნა გაიზარდა. არავის მოუვიდა აზრად ფასების გაკონტროლება, ან მინიმუმ ის, რომ მოხალისეები არავის “გაეწეწა”.
  4. არ არსებობდა საგანგებო შტაბი გმირთა მოედანზე. სადაც იქნებოდნენ წარმომადგენლები მერიიდან, დასუფთავების სამსახურიდან, შსს-დან, თავდაცვიდან და სხვ. შტაბი იმისთვისაა საჭირო, რომ ადგილიდან მართოს ყველა საგანგებო სიტუაცია, უმალ ვრცელდებოდეს დავალებები და იქვე ხდებოდეს შემოწმება შესრულებული საქმიანობის. იყო შტაბი? კი! პრემიერ მინისტრის ოფისში. რა უნდა საგანგებო შტაბს სოლოლაკში, როცა სტიქია ვერეს ხეობაშია?
  5. ბოლო დღეებში მოალისეებმა შექმნეს საიტი, ფეისბუქ ჯგუფი, საკონტაქტო სიები და სხვ. 20 000 კაცი თვითონ უწევდა კოორდინაციას ამხელა მასის განაწილებას და მოძრაობას.

სახელმწიფოს უნდა შეექმნა შტაბი, მოეწვია ან საკუთარ სტრუქტურებში მოეძებნა ლოგისტიკის მენეჯერი, რომელსაც აქვს დიდი ღონისძიების მართვის გამოცდილება და მოხალისეებისა და ადამიანური რესურსების მართვა უნდა ჩაებარებინათ. ამ შტაბში უნდა შესულიყვნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები – არა ბუტაფორიები, არამედ, რეალურად საქმის გამკეთებელი და მუშა ადამიანები. შტაბს სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციაში უნდა დაენაწილებინა მოხალისეები ობიექტებზე. შესაბამისად უნდა მოქცეულიყო წყლისა და საჭმლის რესურსების შემთხვევაშიც. თუმცა რეალურად მომდევნო დღეებში უკვე ვეღარ ვიგებდით, სად ტექნიკა მუშაობდა, სად დაიშვებოდნენ/არ დაიშვებოდნენ მოხალისეები, სად სჭირდებოდათ ადამიანური რესურსები, სად წყალი აკლდათ ან საჭმელი, სად ტრანსპოტი სჭირდებოდათ და იყო დომხალი, სანამ ეს ხალხი თვითონ არ მობილიზდა. ამ თვითმობილიზებას კი დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა, სამწუხაროდ. რომელიმე მმართველ პირს დიდი ღონისძიების ჩატარების გამოცდილება რომ ჰქონოდა, აუცილებლად მიხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი, რაც ზემოთ დაიწერა, აუცილებლად იყო გასაკეთებელი. მაგრამ რაც მოხდა ყველამ დავინახეთ და ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ. მე პირადად მიმუშავია ნატოს სამიტზე 2010 წელს ლისაბონში, ეუთოს სამიტზე 2010 წელს ასტანაში, ნატოს სამიტზე 2012 წელს ჩიკაგოში, ვმუშაობდი თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტში და ათასობით მოხალისესთან მქონდა შეხება. მინახავს, როგორ იმართება ამხელა ღონისძიებები და მიმიღია მონაწილეობა. საქართველოშიც თბილისი 2015-ის ფარგლებში გვაქვს მოხალისეების დეპარტამენტი, რომელიც ათასობით მოხალისეს მართავს. ნუთუ, არ შეიძლებოდა 1-2 მენეჯერის დროებით ჩართვა სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო საქმიანობაში? მაგრამ ეს არავის მოუვიდა აზრად. მეც, ისევე როგორც ბევრი სხვა, მივედი და, რაც შემეძლო, ვიმუშავე. არადა შეგვეძლო, ბევრად უფრო ორგანიზებული გაგვეხადა ეს ყველაფერი პირველივე დღიდან, ამას მხოლოდ ზემდგომი პირების ნება სჭირდებოდა, ვიღაცას ეს უნდა მოფიქრებოდა.

უეფას სუპერთასი თავისი მასშტაბებით მეორე ადგილზეა სპორტულ ღონისძიებებს შორის, რომელიც ოდესმე გამართულა ან უნდა გაიმართოს უახლოეს მომავალში. პირველ ადგილზე თბილისი 2015 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია. ის, რაც ბილეთების გაყიდვისას მოხდა არის კატასტროფა, მარაზმი და ქვის ხანის გამოძახილი. მსგავსი სახის სირცხვილი დიდი ხანია არ მომხდარა ჩვენს ქვეყნაში. ფეხბურთის ფედერაციის უუნარობა უბრალოდ უუნარობის სახელმძღვანელოშია შესატანი, რომ მომავალ თაობებს ვასწავლოთ, “როგორ არ უნდა აკეთო საქმე”. სულ ტყუილად ცდილობს ფედერაციის პრეზიდენტი, თითის სხვებისკენ გაშვერას.

გაინტერესებთ, როგორ კეთდება საქართველოში საქმე? წარმოიდგინეთ სიტუაცია – “ვაა ბიჭებო, დავაი მოვიხოდეთ ახლა, ბილეთებზე დავჩალიჩდეთ, ბილეთები.ჯი გაყიდის, ჩვენ ფული მოგვივა, მაგარი პონტია, ძმაკაცები შემოვიკრიბოთ გარშემო, ჩვენც მაგრად მოვხოდავთ სიტუაციას, რად უნდა ამას ბევრი ბაზარი, ბლა ბლა ბლა”. ეს ხდებოდა ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე. ასე კეთდება ყველა ქართული საქმე, სადაც ვერ ხვდებიან, რომ ამის კომპეტენცია არ აქვთ თვითონ, არც მაგათ ნათესავებს და არც მითუმეტეს ძმაკაცებს და მეგობრებს, არც ცოლის დაქალებს. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს უეფას სუპერთასის საორგანიზაცო კომიტეტიც, რომელიც არც კი დაფიქსირებულა ამ პრობლემის ფარგლებში. არადა უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა უეფას სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტეს არ უნდა ეხებოდეს? უცნაურია ხომ? დომხალი – სიტყვა, რომელიც იდეალურად აღწერს უეფას სუპერთასის ბილეთების გარშემო ჩართული პირებისა და ორგანიზაციების მუშაობას.

რას იზამდა ლოგისტიკის მენეჯერი? – ისმის კითხვა. მე მოგიყვებით მოკლე მონახაზს:

  1. ლოგისტიკის მენეჯერი გაითვალისწინებდა მოვლენის მასშტაბებს და იმასაც, რომ ასეთი რამ პირველად ტარდება საქართველოში. ჩამოდის ლამის ნახევარი საქართველოს საოცნებო საფეხბურთო გუნდი. ფედერაციამ და ბილეთები.ჯი-მ საიტი დატესტეს 2500 მომხმარებლის ერთდროულ შესვლაზე. დაცინვაა პირდაპირ. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” საიტიც კი 5000 მომხმარებელზეა გათვლილი. და რომელ გენიოსს მოუვიდა ნეტავ აზრად ეს რიცხვი – 2500? საიდან მოვიდა? ძალიან ბევრია 2500? უამრავია?
  2. ლოგისტიკის მენეჯერი გაითვალისწინებდა სხვა ქვეყნებისა და საიტების გამოცდილებას. ფაქტია ასეთი რამ არ მომხდარა ჩვენი ფედერაციისა და საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან. შეიქმნებოდა ცალკე დროებითი საიტი, რომელიც იქნებოდა გათვლილი რეალურ მოთხოვნებზე და არა სასაცილო 2500 კაცზე. მემგონი ჩემი ბლოგიც კი უფრო მეტ მომხმარებელზეა გათვლილი.

ფედერაციამ მიანდო საქმე ბილეთები.ჯი-ს და ნახეს, რომ საიტი ჩაფლავდა (არ მინდა უფრო უხეშად ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებენ). რა მოხდა შემდეგ? ფედერაციამ ისევ ვერ დაინახა უფრო კომპეტენტური კადრების მოზიდვის აუცილებლობა. მაინც ისევ თავისი ქვის ხანის აზროვნებით შეუდგა პრობლემის გადაჭრას და რა მოიფიქრა? სალაროები, თავ-პირის მტვრევა, გინება, პოლიციის კორდონები, ღამისთევები, ურიგოებისა და რიგიანების ჩხუბი, ნაგავი, გულის ამრევი სიმხეცე და ბნელი, ქვის ხანის საუკუნეები.

რას იზამდა ლოგისტიკის მენეჯერი, ბილეთები.ჯი-ს ჩაფლავების შემდეგ? ან შექმნიდა ახალ უფრო მორგებულ და მოქნილ საიტს, ან – უზრუნველყოფდა ელექტრონულ რიგს. ქვეყანაში, სადაც ყველა ბანკს და ნორმალურ ორგანიზაციას აქვს ელექტრონული რიგის მოსაწესრიგებელი სისტემები, ფედერაციამ მაინც რვეულებით და ცოცხალი რიგებით ამჯობინა ფონს გასლა. ბოლოსდაბოლოს ქვეყანაში გვყავს Open Air-ის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელმაც მოახერხა ათასობით ბილეთის გაყიდვა, მშვიდად შეუშვა ხალხი და ეს ყველაფერი იყო ორგანიზებული და მოწესრიგებული (ბილეთებზე შტრიხკოდების წამკითხველი აპლიკაცია ტელეფონებში ჰქონდათ ჩაწერილი და რამდენიმე ტელეფონი დაჯდა, რამაც ოდნავ შეაყოვნა შეშვება და დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას შემდეგში ადგილი აღარ ექნება. წლიდან წლამდე მხოლოდ გაუმჯობესებაა ამ ღონისძიებაზე). შეეძლო, ვინმეს დაერეკა აჩიკო გულედანთან და რჩევა ეკითხა, რთული იყო? შეეძლო, დახმარება ეთხოვა გამოცდილი პროფესიონალებისგან, ვისაც უმუშავია დიდ ღონისძიებებზე. მაგრამ არა, ქვის ხანის აზროვნებას ქვის ხანის მენეჯმენტი აქვს. ის ვერ ხედავს პრობლემას და რომც დაინახოს, არ აღიარებს. “ბანძი” ხომ არაა, სხვას გადაუხადოს ფული. არ გამიკვირდება, ბილეთების “კარგად და ორგანიზებულად” გაყიდვისთვის პრემიებიც ჩამოირიგონ.

დროა, ყველა ორგანიზაცია, დიდი თუ პატარა, მიხვდეს, რომ ფული უნდა გადაუხადოს კომპეტენტურ კადრებს. დიდი საქმეები უნდა აკეთოს ხალხმა, ვისაც დიდი საქმეების კეთების გამოცდილება აქვს. ღონისძიება უნდა დაგეგმოს ლოგისტიკის მენეჯერმა და არა ბიძაშვილმა, ძმაკაცმა, მდივანმა და არ ვიცი, კიდევ ვინ. და ყველაზე მთავარი: უნდა იცოდეთ, სად გადის თქვენი შესაძლებლობების ზღვარი. არ შეიძლება, შეეჭიდო საქმეს, რომლის არც გამოცდილება გაქვს და არც შნო. აქ შენი სახელის და რეპუტაციის დაზარალება არავის ადარდებს, აქ ქვეყნის პრესტიჟზეა საუბარი. ვინ იცის, რამდენი ადამიანი წვალობდა, შრომობდა და იბრძოდა წლების განმავლობაში, რომ უეფას სუპერთასის თამაში ჩვენთან ჩატარებულიყო და ასე ერთი ხელის მოსმით ფეხბურთის ფედერაციამ წყალში გადაყარა ეს შრომა. მომავალში კი, ალბათ, არც არავის მოუვა აზრად ჩვენთან დიდი ღონისძიების ჩატარება. ქვეყანაში, სადაც ბილეთებსაც კი ვერ ყიდიან ორგანიზებულად.

ვინც აპირებთ ღონისძიების ჩატარებას, გახსოვდეთ, რომ არის მილიონი ნიუანსი, რომელიც არ იცით და ნუ შეგრცხვებათ ამის აღიარება. და ნურასოდეს იფიქრებთ, რომ თქვენ ყველაფერი იცით. დაიქირავეთ შესაბამისი სპეციალობის ადამიანები, რომელიც თქვენც გიხსნით სირცხვილისგან და ღონისძიებასაც ჩაატარებენ მაღალ დონეზე. ცუდად ჩატარებული ღონისძიების შედეგად მიღებული ზარალის განეიტრალება ბევრად ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე ერთი ნორმალური ლოგისტიკის მენეჯერის დაქირავება. როდესაც ბევრი სხვადასხვა დეტალის შეჯერებას, დაგეგმვასა და განხორციელებაზეა საუბარი, დაიქირავეთ ლოგისტიკის მცოდნე პროფესიონალი. ეს არაა სპეციალობა, რომ უნივერსიტეტში ისწავლო, ამას ვერც ტრენინგებზე ისწავლით და, მითუმეტეს, ვერც იუთუბზე ნანახი მასტერკლასით. ამას წლების განმავლობაში სწავლობენ პრაქტიკით საზღვარგარეთ და ჩვენთან.

პ.ს. საქართველოში არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ სერვისს სთავაზობს კომპანიებს. მათ შორის ერთ-ერთი არის Georgian Progress Group, რომელიც ახლახანს დავაარსეთ მე და რამდენიმე მაღალი დონის პროფესიონალმა. ეს კომპანია ორგანიზებასა და დაგეგმარებაში უშუალო ჩართულობის გარდა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს კონსულტაციებსაც. უფრო ვრცლად ჩვენი სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე – http://progressgroup.ge (ამ ეტაპზე საიტზე მიმდინარეობს სამუშაოები).

ავტორისგან: ანალიტიკური სტატიის გადაწერა და სხვა საიტებზე გავრცელება ავტორთან შეუთანხმებლად, არის საქართველოს საავტორო უფლებების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობით!

აპრილი 23, 2015

სხვაობა აღქმადობაში

perception1

სამყაროს აღიქვამ მაშინ, როცა მზად ხარ მის აღსაქმელად. ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ექსპერიმენტის დროს კატის კნუტები დაბადებისთანავე ჩაკეტეს ოთახში, სადაც კედლების საფარზე (შპალერზე) ვერტიკალური ზოლები ეხატა. როდესაც ტვინის მომწიფების პერიოდი დასრულდა, კატები მოათავსეს კონსტრუქციებში, რომლის შიდა კედლებიც დაფარული იყო ჰორიზონტალური ზოლებით. ზოლები ორივე ოთახში საკვებსა და გასასვლელისკენ მიუთითებდა, მაგრამ ჰორიზონტალური ზოლებით დაფარულ კონსტრუქციაში ვერც ერთმა კატამ, გაზრდილმა ვერტიკალურზოლებიან ოთახში, ვერ შეძლო ვერც საჭმლის შეჭმა და ვერც გამოსვლა. მათი ცნობიერება ჩამოყალიბდა ვერტიკალური მოვლენების აღქმისათვის.

ჩვენც ზუსტად ასე ვცხოვრობთ, იმავე შეზღუდვებით და აღქმადობით. ჩვენც ვერ ვამჩნევთ რაღაც მოვლენებს, რადგან დაბადებიდან მოყოლებული ვისწავლეთ არსებულ სამყაროს მხოლოდ ერთი კუთხით აღქმა.

ბერნარ ვერბერი

შეფარდებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია

აპრილი 21, 2015

იერარქია ვირთხებში

rats

ვირთხებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი.
დიდიე დეზორმა, ქცევითი ბიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერმა ქალაქ ნანსიდან, სურდა რა გამოეკვლია ვირთხების ცურვის ნიჭი, 6 ვირთხა მოათავსა გალიაში, საიდანაც მხოლოდ ერთი გასასვლელი იყო – ბასეინში. ვირთხებს რომ საჭმლამდე მიეღწიათ, ბასეინი უნდა გადაეცურათ. მალევე გაირკვა, რომ ყველა ვირთხა არ მიცურავდა საჭმლის მოსაპოვებლად. როლები ასე გადანაწილდა: 2 დამონებული მცურავი – შნირი, 2 ექსპლუატატორი, 1 დამოუკიდებელი მცურავი და 1 განტევების ვაცი.


2 შნირი მიცურავდა საჭმელსკენ. გალიაში დაბრუნებულებს 2 ექსპლუატატორი სცემდა და თავს წყალში აყოფინებდა, სანამ ისინი საჭმელს არ დათმობდნენ. როდესაც დანაყრდებოდნენ მბრძანებლები, მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ საკუთარ ულუფას შნირები. ექსპერიმენტის განმავლობაში ექსპლუატარორებს არასოდეს გადაუცურიათ ბასეინი, დანაყრებისათვის საკმარისი იყო, დაეჩაგრათ მცურავი შნირები. დამოუკიდებელი მცურავი საკმარისად ძლიერი იყო და ექსპლუატატორებს არ ემორჩილებოდა. და ბოლოს – განტევების ვაცს არც ცურვა შეეძლო და არც სხვების დაჩაგვრა, ის იკვებებოდა ჩხუბის დროს დაყრილი ნამცეცებით. ჯგუფის ასეთივე გადანაწილება – 2 ექსპლუატატორი, 2 შნირი, 1 დამოუკიდებელი მცურავი და 1 განტევების ვაცი – განმეორდა 20 სხვა გალიაში ჩატარებულ ექსპერიმენტშიც.


იერარქიის წარმოშობის მექანიზმში უკეთ გასარკვევად, დიდიე დეზორმა ერთ გალიაში ჩასვა 6 ეკპლუატატორი. ვირთხები მთელი ღამე ჩხუბობდნენ. დილით როლები გადანაწილდა ნაცნობი სქემით: 2 ექსპლუატატორი, 2 შნირი, 1 დამოუკიდებელი მცურავი და 1 განტევების ვაცი. იგივე შედეგები აჩვენა ექსპერიმენტებმა 6 შნირით, 6 დამოუკიდებელი მცურავით და 6 განტევების ვაცით.


ამ ექსპერიმენტის კიდევ ერთი შედეგი მეცნიერებმა მიიღეს ექსპერიმენტში მონაწილე ვირთხების თავის ქალის ახდისა და მათი ტვინის მდგომარეობის გაანალიზების შემდეგ. სტრესის გამანადგურებელი ზემოქმედების კვალი ყველაზე მეტად დაეტყოთ არა განტევების ვაცებს, არა შნირებს, არამედ – ექსპლუატატორებს. მათ მუდმივად ეშინოდათ, რომ მონები აღარ დაემორჩილებოდნენ.

ბერნარ ვერბერი
შეფარდებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია

ადამიანის გონებას შეუძლია ყველაფერი

free_your_mind

XX საუკუნის 50-იან წლებში, ინგლისური სატვირთო გემი, რომელსაც მიჰქონდა პორტუგალიიდან მედერათი (ღვინო) სავსე ბოთლები, მიადგა დანიშნულების ადგილს შოტლანდიაში. ერთ-ერთი მეზღვაური ჩავიდა ცივ სატვირთო განყოფილებაში, რათა შეემოწმებინა, გადატვირთეს თუ არა ყველაფერი გემიდან. მეორე მეზღვუარმა, რომელმაც ის ვერ შეამჩნია, კარი გადაკეტა გარედან. უნებლიე ტყვე მთელი ძალით აკაკუნებდა შიგნიდან, მაგრამ არავის გაუგონია მისი ხმა, გემი კი პორტუგალიაში გაბრუნდა.

მეზღვაურმა საკმარისი საკვები აღმოაჩინა საცავებში, მაგრამ იცოდა, რომ ადამიანი დიდხანს ვერ ძლებს დაბალ ტემპერატურაზე. მან მეტალის ნატეხით დაიწყო საცავის კედლებზე ამოკაწვრა საკუთარი ისტორიის, მეცნიერული სიზუსტით ყველაფრის აღწერა, ყოველი წუთის თუ საათსი თუ დღის. თუ როგორ ბოჭავდა სიცივე მის სხეულს, მოეყინა თითები ხელებსა და ფეხებზე. როგორი აუტანელია გაყინული ჰაერის დამწვრობა..

როდესაც გემმა ლისაბონში ჩაუშვა ღუზა, კაპიტანმა აღმოაჩინა სატვირთო ნაწილში გარდაცვლილი მეზღვაური. ხალხმა ნახა მის მიერ ამოკაწრული ამბავი. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე გამაოგნებელი. კაპიტანმა გაზომა ჰაერის ტემპერატურა სატვირთო ნაწილში. თერმომეტრმა 19 გრადუსი აჩვენა. რადგანაც გემი შოტლანდიიდან უკან უტვირთოდ ბრუნდებოდა, გაცივების სისტემა გამორთული იყო. მეზღვაური მოკვდა მხოლოდ იმის გამო, რომ ფიქრობდა, რომ ციოდა. ის საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი გახდა.

ბერნარ ვერბერი
შეფარდებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია

ნახატი აღებულია ამ მისამართიდან:

Nature Controls All: SYDWOX, A True Master Of The Spray Can

მარცხის ფსიქოპათოლოგია

victory-and-defeat-are-the-part-of-life

რატომ იზიდავს ამდენ ადამიანს მარცხის დამამშვიდებელი სითბო? შეიძლება იმიტომ, რომ მარცხი ყოველთვის მოასწავებს ცვლილებებს, გამარჯვება კი გვაიძულებს შევინარჩუნოთ იგივე ქცევები. მარცხი – ნოვატორია, გამარჯვება – კონსერვატორი. ყველა გრძნობს ამ ჭეშმარიტებას ბუნდოვნად. ბევრი უჭკვიანესი ადამიანი ცდუნდა, სურდა რა გამოეცადა არა ყველაზე ლამაზი გამარჯვება, არამედ – ყველაზე ლამაზი მარცხი: ჰანიბალი გაბრუნდა უკან დაცემული რომის კარიბჭიდან; კეისარს არ შეეშინდა მარტის იდების; ჩარლზ ედუარდ სტიუარტის შოტლანდიური არმია არ შევიდა მის მიერ უკვე დამარცხებულ ლონდონში; ნაპოლეონმა გასცა უკან დახევის ბრძანება მაშინ, როცა ბრძოლას, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში მოიგებდა. რაღა ვთქვათ შოუ ბიზნესის ვარსკვლავებზე, რომლებიც თავით ეშვებიან ალკოჰოლში, ნარკოტიკებში ანდაც სრულიად უმიზეზოდ ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით? ისინი ვერ იტანენ დიდებას და თვითონვე შეგნებულად უწევენ ორგანიზებას საკუთარ მარცხს.

ხშირად ე.წ. წარმატების მიღმა იმალება ქვეცნობიერი სურვილი – აძვრე ყველაზე მაღალ მწვერვალზე და გადმოეშვა იქედან ყველაზე ეფექტურად.

ბერნარ ვერბერი
შეფარდებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია

ვირთხების მეფის სიკვდილი

King-Rat

Ratus Norvegicus-ის ზოგიერთ სახეობას პრაქტიკაში აქვს ბიოლოგების მიერ “მეფის არჩევნებად” წოდებული რიტუალი. ახალგაზრდა მამრები მთელი დღის განმავლობაში დუელებში იბრძვიან თავიანთი ბასრი კბილების გამოყენებით. შედარებით სუსტები ეთიშებიან ბრძოლას, ფინალამდე ვირთხების გუნდის ორი ყველაზე მოხერხებული და ბრძოლისუნარიანი ვირთხა მიდის. გამარჯვებული მეფე გახდება. მან მოიგო, შესაბამისად ის საუკეთესოა თავის ტომში. დანარჩენი ვირთხები მორჩილების გამოსახატავად მის წინაშე დგებიან, მუხლებზე ეშვებიან თავჩაგინდრულები და ყურები უკან აქვთ გდაჭიმული ან მისკენ უკანალით შებრუნებულები.

მეფე მათ ცხვირებზე ჰკბენს და აჩვენებს, რომ აქ ის არის მბრძანებელი და რომ მიიღო მათი მორჩილება. ვირთხების გუნდი მას საუკეთესო საჭმელს, ყველაზე სუნიან მდედრებსა და ყველაზე ღრმა სოროს უძღვნის, სადაც აღნიშნავს კიდეც თავის გამარჯვებას. მაგრამ როგორც კი სიამოვნებისგან გადაღლილ მეფეს ჩაეძინება, ხდება უცნაური მოვლენა. ორი ან სამი ახალგაზრდა მამრი, რომლებიც ცოტა ხნის წინ მას მორჩილებას უცხადებდნენ, მიდიან სოროში იმისთვის, რომ მოკლან და გაფატრონ მეფე. შემდეგ თათებით და ბრჭყალებით ფრთხილად თხილის გულივით ხდიან მას თავის ქალას. იღებენ მის ტვინს და მთელს ხროვას უნაწილებენ. სავარაუდოდ ისინი ფიქრობენ, რომ მეფის ტვინის ნაწილის შეჭმით, მათ მიენიჭებათ თავიანთი ტომის საუკეთესო წარმომადგენლის, რომელიც მათ მეფედ აირჩიეს, ღირსებების ნაწილი.

ზუსტად ასევე, ადამაინებსაც უყვართ თავიანთთვის მეფეების დანიშვნა იმისათვის, რომ ისეთივე დიდი სიამოვნებით დაფლითონ ისინი ნაწილებად. არასოდეს დაუჯეროთ მათ, ვინც ტახტრევანს გთავაზობთ: იქნებ ეს ვირთხების მეფის ტახტრევანია..

ბერნარ ვერბერი
შეფარდებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია

სარკე

1932 Picasso - Girl Before A Mirror_massive

სხვა ადამიანის გამოხედვაში ჩვენ პირველ რიგში ვეძებთ საკუთარი თავის ანარეკლს.
პირველად ეს მშობლების გამოხედვაა.
შემდეგ მეგობრების გამოხედვა.

შემდეგ ჩვენ ვიწყებთ სვლას იმ ერთადერთი სარკის საპოვნელად, რომელიც სამომავლოდ ჩვენი ორიენტირი გახდება. სვლას სიყვარულის საძებნელად, ან უფრო სწორად, საკუთარი თავის საძებნელად. „ერთი ნახვით სიყვარული“ ხშირად ნიშნავს, რომ ჩვენ ვნახეთ „კარგი სარკე“, რომელშიც ჩვენი ანარეკლი მოგვწონს და ამის შემდეგ გვიყვარდება ის საკუთარი „მე“, რომელიც სხვის თვალებში ირეკლება. ჯადოსნური წამია, როცა ორი ერთმანეთის პირისპირ მდგარი სარკე, ერთმანეთს სასიამოვნო ანარეკლებს უაზიარებენ. საკმარისია, ერთი სარკე დავდოთ მეორე სარკის პირისპირ, რომ დავინახავთ, როგორ მიდის უსასრულო პერსპექტივაში მათი ათასობით ანარეკლი. ამდაგვარად, „კარგი საკრკე“ ქმნის ჩვენს ასობით ასლს და ჩვენ წინ გვიშლის უსასრულო ჰორიზონტებს. საოცარი შეგრძნებაა სიძლიერისა და მარადიულობის.

მაგრამ სარკეები არ დგანან ერთ ადგილზე, ისინი მოძრაობენ. ორი შეყვარებული იზრდება, ყალიბდება, ვითარდება.

თავიდან ისინი პირისპირ დგანან. მაგრამ განვითარების გზაზე პარალელური გზებითაც რომ მოძრაობდნენ, მაინც არასოდეს მიდიან ერთი სიჩქარით და ერთი მომართულებით. მათ უკვე აღარ სჭირდებათ ერთ ადგილზე დგომა და ერთი და იმავე ანარეკლის ყურება. და მაშინ დგება განშორება – მომენტი, როცა შენს წინ აღარ არის მეორე სარკე. ეს მხოლოდ სიყვარულის დასასრული არაა, ეს საკუთარი ანარეკლის დაკარგვაცაა. ადამიანი ვეღარ ხედავს საკუთარ თავს სხვა ადამიანის თვალებში. მან უკვე აღარ იცის, ვინაა თვითონ.

ბერნარ ვერბერი
შეფარდებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია

აპრილი 9, 2015

შიშის ანატომია

შიში რომ არ გქონდეთ

 

გიფიქრიათ, რამდენ რამეზე გითქვამთ უარი მხოლოდ იმიტომ, რომ შეგშინებიათ ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა? რამდენჯერგითქვამთ უარი ცვლილებებზე, რადგან მომავალი გაშინებდათ? რამდენჯერ მიგიციათ უფლება შიშისთვის, თქვენს გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა?

როდესმე, თუ გადავწყვეტ, რომ ლექციები წავიკითხო, ერთ-ერთი მთავარი, რაზეც მსმენელებს მოვუყვები, იქნება შიშები.

რა თქმა უნდა, მეც ბევრი რამის მეშინია და უფრო ბევრი რამის მეშინოდა წარსულში. თუმცა წლების მატებასთან ერთად ჩემთვის ძველმა შიშისმომგვრელმა სიტუაციებმა იკლო, მაგრამ სხვა ახალმა შიშებმა იჩინა თავი. ეს ერთგვარი მრავალსაფეხურიანი თამაშივითაა, სადაც ყოველ ახალ საფეხურზე გიწევს სირთულეს გაუმკლავდე, რათა შემდეგ საფეხურზე უფრო დიდ სირთულეს შეეჭიდო. სხვაობა კი ისაა, რომ თამაშში წინ წასვლის არ გვეშინია. იქ ხომ გამოგონილ გმირს უწევს შებრძოლება, ჩვენ არაფერს ვკარგავთ, უბრალოდ ვერთობით. რეალურ ცხოვრებაში კი წინ ნაბიჯების გადადგმის გვეშინია, აქ დასაკარგიც უფრო მეტი გვაქვს. ასე არაა?

რატომ მომინდა ამ თემაზე დაფიქრება? ერთ-ერთ სამსახურში შეხება მქონდა მოხალისეებთან. მიზანი იყო ათასობით მოხალისის მოზიდვა, მათთვის სპეციფიური სასწავლო კურსების მომზადება, მათი სელექცია, პოზიციებზე განაწილება და სხვ. ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციებზე განაწილებულ მოხალისეებთან შეხვედრაზე ჩვენმა უცხოელმა მრჩეველმა შემოგვთავაზა ასეთი რამ: ყველა მოხალისეს ვთხოვეთ, ანონიმურად დაეწერათ ფურცლებზე – რისი ეშინიათ? რისი სწავლა უნდათ? რა მოლოდინები აქვთ? რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ხელმძღვანელებისთვის, უმთავრესი იყო გაგვეგო, თუ რა შიშები აქვთ ჩვენს მომავალ თანამშრომლებს. საუბრებით და შეგონებებით შიშები რომ არ ქრება, ეს ჩვენთვისაც ნათელი გახლდათ. ჩვენი გამოსავალი მათი საქმეში ჩართვა იყო. შიშები ქრება მაშინ, როცა პირადად დაინახავ, რომ საშიში არაფერია. ის, რისიც ჩვენს მოხალისეებს ეშინოდათ, პრაქტიკული დავალებების შესრულების შემდეგ, მეორე დღეს ნელ-ნელა გაქრა. მესამე დღეს ყველა თავისუფალი იყო დაბრკოლებებისა და ბარიერებისაგან, რომელიც მათ წინაშე შიშმა აღმართა.

ნელსონ მანდელას აქვს ნათქვამი: „მე მივხვდი, რომ გამბედაობა შიშის  უქონლობა კი არა, მასზე გამარჯვებაა. მამაცი ადამიანი ის კი არაა, ვისაც არაფრის ეშინია,  მამაცია ის, ვისაც ძალუძს საკუთარი შიშების დამარცხება“. ჩვენმა პრაქტიკამ მოხალისეებთან მიმართებაში კონკრეტული შედეგები გამოიღო. მას შემდეგ, რაც ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომლები საქმეში ჩაერთვნენ, მეორე დღეს უკვე ბევრად თავისუფლები იყვნენ, მესამე დღეს კი საკუთარი შიშები საერთოდ აღარ ახსოვდათ, იმდენად გართულები და კმაყოფილები იყვნენ საკუთარი საქმეებით. ისინი საკუთარ შიშებთან პირისპირ აღმოჩნდნენ. მოხალისეების უმეტესობას ეშინოდა უცხოელ სტუმრებთან კონტაქტის, არ სჯეროდათ საკუთარი ძალების. ეშინოდათ, რომ ვერ იკონტაქტებდნენ უცხო ენაზე გამართულად და ვერ შეასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა უცხოელ სტუმრებთან მათი პირველივე კონტაქტის შემდეგ ყველა შიშმა უკან დაიხია, აღმოაჩინეს რა, რომ მათი შიშები უსაფუძვლო იყო.  მათ დაძლიეს შიში ყოველგვარი ნერვიულობისა და განცდების გარეშე. დარწმუნებული ვარ, მომავალში მათ არასოდეს ექნებათ შიში ახალ ადამიანებთან კონტაქტის დამყარების და ისინი ბევრად გაბედულად გადადგამენ ნაბიჯებს. მაგრამ ისიც მესმის, რომ მათი შიშები სხვა ხალხის უფრო სერიოზულ და უფრო მძაფრ შიშებთან შედარებით მოსატანადაც არ ღირს. შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ეს თამაშის პირველი ტურის სირთულეს ჰგავდა.

შიში ხომ სინამდვილეში ჩვენ მიერვე გამოგონილი, ჩვენს გონებაში წარმოსახული მომავალია, რომელიც არ გვინდა, რომ მოხდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვდგამთ ნაბიჯებს ცხოვრებაში. ჩვენ მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს მოსდევს მოვლენათა განვითარების მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთი. ამ ვარიანტებიდან ზოგი დადებითია, ზოგი – უარყოფითი, ზოგი – კატასტროფული, ზოგიც – ბრწყინვალე და სხვ. ჩვენ რეალურად ნაბიჯების გადადმისგან თავს იმიტომ ვიკავებთ, რომ გვეშინია მოვლენათა განვითარების მილიონი ვარიანტიდან ერთ-ერთის. ამაზე დაფიქრებულხართ? რატომ ვაძლევთ უფლებას არარსებულ, ჩვენ მიერ წარმოსახულ პესიმიზმს, ჩვენს რეალობაზე იქონიოს გავლენა?

ალბათ თქვენც გსმენიათ ერთი ჭკვიანური აზრი: წინ წასვლა ცხოვრებაში მხოლოდ მუდმივი მოძრაობით და ნაბიჯების გადადგმით არის შესაძლებელი. რადგან ამ ქვეყნად ყველაფერი მოძრაობს, ვითარდება, იცვლება, ერთ ადგილზე მდგარი და გარინდული ხალხი ავტომატურად მიდის უკან, რადგან მის გარშემო ყველაფერი მიდის წინ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხშირად წარუმატებლობით არაფერს ვკარგავთ, მხოლოდ გამოცდილებას ვიძენთ, რომ შემდეგი ნაბიჯი უფრო ჭკვიანურად გადავდგათ, წინასწარ უფრო მეტი რამ გავთვალოთ.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი დაწერა მინდა, მაგრამ ამჯერად ვფიქრობ ეს მცირე მონათხრობიც ბევრს დააფიქრებს. სხვა დროს იმედია, დიდ აუდიტორიაში შევხვდებით და ვისაუბრებთ ჩვენს შიშებზე. რიჩარდ ვილკინსი ამბობს: „წარმატება მაშინ მოვა, როცა ჩვენ მიზნებს დავუთმობთ იმდენივე ენერგიას, რამდენსაც ვუთმობთ ჩვენ შიშებს“. შიში მატყუარაა, მეგობრებო, და ნუ მივცემთ საშუალებას ამ მატყუარას, უარი გვათქმევინოს მიზნებზე.

 

რომ არ გეშინოდეთ, რას გააკეთებდით? 🙂

 

მარტი 11, 2015

ერთი ფოტოს ისტორია

Me by Thomas Dworzak

ამ ფოტოს თავისი ისტორია აქვს, ცოტა სევდიანი, მაგრამ მაინც კეთილი, უფრო მეტად კი ტკბილზე ტკბილი მოგონებაა.. ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო..

2010 წელს, სტუდენტობის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, მე ამ შენობაში მოვხვდი პირველად. მისვლის დღიდან ეს კედლები შევითვისე, ახალი შენობის სუნი ახლაც კი მახსოვს.. მე ამ შენობას შევეზარდე, ის ჩემი ნაწილი გახდა და მე მისი ნაწილი ვიყავი.. ეს ყველაფერი უბრალოდ შენობა არასოდეს ყოფილა ჩემთვის. აქ დაიწყო ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება. მე აქ 22 წლის ბიჭი მივედი, ჯერ კიდევ ბავშვი, რომელიც გაიზარდა ძალიან დიდ ქარტეხილებში, უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთმა და დაუღალავმა შრომამ სხვა ადამიანად მაქცია. ბიჭი გაიზარდა.. 4 წლის განმავლობაში მე სხვა ადამიანი გავხდი, უამრავი რამ ვისწავლე და იმ გამოცდილებას, რაც ამ კედლებში და მის ფარგლებს გარეთ მივიღე, ვერაფერი ვერასოდეს შეედრება.. მე აქ ჩემი დები და ძმები გავიცანი და სამუდამოდ დავუმეგობრდი.. ხალხი, რომელმაც მასწავლეს, როგორ ვიყო კარგი ადამიანი, როგორ ვიყო უანგარო, როგორ ვიყო კეთილი და უბრალოდ როგორ უნდა მივიღო სიამოვნება საყვარელი საქმის კეთებით.. ამ კედლებმა გამაცნო ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანი, ვიმუშავე 21 ქვეყანაში, მომეცა საშუალება ვყოფილიყავი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან, ღირებულ ღონისძიებებზე და ვყოფილიყავი უმნიშვნელოვანესი მოვლენების ეპიცენტრში.. და რა გასაკვირია ამ ყველაფრის მერე, რომ ამ შენობას, როგორ სახლს ისე აღვიქვამდი.. მე მიხაროდა სამსახურში მისვლა, რადგან იქ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მე ოჯახში ვიყავი, ვაკეთებდი საქმეს, რომელსაც პატივს ვცემდი, რომელიც მომწონდა და სადაც თავს პროფესიონალად ვგრძნობდი.. მენატრება ის დრაივი, ის სიჩქარე, ის დაიღალავი და დაუსვენებელი საათები, რისკი, გამოწვევები, ილუმინატორიდან დანახული მზის ამოსვლა, სიხარული, ნერვიულობა და ადრენალინი, რაც ჩემი საქმის კეთებას მოყვებოდა..
ბოლოს უკვე 2013-ში ყველაფერი შეიცვალა, ლურჯფორმიანი დაცვის თანამშრომლები წავიდნენ, პირადი დაცვის უმეტესი ნაწილი წავიდა და ამ შენობაში ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა. სიჩუმემ დაისადგურა.. სტუმრების მოსვლის დროს, პირადად ვაღებდით ხოლმე ამ უზარმაზარ კარს, ხან – მე, ხან – ჩემი სხვა თანამშრომელი. სტუმრებს ვხვდებოდით, ვაცილებდით და მერე ისევ ვკეტავდით კარს. მხოლოდ დამლაგებლები ჩაივლიდნენ ხოლმე ჩუმად და ასუფთავედნენ შენობას. ცოტანი ვიყავით და ეს უფრო სევდიანს ხდიდა ყველა მომენტს. სიწყნარე, ნაკლები ფუსფუსი. გააღე. დახვდი. გააცილე. დაკეტე. გააღე. დახვდი. გააცილე. დაკეტე.

ეს ფოტო ტომას დვორჟაკმა, პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა გადაიღო, პრეზიდენტის კაბინეტისაკენ მიმავალ ხიდზე გადადიოდა, როცა მე სტუმრების დასახვედრად ვემზადებოდი.. ეს მშობლიური გარემოა – პრეზიდენტის სასახლის ფოე, სადაც ასობით სტუმარს შევხვედრივარ..

ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდა და თანაც ძალიან მტკივნეულად. დღემდე ვთვლი, რომ არავინ იმსახურებდა ასეთ უაზრო გაცილებას. ჩემი მშობლიური სახლის კარი, სახლის, სადაც მე გავიზარდე, ისევე მძიმედ მიიხურა ჩემი ცხვირის წინ, როგორც პრეზიდენტის სასახლის ბრონირებული კარი იხურებოდა ხოლმე, მძიმედ და მასიურად..

ერთ დღესაც მითხრეს, რომ მე “არასწორი გამოცდილება” მქონდა მიღებული და მე დღემდე ვერ გავიგე, რას შეიძლება, ნიშნავდეს, “არასწორი გამოცდილება”.. რომ მე პოლიტიკურად არასანდო ადამიანი ვყოფილვარ.. ესეც სასაცილო სიახლე იყო.. რომ მე, თურმე, ამ შენობის მთავარ მაცხოვრებელთან ვმეგობრობდი.. და ეს ყველაფერი ვიღაცებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მე სახლიდან გამოვეშვი. სახლიდან, სადაც, ვთვლი, რომ გავიზარდე..

რას ვიზამთ, ყველაფერი როდესღაც სრულდება.. ეს ისტორია კი ფოტოზე დარჩება.. საღამოს თბილი მზე, ცარიელი ფოიე, ღია კარი, კოლონები და მე სტუმრების მოლოდინში..

ივლისი 2, 2014

წერილი მკითხველს #7

შესავლის ნაცვლად: 
[2007 წ.]
წერილი დიდი ხნის წინათ დაიწერა, თუმცა ბლოგს მხოლოდ ახლა დავუბრუნდი.. ვფიქრობ, ღირს ამ ძველმანის აქ გამოქვეყნება 🙂

წერილი მკითხველს #7
სახელწოდებით: flame about “ me and the life… ”

დაახლოებით 5 თვე იქნება არაფერი დამიწერია, თუ არ ჩავთვლით ცოტაოდენ ლექსს და უფრო ცოტა ჩანახატს… არ ვიცი, რისი ბრალია ეს ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება, რაღაც-რაღაცებს ვეღარ ვხსნი და ამის ინტერესიც დავკარგე… ცხოვრება ძნელად დასამორჩილებელი ხდება, ვერ ვხვდები, რატომ არ ცდლობს გამიადვილოს სავალი გზა, არადა, მართლა ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს. ბევრ ნაწილად გავიხლიჩე და, როცა ჩემი ნაწილების შეკვრა-შეკოწიწება მომინდა, ვნახე, რომ ეს უკვე აღარ შემეძლო, და ცხოვრებას ზავი ვთხოვე… რამდენიმე პირობა დამიდო და მორჩა, ამით დავასრულეთ. ცოტა სული უნდა მოვითქვა. ცხოვრებას ასე ადვილად არ დავნებდები. “მტრებთან შერიგება ნიშანია მხოლოდ დაღლილობისა ან სურვილისა, რომ უფრო ხელსაყრელი პოზიცია დავიკავოთ” _ ამბობდა ფრანსუა დე ლაროშფუკო… მეც გამოვიყენებ ამ ხერხს… ცხოვრება ზედმეტად მოხუცებულია, რომ ვერ გავუძლო…

საშინელებაა, როცა აცნობიერებ, რომ გადაიღალე… ცხოვრებაში პირველად გავაცნობიერე, რომ გამოვიფიტე და სადაცაა გადავიწვები…. სულ ყველაფერმა დაკარგა ფერები და მომხიბვლელობა… გახუნდა გრძნობები… უემოციოდ გამოხატავ ემოციებს… და ყოველდღე უფრო მკაფიოდ გრძნობ შენივე ნაბიჯების სიმძიმეს, რომელიც უფრო მძიმდება… ბევრი მეტყვის: “რამ დაგღალა, ნუ აზვიადებ” და კიდევ მრავალ მაგდაგვარ სიტყვათა კომბინაციას, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ მე პირველად ვაღიარე ჩემი სისუსტე…

დავკარგე დროის შეგრძნება… თითქოს სადღაც უკაცრიელ კუნძულზე მოვხვდი და მაჯის საათიც გამიფუჭდა და სრულად მოვწყდი სამყაროს… ამ ყველაფერს გარკვეული იმედგაცრუებაც დაერთო თან…

ყველაზე ცუდი ადამიანისთვის არის, როცა ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს არსებულ რეალობას, ვერ აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, ვერ ხვდება ვიღაცების მიერ ნათქვამ სიტყვებს… ანუ სრულ ვაკუუმშია… ასეთი რამ დამემართა მეც… ამის შედეგად მოხდა ის, რომ ფასეულობებმა გადანაცვლება და გადასხვაფერება დაიწყეს… პატარა რევოლუცია მოხდა ჩემს აზროვნებაში… სხვანაირი გავხდი…

ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი ამოქმედდა ჩემშივე… უსამართლობის შემჩნევამ და ფიქრმა იმაზე, თუ რატომ ხდება ეს, ძალიან დიდი დრო წამართვა… მე თუ რამეს მივაღწიე ამ ცხოვრებაში, მივაღწიე ჩემივე ხელით, წვალებით, დახარჯვით და დაღლით… და ამის ფონზე, რომ უყურებ, ვიღაცას რომ ხელს ჩაჰკიდებენ და გვერდით მოგისვამენ, მის განვლილ გზას რომ შენსას გაუტოლებენ, დამსახურებასაც და ამ ადგილზე მოსასვლალად დახარჯულ ენერგიას რომ ხელოვნურად გაათანაბრებენ, ამის მერე ხდები აგრესიული რეალობისა და მასისადმი… ხვდები, რომ კარგი რეკლამა და რამდენიმე ადამიანის გულუბრყვილობა ძლიერი საშუალებაა, რომ ბევრს მიაღწიო და ამას ზოგიერთები კარგად იყენებენ…

დამკვირვებლის როლზე გამამწესა დრობით გამარჯებულმა ცხოვრებამ და მაიძულებს მიმდინარე მოვლენებსა და ხალხს დავაკვირდე. ერთი რამ კი ვერ გათვალა, ამით მე საჭირო გამოცდილებასა და ადამიანების აზროვნების მიმართულებას ვწავლობ… თან კარგად ვსწავლობ…

***
ჩემს თავს დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ საყვარელი ადამიანების მიმართ ვერ გამოვხატავ იმ გრძნობებს, რაც მათთან მაკავშირებს… რაღაც არ არის ჩემში, რაღაც მამოძრავებელი და გამბედავი ძალა, რომელიც ამ ნაბიჯს გადამადგმევინებს… ძალიან მძიმე მასა არ მიშვებს წინ… გინდა, მიხვიდე მოეფერო და აგრძნობინო, რომ გიყვარს, მაგრამ ვერ აკეთებ ამას… ამას სახელი ვერ მოვუძებნე, ვერც ახსნა… ამის გამო ძალიან ბევრ დადებით ემოციას ვკარგავ…

***
ისევ მარტო დავრჩი საკუთარ თავთან… ბნელდება, თითქმის ღამეა… სად ვარ?.. სადღაც პეკინზე ყოფილ გამსახურდიაზე (რა აზრი ჰქონდა ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და პეკინის დარქმევას თუკი მაინც ყველა ეძახის ყოფილ გამსახურდიას…). არ ვიცი, აქ რა მინდა… უბრალოდ მივდივარ წინ… წინ, სადაც არ ვიცი, რა დამხვდება… არ მესმის ქუჩის ხმაური, ხალხის ფეხების ხმა და ვიღაცების დიალოგები, მესმის მხოლოდ Bruce Springsteen -ის მუსიკა (  Streets Of Philadelphia ). მესმის გამუდმებით… ეს მუსიკა ახლა ჩემი მდგომარეობაა და მე მას განვიცდი…

ფეხის მოძრაობა, წონასწორობა და გეზი წინ _ ეს მე ვარ.. და კიდევ ფიქრი… სამყაროს მოწყვეტილი ფიქრები ყველაფერზე ზოგადად და კონკრეტულად ცხოვრებაზე…

მე დავკარგე ის თავდაჯერებულობა, რაც მქონდა ოდესღაც… ამ ერთი წლის განმავლობაში შევძელი და გამოვცადე უამრავი რამ და, პირველ რიგში, თვითონ ცხოვრება… ვნახე, რა შემეძლო მე და, რაც ვერ შევძელი, მწარედ დავიხსომე… და, რაც Mმთავარია, ამ ერთი წლის განმავლობაში მიყვარდა… მიყვარდა გამუდმებით და მტკივნეულად… და ახლაც, როცა პეკინის ხმაურიან ქუჩას მივუყვები, ვგრძნობ, როგორ მატულობს მონატრება… არის ჩემშიც რაღაც სენტიმენტალური და მე მიყვარს…

***
ქუჩებს სისველე ამშვენებს ამ საღამოს და გაზაფხულის წვიმის სუნითაა გაჟღენთილი ჰაერი… მიდიხარ და ფიქრობ, რომ ეს ცხოვრება შენი ერთადერთი შანსია, რომ დაუმტკიცო ყველას ყველაფერი, რომ მიაღწიო უმაღლეს მწვერვალს ადამიანური ყოფისა… დაიმკვიდრო შენი სახელი და შემდგომში იქნა ხშირად გახსენებული, შექმნა რაღაც ახალი, ისტორიას მისცე მიმართულება. და შენ, ცხრამეტი წლის ახალგაზრდა, რომელიც წესით სულ სხვა რამეზე უნდა ფიქრობდე, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობა უნდა მოიხმარო და ამ ასაკის სიამეები იგემო, ფიქრობ და შენს თავს არწმუნებ მყარი არგუმენტებით: თუ გინდა მომავალში კარგი სასტარტო პირობები, როცა დიდ ცხოვრებას შეუდგები, აქედანვე უნდა დაიწყო მზადება. არწმუნებ შენს თავს, რომ ეს ცხოვრება უბრალოდ დღეების, საათებისა და წუთების გრძელი ჯაჭვი არაა მხოლოდ, რომ ეს არის ძნელი სტრატეგიული ხასიათის თამაში, რეალობაში გადმოტანილი… შენ თვითონაც თამაშობ დაუნდობლად და თამაშობ ადამიანური ურთიერთობებით, უყრი საფუძველს საზოგადოების აზრს შენს შესახებ; შენ იზრდები და ზრდი შენს მხარდამჭერებს; შენ ძერწავ შენს თავს ლიდერად; შენ სწავლობ, როგორ მართო მასისა და კონკრეტული პირების აზრთა მიმართულება შენს სასარგებლოდ; შენ ხვდები, რომ აუცილებელია ყველასთან მისსავე ენაზე საუბარი… და ნელნელა მისთვის შენი ენის, ხმის, ქცევებისა და აზრის თავს მოხვევა… და შენ იმარჯვებ კონკრეტული ადამიანების ცნობიერებაში…

ისევ მიდიხარ წინ, უსმენ მუსიკას, რომელიც გსიამოვნებს და ფიქრობ მომავალზე, შორეულ მომავალზე და ხვდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მიღწევადია. უბრალოდ უნდა ხედავდე საბედისწერო ნიშნებს და უნდა შეგეძლოს მომავლის ადამიანების ამოცნობა, შენ უნდა ისწავლო მათი ცნობა… უნდა მოხვდე იქ, სადაც გადაიკვეთება საჭირო დრო, საჭირო ადგილი და უნდა თქვა საჭირო სიტყვა… ამ სამ განზომილებას მოაქვს შენი მომავალი ცხოვრების სასურველი მხარე…

შენ ისეთ რამეს ხედავ, რასაც სხვები ვერ ხედავენ. შენ იცი, რომ ახლა, აწმყოს ამ მომენტში ვიღაცები აქტიურობენ, შენ კი შორიდან უყურებ და იცი, რომ მათ მხოლოდ კიბის საფეხურების ფუნქცია აქვთ, რომელზეც უნდა ახვიდე და ისიც იცი, რომ გჭირდება მყარი მოაჯირი, რომელიც ასვლაში დაგეხმარება… და ამდენ “საფეხურში” ცნობ იმ მომავლის ადამიანს, რომელიც დახმარებას გაგიწევს და “მოაჯირად” დაგიდგება…

[2007 წ.]

შემდეგი გვერდი »

Create a free website or blog at WordPress.com.