Kesha's Blog

სექტემბერი 2, 2011

October Sky

Filed under: უკატეგორიო — kesha @ 01:41

Sometimes one dream is enough to light up the whole sky…

1957 წლის ოქტომბერი..

მაღაროელების დასავლეთ ვირჯინიული პატარა ქალაქი კოლვუდი არსებობის ნამდვილად არასახარბიელო Dრეებს ითვლის…. რადიოთი გადმოსცემენ ახალ ამბებს: საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა პირველი ხელოვნური თანამგზავრი.. ამერიკა ერთვება კოსმოსურ რბოლაში და `ნასა”-სთან ერთად ამ გამოწვევას 4 კოლვუდელი ახალგაზრდაც იღებს..

1999 წელს გამოვიდა ფილმი სახელწოდებით `ოქტომბრის ცა”, რომელიც ჰომერ ჰიკამის ავტობიოგრაფიულ წიგნზე `რაკეტის ბიჭები” (რეალურ ფაქტებზე) დაყრდნობით გადაიღო რეჟისორმა ჯო ჯონსტონმა. ფილმი წარდგენილი იყო 11 ნომინაციაზე და 3-ში გაიმარჯვა, მათ შორის კრიტიკოსების რჩეულიც გახდა..
მოკლე სიუჟეტი ასეთია: ჯონ ჰიკამი მაღაროს მმართველია, მაღარო კი ქალაქში დასაქმების თითქმის ერთადერთი საშუალებაა. ჯონის ოცნებაა მისი ბიჭები, ჯიმი და ჰომერი შეუერთდნენ მაღაროელებს და მამის კვალს გაჰყვნენ. ჯიმი ფეხბურთელია და იღებს კოლეჯის სტიპენდიას, რაც ჰომერს მამის ოცნებების პირისპირ ტოვებს..

საბჭოთა თანამგზავრის ხილვით მოხიბლულ ჰომერში ახალი ადამიანი იბადება. გრძნობს, რომ რაკეტის აშენება გამოსავალია, შანსია, მაღაროელების პატარა მიხრწნილი ქალაქი დატოვოს.. იგი უამხანაგდება სკოლაში აბუჩად აგდებულ მოსწავლეს, ქვენტინ ვილსონს და თავის სხვა ორ მეგობართან – როი ლი კუკსა და შერმან ო’დელთან, ერთად იწყებს რაკეტის მშენებლობაზე მუშაობას.

ამ წამოწყებას ჰომერის მამა ჩანასახშივე ეწინააღმდეგება, ვერ წარმოუდგენია რა, რომ ჰომერი მის კვალს არ გაჰყვება, უფროსი ბიჭის სპორტული წარმატებით ამაყობს, ჰომერთან კი მუდმივად დაძაბული ურთიერთობა აქვს, რაც ხშირად კონფლიქტამდე მიდის.

ბიჭების ამ წამოწყებას სკოლის მასწავლებელი, ახალგაზრდა ქალბატონი, მის რაილი უწყობს ხელს.

ამასთანავე მასწავლებლის შეგულიანებით აპირებენ სამეცნიერო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებას, სადაც გამარჯვებულებს სხვადასხვა კოლეჯები სტიპენდიებს სთავაზობენ.. ბიჭები ბევრი მცდელობის შედეგად მიაღწევენ, რომ რაკეტა აფრინდეს სიმაღლეზე დაშლისა და აფეთქების გარეშე.. ამას თან ერთვის საკითხისადმი მეცნიერული მიდგომა და ახალგაზრდების აღმოჩენა რაკეტის მასისა და საწვავის რაოდენობის შეფარდების შესახებ. ჰომერი წერილებს წერს მეცნიერ ვერნერ ფონ ბრაუნს, ადამიანს, ვინც იკვლევდა რაკეტების საკითხს ამ პერიოდში. წარმატებული მცდელობის შემდეგ, რომელსაც ქალაქის რამდენიმე ათეული წარმომადგენელიც ესწრებოდა, ბიჭებს ბრალს სდებენ 6 მილის დაშორებით მომხდარ ხანძარში, რადგან ხანძრის გაჩენის მიზეზად აღმოჩენილი რაკეტა დასახელდა. მათ აპატიმრებენ და მხოლოდ მშობლების დახმარებით გამოდიან ციხიდან. სწორედ ამ დროს უფროსი ჰომერი ხედავს კადრს: როი ლის მამინაცვალი სცემს ქუჩაში, რასაც ჯონ ჰიკამის პასუხი მოჰყვება და ჰომერის მეგობარს მოძალადისგან დაიხსნის.. მანქანაში კი უფროსი ჰიკამი როი ლის ასეთ ფრაზას ეუბნება: მამაშენი ჩემი ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარი იყო.. მე ვამაყობ, რომ მას ვიცნობდი..

ამის შემდეგ იწყება ძალიან მძიმე პერიოდი, სრული აპათია ბიჭებისა სამყაროს მიმართ და თითქოს შეგუება იმ ფაქტთან, რომ ყველას მომავალი მაღაროა და ამ ჩაკეტილ წრეს ვერ გააღწევენ.. ამას თან ერთვის მაღაროში მომხდარი ავარია, რომლის დროსაც იღუპება აიკ ბიკოვსკი, რომელიც ხშირად ეხმარებოდა ბიჭენს რაკეტების სედუღებაში.. ჯონ ჰიკამი გადაარჩენს ათობით თანამშრომელს, მაგრამ თვითონ თავის ქალის მძიმე ტრავმას იღებს, რაც ჰომერს აიძულებს მამის ნაცვლად დაიწყოს მაღაროში მუშაობა.. ამისათვის მას უწევს სკოლისათვის თავი დანებება.. რამდენიმე კვირის მაღაროში მუშაობის შემდეგ მამამისი სიამაყით ავსებული ეუბნება ჰომერს, რომ ეს მიწისქვეშა სამყარო მამამისისაა, რომ ეს მისი ბედია და მისი მოწოდებაა და უხარია, რომ ჰომერსაც ასეთი ცხოვრება უწერია. ეს ფრაზა ჰომერის ცხოვრებაში გადამწყვეტი ხდება, ის აცნობიერებს, რომ ეს არც დახუთული ქალაქი არაა მისი, რომ არც ეს მაღარო არაა მისთვის, რომ ის სხვა რამისთვის გაჩნდა, რომ მას შეუძლია გააღწიოს აქედან და იღებს მაღაროდან წასვლის გადაწყვეტილებას, რაც მასსა და უფროს ჰიკამს შორის დამყარებულ დროებით კეთილგანწყობას ისევ კონფრონტაციით ცვლის..

ჰომერი, რომელიც მათემატიკაში მოიკოჭლებს, მის რაილის, მასვალებლის, მიერ ნაჩუქარ წიგნს ჩაუჯდება, ცდილობს რა ამოხსნას იმ რაკეტის ტრაექტორია, რომელსაც ხანძარს აბრალებენ და შეეძლო თუ არა რაკეტას – `კივი 13”-ს 6 მილის სიშორეზე გაფრენა. ტრიგონომეტრიაში დახმარებას ქვენტინს თხოვს, ისინი დაადგენენ რომ რაკეტას, რომელიც 14 წამის მანძილზე მიფრინავდა შეეძლო 1.2 მილის მანძილი გაევლო. დარჩა მხოლოდ რაკეტის პოვნა, რომელსაც ბიჭები ქარის მიმართულების გათვალისწინებით პოულობენ..

სკოლაში აჟიოტაჟია, დირექტორი შემოდის ბავშვებით სავსე კლასში და ჰომერს ახსენებს, რომ ის აღარ სწავლობს ამ სკოლაში, რაზეც ჰომერი პასუხობს დაფაზე ამოხსნილი ამოცანით. მათემატიკისა და ფიზიკის დაუფლებით აკვირვებს სკოლის ადმინისტრაციას და თან დასამტკიცებლად მოაქვს ნაპოვნი რაკეტა. პოლიციის შენობაში მისულები კი აღმოაჩენენ, რომ რაკეტა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია, ტყესთან ახლოს მდებარე აეროდრომიდანაა გასროლილი. ამრიგად, ბიჭებს კვლავ ეძლევათ შანსი ოლიმპიადაზე მონაწილეობისა.

ბიჭები იმარჯვებენ რეგიონულ ოლიმპიადაში, მაგრამ ინდიანაპოლისში, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთი უნდა წავიდეს და ეს ერთი _ ჰომერ ჰიკამია. ინდიანაპოლისში მათ საპრეზენტაციო სტენდთან ბევრი დაინტერესებული ახალგაზრდა იყრის თავს, ფინალურ ეტაპამდე ერთი დღით ადრე კი ბიჭების მეცნიერულ მიგნებას, რაკეტის ერთ-ერთ დეტალს კონკურენტები იპარავენ, რაც ჰომერს ცაიტნოტში აგდებს. ერთ დღეში ეს ნაწილი თუ არ ექნებათ, მონაწილებას ფინალში ვეღარ მიიღებენ. ჰომერი რეკავს დედათან და დახმარებას სთხოვს. ქალაქში გაფიცვაა და მაღარო გაჩერებულია, ჰომერის დედას უწევს ქმრის დარწმუნება, რომ შვილის დასახმარებლად გაფიცულთა სასარგებლოდ დათმოს პოზიციები და ეს ნაწილი გამოაჩარხვინოს მუშებს, რასაც ჯონი საბოლოოდ თანხმდება.
ჰომერი იმარჯვებს სამეცნიერო ოლიმპიადაზე, მას სთავაზობენ კოლეჯები სტიპენდიებს, თვით ვერნერ ფონ ბრაუნიც კი ჩამოართმევს ხელს.. კოლვუდში ჩამოსულ ჰომერს თან მოაქვს ოქროს მედალი, ავტობუსს კი მთელი ქალაქი ხვდება, ჯონ ჰიკამის გარდა..

ეწყობა რაკეტის ბოლო საჩვენებელი გაშვება.. რაკეტას მის რაილი ჰქვია, უკურნებელი სენით დაავადებული მასწავლებლის, ბიჭების ერთგული მეგობრის პატივსაცემად.. ჰიკამი მამასისსაც სთხოვს, რომ დაესწროს ამ გაშვებას, რაზეც უარს იღებს.. უკან მობრუნებულს კი მამის სიტყვების ესმის: გავიგე შენს გმირს, ფონ ბრაუნს შეხვდიო.. რაზეც ჰომერი გენიალურ პასუხს აძლევს: შეიძლება დოქტორი ფონ ბრაუნი დიდი მეცნიერი და ჩემი კუმირია, მაგრამ ის ჩემი გმირი არააო.. მიუთითებს რა, რომ მისთვის მისაბაძი ადამიანი მამამისი იყო, თავის თავდადებითა და სამართლიანობით.. იმასაც ეუბნება, რომ ის მამამის ჰგავს _ სიჯიუტესა და მიზნის ერთგულებაში..

რაკეტის გაშვებამდე რამდენიმე წამია, ჰომერი ხალხს მიმართავს და ახსენებს ხალხს, ვისაც ეძღვნება ეს საბოლოო გაშვება: მის რაილის, რომელიც მკურნალობს და რომელიც აუცილებლად მოუყვება სიამაყით მომავალ თაობებს, რომ რაკეტის ბიჭებს ასწავლიდა. აიკ ბიკოვსკის, რომელიც ბიჭებს ეხმარებოდა და მაღაროში გარდაიცვალა, დედას და… მამას.. რომელიც ამ დროს ხალხის მასაში მორცხვად შემოდის.. `ეს რაკეტა არ გაფრინდება, თუ ვინმე არ დააჭერს ღილაკს თითს”.. და ჯონ ჰიკამი თავის უმცროს შვილთან ერთად უშვებს რაკეტას, რომელიც `აუცილებლად მიაღწევს კოსმოსამდე”.. რაკეტას თავის პალატიდან ხედავს მის რაილიც, ხედავს მთელი ქალაქი და ხედავს უფროსი ჰიკამიც, რომელმაც დაინახა მის შვილში ადამიანი, რომელიც მიზნებს აღწევს, რომელიც მას ეამაყება..
ბოლოში მოთხრობილია ბიოგრაფიული ცნობები ფილმის პერსონაჟებზე, ჰომერი კი ნასას ინსტრუქტორი გახდა..

პირადად მე ეს ფილმი პირველად 2002 წელს ვნახე, მაშინ ჯერ კიდევ 14-15 წლის ვიყავი და ვფიქრობ, ამ ახალგაზრდების ამბავმა გარკვეული როლი ითამაშა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.. იმდროინდელი საქართველო კოლვუდზე უარესი იყო.. ნავთის რიგებში გატარებული დაბადების დღე, ქუჩებში საბურავების დაწვა, უეცრად მოვარდნილი შუქი, უბანში გამაყრუებელი ძახილი: `იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს”.. კორუფცია, უმუშევრობა, უგაზობა, უშუქობა, უპერსპექტივობა.. და თითქოს ყველა ცდილობდა ამ `კოლვუდიდან” გაღწევას.. სხვა ქვეყანაში იყო ხსნა.. საქართველო იქცა ჩაკეტილ წრედ, რომლიდანაც იშვიათად თუ აღწევდა ვინმე ახალგაზრდა თავს.. კრიმინალი და ნარკოტიკი, ქურდული ბანდები, გარჩევები, ჩაგვრა.. ეს კოლვუდის დამძიმებული ფორმაა.. ვერ ვიტყვი, რომ მე მამა ჯონისავით მკაცრი მყავდა, თუმცა არც ის არის კარგი მოსაგონებელი, 14 წელი მამაჩემი სხვა ქვეყანაში რომ ცხოვრობდა.. და არც როი ლი, ქვენტინი და შერმანი არ მყავდა გვერდით..

სწორედ ამ ასაკიდან დავიწყე მზადება იმისათვის, რასაც ალბათ ჯერ კიდევ მომავალში მივაღწევ, მაგრამ ფაქტი ერთია, მე გავარღვიე ეს წრედი, ოკეანეც გადავიფრინე, სტიპენდიაც ავიღე, უნივერსიტეტშიც ვისწავლე, ახლა მყავს ის მეგობრები გვერდით, რომლებიც არ მყავდა.. და ისევე, როგორც ჰომერ ჰიკამისათვის მამამისი იყო გმირი, ჩემთვისაც ჩემი მშობლები ყველაზე მეტად მისაბაძი ადამიანები არიან, მოახერხეს რა, რომ იმ შავბნელი “კოლვუდის მაღაროში” არ ჩავრჩი, რომ ის “მაღარო” არ გავითავისე, რომ ამ ჯურღმულში, რომელშიც უამრავი ახალგაზრდა ჩაიფერფლა, ჩემი ადგილი ვერ დავინახე.. რომ შემიყვარდა წიგნები, მათემატიკა, წერა, ხატვა.. რომ მე გარდა შავი ფერისა სხვა ბევრი ფერებიც მაჩვენეს.. და რომ მათ ჩემი ირწმუნეს.. ჩემი უნივერსიტეტში ჩაბარება კი რაკეტა `მის რაილის” გაშვებას ჰგავდა.. მათ ეს შეძლეს, მე გავიზარდე, მე ვეამაყები, მე გავამართლე მათი იმედები, მე ვიპოვნე ჩემი თავი და ჩემი დანიშნულება..

ცხოვრებაში შეიძლება სულ მცირე დეტალმა შეცვალოს შენი შინაგანი სამყარო.. შენში მოახდინოს ძირეული ცვლილება.. მადლობა ჰომერ ჰიკამს, რომ თავის თავში რაკეტის ამშენებელი დაინახა, მადლობა მაღაროელ ბიკოვსკის, მის რაილის, უფროს ჰიკამს, კვენტინს, როი ლის, შერმანს, ჰიკამის დედას, რომ მათ ჩემი ცხოვრებაც შეცვალეს, მეც დავაღწიე `კოლვუდს” თავი და ვფიქრობ, მათი მაგალითი ბევრისათვის იქცა სტიმულის მიმცემად.. ბევრმა ააშენა `რაკეტა”, მოიგო ოლიმპიადა, ანდაც უბრალოდ უთხრა უარი გაბატონებულ მუქ ფერებს და დაამსხვრია მის გარშემო არსებული ერთფეროვნება, ბევრმა გაბედა ის, რასაც ვერ ბედავდა და ბევრმა უბრალოდ ირწმუნა სწავლის..

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, ამ ფილმს ყველა ახალგაზრდას ვუჩვენებდი 12-14 წლის ასაკში, რათა თავს დაუსვან შეკითხვები, დაფიქრდნენ, რისთვის მოვიდნენ და რა უნდათ, რომ მომავალში იყვნენ, რომ უფრო მტკიცედ აირჩიონ გასავლელი გზები, საკუთარ მეს მხარში ამოუდგნენ და გაბატონებულ აზრზს `რაკეტა” ესროლონ.. რაკეტა სახელწოდებით `მის რაილი”.. რომელიც იმედია, `ნამდვილად მიაღწევს კოსმოსს”..

ფილმის ფოსტერზე იკითხება ფრაზა: “დიდებული ფილმი, რომელიც თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება”..

აქვე გთავაზობთ კადრებს ფილმიდან და რეალური ჰომერ ჰიკამის ფოტოებს:

1. rocket Boys

2. Homer Hickam and Boys

3. Homer Hickam

4. Poster

ივნისი 28, 2011

გამოდი შენი ციხიდან, ანუ ჩარჩოებს მიღმა ყოფნა დანაშაულია?

Photography by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

ის, რომ საქართველოში “საზოგადოება” არ არსებობს, ეს უკვე სადავო საკითხი აღარაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად ასეა. ჯანსაღი საზოგადოების არარსებობა განსაკუთრებით უკანასკნელ დროს მტკივნეულად საგრძნობი გახდა. საქმე ის გახლავთ, რომ ჯანსაღ ხალხს შეუძლია, ჯანსაღად იაზროვნოს და ძალაუფლების მქონე პირი და მისი გადაწყვეტილბები/ქმედებები ასე თუ ისე შეზღუდოს, გამოთქვას მართებული პროტესტი, იყვიროს, იკივლოს და თუნდაც, პროტესტის ნიშნად თავი დაიწვას მოედანზე, ოღონდ მოთხოვნები ჰქონდეს მართებული და აზროვნებდეს რეალურად. ალბათ, ძნელი შესამჩნევი არაა, რომ “აგვისტოს ევროპელებივით” აღშფოთებული ვარ. ამ ბოლო დროს ხალხის ზომბირების პრობლემები ძალიან შემაწუხებელია. მე ახლა ვარ სტუდენტი, რმელსაც აქვს ამბიციები და სურვილები, რომელსაც უნდა, ამ ქვეყანაში რამეს მიაღწიოს და თავის სახელმწიფოსთვისა და ხალიხსთვის გააკეთოს, ემსახუროს მათ და სიბერეში დაწეროს მემუარები, თუ როგორ აკეთებდა ამას ყველაფერს, თუმცა ამის კეთება ადამიანს უნდა უღირდეს. ეს ყველაფერი ბუნებრივია და ბევრი სტუდენტიც, ჩემს მსგავსად ფიქრობს, თუმცა ამ ბოლო დროს ამ საქმის კეთების სურვილი უფრო და უფრო მიქრება. ვუყურებ რა ე.წ. “საზოგადოებას” ვეჭვობ, მინდა, კი მე ბრბოს ვემსახურებოდე და ამით წყენისა და იმედგაცრუების მეტი არაფერი მივიღო?

საქართველოს მოსახლობის მიდრეკლება ადამიანების გაღმერთებისადმი დღესაც ძალზედ აქტუალურია. პიროვნებების კულტი თურმე დღეს, ისე როგორც არასოდეს, აწუხებს ქართველობას.
საზოგადოება მოიაზრება, როგორც ერთობა, რომელსაც ძალუძს გამოიტანოს დასკვნები, ისწავლოს შეცდომებზე, რადგან სწორედ შეცდომების შედეგად გროვდება გამოცდილება. ჩვენ შეცდომები ნამდვილად არ გვაკლია და არც არასოდეს გვკლებია, თუმცა მათ, ვისაც გამოცდილების “შეგროვება” ევალებოდათ, ამისთვის, რატომღაც, სულ არ ეცალათ.

ეპიკტეტე ამბობდა: “მონაა ის, ვინც საკუთარ თავს ვერ ფლობს”.. როდესაც საქართველოში ბევრი შეცდომებისა და ცოტა გამოცდილების შემდეგ რამდენიმე მოხერხებულმა ადამიანმა ჩათვალა, რომ შეუძლია ეს ყველაფერი გამოიყენოს, ხალხმა მათ “მხსნელები” უწოდა და გადაწყვიტეს, ის, რასაც თვითონ ვერ ხვდებოდნენ და რის მართვასაც თვითონ ვერ ახერხებდნენ, რადგან ამისათვის არც განათლება და არც გამოცდილება არ ჰყოფნიდათ, გადაებარებინათ მათთვის, ვინც ამის სურვილი გამოთქვა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. შედეგად კი მივიღეთ რა: ხალხი გაზარმაცდა, იმის სტიმული, რომ რამე “ესწავლათ” აღარ ჰქონდათ, რადგან მათ მაგივრად სხვები “შრომობდნენ”. მეორესმხრივ, დაინახეს რა “ჭკვიანებმა”, რომ სრული თავისფლება ჰქონდათ გამოიყენეს ყველაფერი სათავისოდ. აგერ უკვე მერამდენე თაობის “ჭკვიანები” გვყავს პოლიტიკურ სპექტრში და უმეცარი და გაუნათლებელი ხალხი მერამდენე “მხსნელის” ძიებაში ან თუნდაც განდიდებაშია… ეს ხომ უნდა დამთავრდეს როდესმე? მე მწარედ მჯერა, რომ მონობა ქართველებისათვისაა შექმნილი და ყველაზე კარგი და ძვირფასი მონებიც ხომ ქართველები იყვნენ უხსოვარი დროიდან მონათა ბაზრებზე? დღესაც ასეა. დღეს ვისაუბრებ მონობის ფორმაზე – “მონა ღვთისა”..

იყო ასეთი მოაზროვნე კონფუცი, რომელიც ზოგადად ჭკვიანურ აზრებს ამბობდა ხოლმე. ასე მაგალითად: “სწავლა ფიქრის გარეშე უსარგებლოა, ხოლო ფიქრი უსწავლელად სახიფათოაო”.. აი ეს უკანასკნელი დაავადება ჭირს “ორდიპლომიან” ქართველ მოსახლეობას…

ბოლო პერიოდში საკმაოდ ხმაურიანი საუბრები იყო თეა თუთბერიზეზე და საკართველოს კათალიკოს პატრიარქზე. მესმის, რომ თეა თუთბერიძემ თქვა ის, რასაც ფიქრობდა, და ეს ვიღაცებს ეწყინათ, ვიღაცებს რა, ეკლესიის მრევლს ძალიან ეწყინა და მე თეას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვამართლებ არც მათ, ვინც უპირობოდ დარწმუნებულია, რომ არაფერი ცუდი ეკლესიაში არ შეიძლება მოხდეს და “პატრიარქის დასაცავად” თეას აკადრეს ყველაფერი, რისი კადრებაც შეეძლოთ. არამგონია, ეკლესიაში გინებას მოუწოდებდეს ვინმე ვინმეს ეკლესიის დასაცავად. ეს ცრუ მართლმადიდებლობა და ფარისველობა ცალკე თემაა. ქვეყნად არაფერი არ შეიძლება იყოს უეჭველი. უეჭველი ის არის მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო. ქართველებს კი აქვთ ერთი (არა ისე ბევრია, მაგრამ…) ძალიან საშინელი და სახიფათო თვისება: ენდობიან ბოლომდე და ყოველთვს გვიან აცნობიერებენ, რომ მაგრად “აჭამეს”.

აი მე, მაგალითად, არ მჯერა, რომ ქუჩის ყოველ კუთხეში აშენებული ეკლესია გააერთიანებს საქართველოს და მართალი გითხრათ, ეს ძალიან მაღიზიანებს (ეს კიდევ ერთია იმ ფაქტთაგან რომ ქართველები ყველაფერს მუთქად მიღებას ყაბულდებიან). როგორ გააერთიანებს? რა საშუალებით? რა ხერხებით? ეს კითხვები რატომ არ ისმის? მე კი უბრალოდ მგონია, რომ ბევრი ეკლესია ბევრ მღვდელს დაასაქმებს და მეტი არაფერი. რა ვქნა, ასე ვფიქრობ და მომკალით მე “ურწმუნო”.

ათეისტი არა ვარ, მწამს რომ არსებობს ღმერთი, მაგრამ არ მწამს იმის, რა ინტერპრეტაციითაც გადმოგვცემს ამას ეკლესია. “ქრისტიანობა, ინდუიზმი, ისლამი და ბუდიზმი სხვა არაფერია თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან”. ქრისტე, ბუდა, ალაჰი და კრიშნა ჩემთვის ერთი სუბსტანციაა, სხვადასხვა ხალხებში სხვადასხვანაირად აღქმული და განსახიერებული, ხოლო ამათი “იზმები” მონობის ყველაზე სრულყოფილი ფომებია დედამიწაზე, თანაც – ნებაყოფლობითი.

ხანდახან საჭიროა, დაფიქრდე, არის კი ის “კარგი”, რისაც უპირობოდ გწამს? უპირობოდ მორჩილება არის მონობის უმაღლესი ფორმა, არ აქვს მნიშვნელობა ვის მორჩილებ და ვის ემონები. ქრისტეს, თუკი ის ნამდვილად არსებობდა ამ ქვეყნად, არა მგონია, მონური მორჩილება ექადაგა. მე ასე ვიცი, რომ სადაც არს იქ გარკვევით წერია: ის, ვინც ბრმად მორწმუნეა – მონაა ღვთისა, ხოლო ის, ვინც ცდილობს გაარკვიოს სიღრმეები და შეიმეცნოს, მეგობარია ღვთისა.. მე პირადად არ მიკვირს, მრევლს მღვდლები “მონავ ღვთისათი” რომ მიმართავენ და არა “მეგობაროთი”. ხალხს თუ საკუთარი “მონობა” არ აწუხებს, ხალხის მონობა მღვდელს მითუმეტეს არ შეაწუხებს, პირიქით – აწყობს კიდეც. საქმე ისაა, რომ ყველას სჯერა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვაა, მაგრამ საქმე არც ისე ადვილადაა. ეკლესიამ მეტნაკლებად შეძლო გაეკონტროლებინა ის, რაც ვერც ერთმა დიქტატურამ ვერ შეძლო: “ცუდი რამის” (კიდევ გასარკვევია ცუდი რას ნიშნავს) გაფიქრებაც კი ცოდვაა (აზრების კონტროლი), ფიზიკური ტკბობა (ცოლქმრულ ურთიერთობებში იზიკური ტკბობა ცოდვაა, თუ გამრავლებას არ ისახავს მიზნად!!!) – ამაზრზენია. ჯორჯ ორუელმა თავის რომანში 1984 აღწერა ტოტალირატული ქვეყანა, რომლის მსგავსიც კი წარმოუდგენელია რომ შეიქმნას, უმაღლესი დონის მაკონტროლებელი სამსახურებით… და ასეთმა დიქტატურამაც კი ვერ დათრგუნა ფიზიკური ტკბობა, თავისუფალი აზროვნება და ეს განახორციელა ეკლესიამ.

არაფერი მაქვს ეკლესიის წინააღმრდეგი, ისევე როგორც სახლებში არ ვუვარდები და არ “ვებრძვი” სხვა რელიგიის აღმსარებლებს, მაგრამ არც იმაზე დავხუჭავ თვალს ვინმე ძალით რომ გვახვევს თავს საკუთარი რელიიგისს ჩარჩოებს.. ამაზე მეტად კი ისაა გამაღიზიანებელი, რომ ამ ჩარჩოებში მკაცრად გამოკეტილია მმართველი ელიტა და არავინაა ექსტრემიზმის შემზღუდავი..

არ მინდა, ერთ დღეს გავიღვიძო და აღმოვაჩინო, რომ ქართველი “აიათოლა ხომეინი” ამერიკის საელჩოს შტურმით აღებას მომიწოდებდეს.. არ მინდა, ვინმემ მუსულმანები ამოხოცოს მთიან აჭარაში.. არ მინდა, ყველა მოსახვევში აღმართული ფერადი ნათურებით განათებული ჯვრები დამყურებდეს თავზე..

მე მწამს ღმერთის და შუამავლები არ მჭირდება მასთან მისასვლელად…

Solitary spectator! by adrians_art
Solitary spectator!, a photo by adrians_art on Flickr.

Photography by: adrians_art (flikr.com)

მარტი 31, 2011

ალი მუხარაზისა და ლუსინდას საოცარი თავგადასავალი

Filed under: პროზა და პოეზია — kesha @ 01:41

Photography By:Raffaello Franiuk
Photo Gallery of Raffaelo Franiuk – http://www.flickr.com/photos/franiuk/

ალი მუხარაზისა და ლუსინდას საოცარი თავგადასავალი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, მაგრამ, ალბათ, არაფერი იარსებებდა იმაზე უკეთესი, რაც დიდი ხნის წინათ ალი მუხარაზის სამშობლოში ხდებოდა.

ალი პატარა უფლისწული იყო და, ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა, რასაც კი ისურვებდა, მისი სახემწოფო ღმერთებს უყვარდათ და უხვად დააჯილდოეს სილამაზითა და სიმდიდრით. ხოლო ძლიერი ხელმწიფე ხეფეზის ხელში ყველაფერი ყვაოდა…

და ჰყავდა მას ერთი ვაჟი, ალი მუხარაზი…

მიედინებოდა ცხოვრება მდინარე ზარიფივით თავის კალაპოტში და ალიც იზრდებოდა… მეფე ხეფეზი ხვდებოდა, მალე ღმერთები სულს მოსთხოვდნენ და მიწა მიწას მოითხოვდა. ერთ დღეს ვაჟი დაიბარა, აუხსნა ცხოვრების ავანჩავანი და სთხოვა დაქორწინებულიყო, შეექმნა ოჯახი და გამხდარიყო დიდებული ხელმწიფე…

ალი მუხარაზი დაფიქრდა და მიხვდა, არავინ ჰყავდა ქვეყნად ისეთი, ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებდა… მაშინ მეფე ხეფეზმა დიდი მეჯლისი მოიწვია და ქვეყნის დიდებულთა ოჯახები შეარჩია, რათა ამოერჩია მომავალი დედოფალი ალი მუხარაზის გვერდის დამამშვენებლად… უფლისწული იმდენად მოხდენილი, განათლებული და კარგი ადამიანი იყო ნებისმიერი ასული დათანხმდებოდა მის ცოლობაზე… მაგრამ ალი მწუხარებდა… იმ ღამით სასახლის კარიბჭე დატოვა და ღარიბულად ჩაცმულ-დახურული შაჰ-ფეიზის ქუჩებს შეერია… მთელი ღამე ხეტიალში გაატარა და გამთენიისას ჩაიხანას მიადგა… შენობიდან გამომავალმა მუსიკამ და მხიარილების ხმამ ალის ჩაიხანის კარი შეაღებნა და მის თვალებში გამოჩნდა ცხოვრების სრულქმნილება – ლუსინდა…

ლუსინდა მოცეკვავე იყო.. შავი თმები და თვალები.. მოხდენილი ტანი, ამტევნებული მკერდი, გაბუსხული ტუჩები და წითელი კაბა…

ამ დღის მერე ალი მუხარაზი ხშირად სტუმრობდა შაჰ-ფეიზის ხმაურიან ქუჩებსა და ღარიბულ ჩაიხანას… უყვარდა ლუსინდა…

ერთ დღეს ალი მიხვდა, რაღაც უნდა შეცვილილიყო და მსახურებს უბრძანა, მოცეკვავე სასახლეში მოეყვანათ… იმედოვნებდა, ლუსინდა მისი გახდებოდა ამ დღისთვის ემზადებოდა… ლუსინდამ ახედა უფლისწულს, მაგრამ სხვა დიდებული ოჯახის ქალიშვილების მსგავსად, არც გული წასვლია და არც ბნედა დამართვნია… უბრალოდ მიზეზი იკითხა სასახლეში მიყვანის… ალი ყველაფერში გამოუტყდა და თავისი გული და ხელი შესთვაზა… ქალმა თავი შორს დაიჭირა, მისთვის ალი უბრალოდ უცნობი მამაკაცი იყო და მეტი არაფერი…

დრო გადიოდა. ალი იზრდებოდა, თვალებში სიხალისე ემატებოდა… ლუსინდას ხშირად სტუმრობდა და აღარც ლუსინდა იყო ძველებურად შორეული და მიუწვდომელი… და აი ერთ დღეს, ალი მუხარაზმა დიდ ხელმწიფეს უჩვენა თავისი ღარიბი გულის სწორი… შეურაცხყოფილმა და განრისხებულმა მეფემ, ბრძანა თავის მხოლოდშობილი ვაჟისთვის თვალები დაეთხარათ და სასახლიდან გაეგდოთ, ლუსინდა კი შორს ქალაქის მიყრუებულ უბანში გაეყვანათ, რათა ურიცხვი ხალხების ქალაქ შაჰ-ფეიზში ერთმანეთი ვეღარასდროს ეპოვნათ…

დრო გადიოდა ალი კაცდებოდა და ცხოვრების სილამაზეს ბრმა ეზიარებოდა… სიბრძნე მიიღო და ქუჩებში ქადაგებდა… ქვეყანის სამქე სულ უფრო და უფრო უკან მიდიოდა, ღმერთები დიდ ხელმწიფეს განუდგნენ და შიდა არეულობა ატყდა… ალი მუხარაზი კი ამ აშლილობაში მეამბოხეების მეფედ იკურთხა და ხელმწიფეს წართმეულის დაბრუნებას სთხოვდა… ამის შემყურე ხელმწიფე მალევე გარდაიცვალა, ხოლო ბრძენი ალი მუხარაზი უდიდეს ხელმწიფედ იქცა… ქვეყანა აყვავდა, ღმერთებმა წყალობა მოიღეს, მაგრამ ვერავინ ხედავდა ღიმილს ბრმა ბრძენი მეფის სახეზე…

მსახურთუხუცესმა მეფისგან ფარულად ლუსინდას ძებნა დაიწყო…
ერთ დღესაც ალი მუხარაზს ნაცნობი ხმა ესმა და საყვარელმა სურნელმა ძველ დროში შეითრია… ეს ლუსინდა იყო.. ახლად აღმოცენებული, ზრაპრიდან მოსული…

ცხოვრებამ ლაღი ფერებით იწყო ხატვა და ალი მუხარაზი ამ ფერებში თავით გადაეშვა…
– ლუსინდა რა ფერად ჩადის მზე? შენ ხომ იცი როგორ მიყვარდა მზის ჩასვლა?
– წითლად ჩადის ალი, წითლად, შენ როგორც გიყვარდა, – პასუხობდა ლუსინდა და ალიმ არ იცოდა, ლუსინდასაც რომ დაეთხარა თვალები, სატრფოს სიბრმავე რომ არასოდეს ენახა და თანასწორი ყოფილიყვნენ ბედნიერებასა და უბედურებაში…

ალი იყო ხლმწიფე ღმერთების საყვარელი ქვეყნისა და მეფობდა დიდხანს და ბედნიერად… ქალაქი შაჰ-ფეიზი არასოდეს აღარ ყოფილა მსგავად ლამაზი, ფერადი, მოხატული, მუსიკითა და ლექსებით სავსე, ისე როგორც ალი მუხარაზის, ბრმა ხელმწიფის დროს..

და იყო ალი მუხარაზი მხოლოდშობილი ძე დიდი მეფე ხეფეზისა და ესვა დედოფლად ლუსინდა… ლუსინდა მოცეკვავე იყო.. შავი თმები და თვალები.. მოხდენილი ტანი, ამტევნებული მკერდი, გაბუსხული ტუჩები და წითელი კაბა…

ძილი ნებისა, ფერადი სიზმრები და კეთილი ანგელოზები…

[მე…]
[2009]

თებერვალი 24, 2011

My Personal Photo Gallery

Filed under: უკატეგორიო — kesha @ 01:41

www.samkharadze.inf.ge

კატეგორიები:
პეიზაჟი
ჟანრი
პორტრეტი
თბილისი
ბუნება
მოგზაურობა
არქიტექტურა

ART განყოფილებაში იხილავთ ჩემს ნახატებს 🙂

ფოტოების შესყიდვის განყოფილება:

საიტზე არსებული ყველა ნამუშევრის შეძენა შესაძლებელია. ფასი დამოკიდებულია შესყიდული ფოტოს დანიშნულებაზე. მაგალითად:

სახლის ინტერიერის გასაფორმებლად: 1 ფოტო (დიდი საბეჭდი ზომა) – 50-70 Gel. ფოტოების რაოდენობის ზრდასთან ერთად საცალო ფასი დაიკლებს – 1 ფოტო (დიდი საბეჭდი ზომა) – 30-40 Gel.

ტურისტული ორგანიზაციების ინტერიერის, საიტების, სარეკლამო ბუკლეტებისა და ფლაერების გაფორმება: 1 ფოტო (დიდი საბეჭდი ზომა ინტერიერისათვის) – 100 Gel. საიტისათვის – 60-100 Gel. სარეკლამო ბუკლეტებისა და ფლაერებისათვის: ფასი გამოითვლება დაბეჭდილი მასალის ტირაჟიდან და საფასურიდან – 70-150 Gel.

ჟუნალების ყდებისა და სტატიების გაფორმება: ჟურნალის ყდის გასაფორმებლად – 250-500 Gel. ჟურნალის სტატიის გასაფორმებლად ფასი გამოითვლება დაბეჭდილი ფოტოს ზომის, ჟურნალის ტირაჟისა და ფასის მიხედვით, დაახლოებით – 60-120 Gel.

ფოტოალბომების დასასურათებლად: ფასი გამოითვლება ალბომის ტირაჟის, საბაზრო ღირებულებისა და შესყიდული ფოტოების რაოდენობის მიხედვით: 1 ფოტო – 80-100 Gel. ფოტოების რაოდენობის ზრდასთან ერთად საცალო ფასი დაიკლებს – 1 ფოტო 50-80 Gel.

ფოტოს შესყიდვა ექსკლუზიური და საავტორო უფლებებით: 1 ფოტო (დიდი საბეჭდი ზომა) – 200-1000 Gel.

ფოტოს შესყიდვა სარეკლამო ბანერისათვის: 1 ფოტო – 500-1000 Gel.

შესყიდულ ფოტოებზე აუცილებლად უნდა ეწეროს ავტორის სახელი და გვარი წვრილი შრიფტით.

ფოტოების ნებისმიერი სახით გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე არის საავტორო უფლებების დარღვევა და ისჯება კანონით.

კონტაქტი:
საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 77) 30 20 69
(+995 99) 72 92 95
E-mail: mikheil.samkharadze@yahoo.com

დეკემბერი 15, 2010

ჩვენ შევქმენით სამყარო შვიდ დღეში

Filed under: პროზა და პოეზია — kesha @ 01:41

Photography by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

(ჩემი სხვა ფოტოები შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე–> http://www.flickr.com/photos/samkharadze/ )

ჩვენ შევქმენით სამყარო შვიდ დღეში

დღეს ისევ რაღაც დაიწვა ჩემში..
ისევ იწვიმებს..
აღარ მაშინებს რკინის ჩიტები…
არ გავიცინებ,
როცა ასფალტზე დავახეთქებთ
უსახო კერპებს..
და მოვა წვიმა..
ყოვლის წამლეკი, სუფთა ტალახით,
რითაც ოდესღაც ვძერწავდით ღმერთებს…
ტანს შეიმშრალებ იმავ ბალახით,
წეღან რომ ძოვდა ჩვილი ირემი,
მე და შენ რომ გამოვძერწეთ
მეექვსე დღეს ჩვენი ცხოვრების…

გარეთ ღამეა უსახური არაფრისმთქმელი..
ცა გაიბზარა, წვიმა ტირის მიწის ბოლქვებით..
შენთან დილაა, მზე ამოდის ყოვლისმომცველი..
მე ვერ გავიგე, რომ გათენდა, როცა მოხვედი…

გადმოდი ჩემთან, გადალახე სივრცული ველი..
მომნატრებია, წითელფერობა შენი ღაწვების..
მაცვია მწვანე.. ღია კარში ვდგავარ და გელი..
გადმოდი ჩემთან, ცივ მთვარეზე ერთად დავწვებით..

ნუ შეგაშინებს ჩემი სველი შავი თვალები,
დღეს ჩემს ორგანიზმს უწერია ღამის თენება..
კოსმოსურ ცხენებს დავაჭედეთ ცეცხლის ნალები..
ვერას დაგვაკლებს შავი ჟანგის უკუდინება..

ვტოვებთ სამყაროს, სავსეს მიწით და სველს წყლით..
მივეცით მზე ყვითელი და მთვარე ნაცრისფერი..
გადავხურეთ ლურჯი ცით..
პირველ დღეს შევქმენით დინოზავრები და მეორე დღეს გადავაშენეთ..
მეორე დღეს შევქმენით მწვანე ფერი..
მესამე დღეს შევქმენით
სველი თევზი,
მშრალი კატა და
ჰაეროვანი კოლიბრები…
მეოთხე დღეს დავიწყე ძერწვა ადამის და შენ გამცინე, ნეკნი მომპარე და ევაჩკა გააკეთე..
მეხუთე დღეს შევქმენით სიყვარული, რომ ჩვენნაირად შეექმნათ თავიანთი სამყაროები ადამს და ევას..
მეექვსე დღეს შევქმენით ირემი, რომ მოეძოვა მწვანე ფერი..
მეშვიდე დღეს შევქმენით ღმერთი, რომ თავი აღარ შეგვეწუხებინა და დავტოვეთ სფერო სავსე იმედებით და ცისფერი მწვანით…

დღეს ეს სამყარო უიმედოდ გაწითლებულა…
[მე..]
[ლისაბონი, 2010]

დეკემბერი 2, 2010

სასწაული

Filed under: ესსეები,ფოტოები — kesha @ 01:41

Trinity Church

Photography by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

ამასწინათ დამაფიქრა სიტყვამ _ “სასწაული”… ის, რომ სასწაულები (რელიგიური გაგებით) არ არსებობს, ეს ნათელია და ამ ჭეშმარიტებას თავად სიტყვა “სასწაული” ღაღადებს.. “სასწაული” – ეს სიტყვა ძალიან ძველია და მას ადრეც ისევ ისე იყენებდნენ ალბათ, როგორც დღეს… და, რადგან ძველად ბევრი სიტყვა გამოითქმებოდა და იწერებოდა “ძველებურად”, მაგალითად: საწუთროი, უხეთქნა, მთუარეი და სხვა მსგავსი… ამიტომ მივიჩნიოთ ეს სიტყვაც იმ ძველ ლექსიკის მაგალითად და ვნახოთ, რას აღნიშნავს ის ძველი ქართული სალაპარაკო ლექსიკონის ენაზე: თუ სიტყვა “მთუარეი” არის მთვარე, ამ შემთხვევაშიც ასო-ბგერა “უ” გადაიქცევა “ვ” ასო-ბგერად (და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს) და რას მივიღებთ? “სასწაული” _ სასწავლი.. ანუ ის რაც ჯერ არ უსწავლიათ, ის, რაც გამოსაკვლევია, ის, რაც შესასწავლია და თვითონ სიტყვა ამბობს, რომ რაღაც X მოვლენის შესწავლა შესაძლებელია ადამიანისათვის.. და არა ის, რაც ზებუნებრივია და გონებისათვის მიუწვდომელი…

ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი მარტივია და შარავანდედებით შემოსვა არაა საჭირო. არაა საჭირო ასევე კლიტეები დავადოთ ყველაფერს, რასაც ეკლესია ვერ გაუძღვება წინ..

ამის მერე ძალიან საწყენია, რომ ხშირად თანამედროვე ეკლესია ღიად უპირისპირდება განათლებას, საზღვარგარეთ სწავლას და უცხო ენების ათვისებას. საწყენია რომ, ეკლესია, სადაც დაიბადა კიდეც უმაღლესი საგანმანათლებლო კერები და ამის მაგალითი ბევრი გვაქვს საქართველოშიც, დღეს აქტიურად ეწინააღმდეგება თავის მიერ ნაშობ მოვლენას.. ნუთუ ეკლესიაში არ ითარგმნებოდა ყველაფერი ახალი? რა იყო აბა იყალთოს აკადემია? რატომ დადიოდნენ ქართველი ბერები უცხოეთში და რატომ ბრუნდებოდნენ იქედან ახალი აზროვნებით, როთაც ისევ და ისევ აძლიერებდნენ ეკლესიას? ან რატომ ჩამოდიოდნენ ჩვენს აკადემიებში უცხოელები?

დროა, ეს რაღაც ჩაკეტილი საზღვრები მოვშალოთ.. დროა ეკლესია გამოვიდეს თავის ციხიდან.. და საერთოდ დროა ეკლესია მიხვდეს, რომ არ ძალუძს, გააჩეროს დროის დინება, განვითარება და თანამედროვე მოთხოვნები.. დროა მიხვდნენ, რომ ისინი უნდა მოერგონ ახალ სამყაროს და არა – ახალი სამყარო მათ..

Photography by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

ოქტომბერი 7, 2010

წერილი მკითხველს #6

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

წერილი მკითხველს #6
სახელწოდებით “რა არ ხდება…”

დილის 10 საათი, 17 მაისი, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო გადაჭედილია: ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი, ასობით სტუდენტი. სახვადასხვა ბუკლეტის კორიანტელი და დაძაბული, ნერვული აურა… არა, ეს არაა სახელმწიფო გამოცდა, ეს იყო პირველი არჩევნები ჩემს ცხოვრებაში; დღე, როცა დიდი სიამაყით ვატარებდი ჩემი ორგანიზაციის მაისურს და ვიცოდი, რომ ამ დღეს უნივერსიტეტის ისტორია იწერებოდა, გაფაციცებით…
დილის 2:35 წუთი, 18 მაისი, უნივერსიტეტის ფოიეში ჩამოხეული საარჩევნო “პლაკატების” პირამიდები და უძილობისგან მიბინდული თვალების მიღმა ნერვული მოლოდინის ღიმილი… კიდევ 20 წუთიც და წინასწარი პასუხებიც გამოიტანეს… ვიღაც მოწყვეტით გაოგნებული ეშვება კიბეზე ჩამოსაჯდომად, ვიღაც ხელს ართმევს და ულოცავს მეგაბრებს, მე ამას მხოლოდ ფრაგმენტებად ვხედავ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ისტორიული მოვლენისა. გამარჯვებით გახარებული პირველად დავჯექი დასასვენებლად. ახლა მხოლოდ ძილი მინდა…

***
უკვე დიდი ხანია, არაფერი დამიწერია და ვწუხვარ, რომ წერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა; უბრალოდ ცხოვრებას არ უყვარს, როცა ადამიანები თავიანთი მიზნების განხორციელებისკენ მიილტვიან… არჩევნების შემდეგ ვცდილობ, კვლავ ვწერო, მაგრამ გული არ მიმდის და ფურცლების დანახვისთანავე ნაფიქრალი ქვიშასავით ძვრება ხელში.
ისე, დამავიწყდა ჩემი მეორე მეს, ანუ მ2-ის გაცნობა, მაგარი “ზანუდა” ტიპია და ტვინს ბურღავს ხოლმე. ახლაც მეჩალიჩება, მასზე დავწერო. ერთადერთი დადებითი თვისება რაცა აქვს, ის არის, რომ მხოლოდ ძილისწინ ჩნდება ხოლმე და მანამდე არ მაწუხებს. მთელი დღე ვშრომობ, ვლაპარაკობ, თავს ვიგიჟებ, ვიღლები, ღამით კი ეს ყველაფერს მიკრიტიკებს, მასწავლის: ასე რატომ თქვი? შენი ამბიციები შენთვის შეინახე; შენი აზრი არ არის ყველგან მთავარი და ასე შემდეგ; თუმცა მეორე ღამეს ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. მე კი იგნორირებას ვუკეთებ და მხოლოდ საკუთარი თავისადმი პატივისცემის გამო ვუსმენ(ის ხომ ჩემი მეორე მეა და ჩემს თავს არასოდეს მივაყენებ შეურაცხყოფას).

მ2-ისაგან განსხავებით ავტორიტეტებს არ ვცნობ. შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემს თავს ზემოთ არავის ვაყენებ. არ არსებობს ადამიანი, ვის წინაშეც ქედს მოვიხრიდი: ჯერ ვარ მე, ხოლო შემდეგ ნებისმიერი სხვა. ეს ძალიან მეხმარება ხალხთან კონტაქტისას. არ მიჭირს არანაირ ცნობილ თუ უცნობ პირთან საუბარი და ურთიერთობა…
***
ცხოვრება ძნელი თამაშია, რომლის ბოლოშიც “perfect”-ის ნაცვლად ყოველთვის “Game Over”-ი იწერება. ჩვენს გამოგონილ სამყაროში ჩვენ ვიგონებთ ჩვენს თავსაც და ჩვენს მეგობრებსაც. მეგობრობა არაფერია, თუ არა ერთმანეთთან სულიერი სიახლოვე, თუმცა, ესეც გამონაგონია. ყველაფერი ჩვენი გამონაგონია, საბოლოოდ მაინც ჩვენი თავის წინაშე ვდგებით. მეგობართა წრე, არაფერია, თუ არა გართობის საშუალება, დროებითი. იცვლება საახლობლო წრე და გართობის საშუალებები: სოფელი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და თითქოს ახალ-ახალ საფეხურებზე ადიხარ, მაგრამ ბოლოს ფინიშის ხაზამდე არმისულს დრო ამოგეწურება…
ყოველდღე ფუსფუსი, ვითომ რაღაცის კეთება, ესეც ხომ გამოგონაგონია. შეიძლება ჩვენი გამონაგონი არაა, მაგრამ სხვის გამონაგონში რაღაცის კეთებაც ხომ აბსურდი და არაფერია…
***
ჩვენი ქვეყანა ვითომდა კოლექტიურია და ერთად უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ _ ტყუილი და ვიღაცის აფიორაა. “კოლექტიური ერთიანობის”, ანუ საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა საქართველო “კოლექტივიზმის მედროშე”. ინდივიდუალისტების ქვეყნის შვილები ვართ და ინდივიდების უაზრო იდეებს ეწირება ეს უბედური ქვეყანა. რატომღაც ვერ ისწავლა ხალხმა, რომ “თავისუფალი ადამიანი” პირობითი ცნებაა. თავისუფალი არავინაა. ყველა ვიღაცის ქვეშევრდომია და ვიღაცის წესებით უნდა ითამაშოს, წინააღმრდეგ შემთხვევაში თქვენ ზედმეტი ხართ. შემდეგ იწყება საპროტესტო აქციები და მცდელობა 2003 წლის შედეგის გამეორებისა, მხოლოდ მცდელობა. ამ ხალხს რასაც მეტს უკეთებ, მით უფრო მეტი უნდა. თავს ევროპას ადრებენ, იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ აფრიკის განუვითარებელ ქვეყნებზე ქვევით მოიაზრებოდა სულ რაღაც ორი წლის წინ. უმადურია ხალხი და გაუმაძღარი. ჩვენი გემი ძალიან შორს შევიდა ზღვაში, აღარც უკან დაბრუნება შეგვიძლია, წინ კი ჯერ არაფერი მოსჩანს და მაინც ისევ წინ წასვლა სჯობია უკან დაბრუნებას. ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რომ ამ დიდმა მანქანამ გამართულად იმუშაოს. ზოგი მენაგვე იქნება, ზოგიც _ პარლამენტარი. არ არსბობს ქვეყანა სადაც მენაგვე და მეეზოვე არ არსებობს. მათხოვრებს მუშაობა აზარებათ. იმიტომ, რომ მუქთად ცხოვრებას მიეჩვივნენ. ერთ-ერთმა კი ასე გვითხრა:”დღეს 30 ლარი ვიშოვნე ( ვიფიქრე, ძალიან ბევრი უშოვნია-მეთქი, მაგრამ…), დღეს ვერ ვიმუშავე კარგად, საშუალოდ დღეში 80 ლარს ვშოულობო”.ასეთ კაცს რად უნდა შენი სამას ლარიანი (უკეთეს შემთხვევაში) მეეზოვის სამსახური და დამლაგებლობა? ის უკვე სულით მათხოვარი და მუქთახორაა. ასეთ ადამიანებს არ გავახარებდი. ვისაც შეუძლია, უნდა იშრომოს. არცერთი სამუშაო სათაკილო არაა ( 04.07.2006 )

პ.ს.
ეს წერილები საკმაოდ ძველია 🙂 თარიღებს ამიტომაც ვტოვებ, რომ დროში და სივრცეში არ აიბნეთ…

ივნისი 20, 2010

The French Angel


[სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ავტორის სახელი და გვარი, ვინაც დახატა ეს პორტრეტი, თუ ვინმეს გექნებათ ინფორმაცია, მომაწოდეთ და მივუთითებ]

მორის ტილე (Maurice Tillet) (მოგვიანებით მას სხვა მრავალ ზედმეტსახელთან ერთად, ამერიკელებმა ფრანგი აგელოზი შეარქვეს – “the French Angel”) დაიბადა საფრანგეთში დაახლოებით 1903 წელს. მორისი იყო უაღრესად განათლებული ახლგაზრდა კაცი, საუბრობდა 14 სხვადასხვა ენაზე. ბევრმა არ იცის, რომ იგი იყო პოეტი და ისწრაფვოდა მსახიობობისკენ.

თუმცა 20 წლის ასაკიდან მას განუვითარდა იშვიათი დაავადება – აქრომეგალია – რომელიც იწვევს ადამიანის ძვლების არანორმალურ ზრდას, რის შედაგადაც დამახინჯებამ მიიღო სავალალო პროპორციები ( ამ დროს ის უკვე მოჭიდავე გახლდათ და დაავადების გამო მას თანამედროვეები ”ანდრე გიგანტს” ან ”გოლიათ ანდრეს” ეძახდნენ).

მალე მისი ცხოვრება აუტანელი გახდა, ტკივილმა და ტანჯვამ, რომელსაც ის იღებდა ყოველდღე ქუჩაში გასვლისას, მორისი იძულებული გახადა დაეტოვებინა თავის სამშობლო. იგი ამერიკაში აგადაბრგდა, სადაც საჭიდაო წრეებში მას მალევე შეარქვეს ”რინგის შიშისმომგვრელი კაციჭამია” (”The Freak Ogre of the Ring”).

მას სურდა, მიეღწია ჭიდაობის მწვერვალისათვის და 1944 წლის 1 აგვისტოს ამერიკის ჭიდაობის ასოციაციის მიერ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში დაამარცხა სტივ ქეისი ”დამანგრეველი”. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ცოტა მეგობრებიც შეიძინა, მათ შორის იყო ბიზნესმენი პატრიკ კელი (Patrick Kelly), რომელსაც ხშირად სტუმრობდა მასაჩუსეცში, ბრაინთრიში, სადაც ჭადრაკს თამაშობდნბენ ხოლმე.

1954 წელს 51 წლის ასაკში მორი გულის პრობლემების გამო სარეცელს მიეჯაჭვა. გადაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა მოჭიდავე ბობი მანაგოფმა (Bobby Managoff) ნებართვა ითხოვა, რომ მისი უჩვეულო სახის ანალოგიური ნიღაბი დაემზადებინათ. დამზადდა თაბაშირის 3 ნიღაბი: ერთი გადაეცა მილო სტეინბორნს (Milo Steinborn), ხოლო დანარჩენი ორი მორისის კარგ მეგობარს პატრიკ კელის უსაჩუქრეს. სტეინბორნმა ნიღაბი უსახსოვრა იორკ ბარბელ მუზეუმს (York Barbell Museum – USA Weightlifting Hall of Fame in York, Pennsylvania). კელის კუთვნილი ნიღბებიდან ერთი მის კაბინეტში სამუშაო მაგიდაზე იდო წლების განმავლობაში, ხოლო მეორე ნიღაბი გადაეცა აიოვას ჭიდაობის საერთაშორისო მუზეუმს (International Wrestling Museum, Iowa).

არსებობს მოსაზრება, რომ მორის ტილეტის სახე უდევს საფუძვლად CGI-ის მიერ შექმნილ ანიმაციურ პერსონაჟ შრეკს. თუმცა ამ ინფორმაციას არც არავინ ადასტურებს და არც უარყოფს.

აქვე გთავაზობთ ფოტოებს და დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

ივნისი 19, 2010

როცა ბურთს აგორებენ ვარსკვლავები


Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

ვერაფრით ვაპატიებდი ჩემ თავს, რამე რომ არ დამეწერა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ.
რამდენიმე ერთმანეთისაგნ განსხვავებული რამ მიტრიალებს თავში, რაც ალბათ უპრიანი იქნებოდა, ცალცალკე რომ დამეწერა, მაგრამ ვეცდები, ერთ სტატიაში გავაერთიანო.

მსოფლიოს თვალი
დედამიწის მოსახლეობის ალბათ აბსოლური უმრავლესობა ვისაც კი ტელევიზორი გააჩნია, ალბათ თვალს ადევნებს ამ სანახაობს. ეს ხომ ყველაზე დიდი მოვლენაა, მე თუ მკითხავთ, ოლიპმიადაზე დიდიცაა… ფაქტია, რომ ყველას მზერა ერთი სფეროსკენაა მიმართული – “ჯაბულანისაკენ”. მსოფლიოს ჩემპიონატის სული ეტყობა ყველას და ყველაფერს.. ყველას ტელევიზორი აჩვენებს ერთსა და იმავეს.. მოკლედ სრული საფეხბურთო ატმოსფეროა.

მომწონს ორგანიზება ძალიან, ისიც მომწონს, რომ აფრიკის კონტინენტზეა ტურნირი.

თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი გუნდების თამაშის სტილსა და ხარისხზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო.. დღე არ გავა, რომ უღიმღამო თამაშით არ დაგწყდეს გული.. განსაკუთრებით ის გუნდები გწყვეტენ გულს, რომელთა მოგებაც და სანახაობრივი თამაშიც ეჭვქვეშ არასოდეს დგება.. მაგრამ…

ჰო და მაგრად არ მევასება პირველი არხის კომენტატორი.. ძააალიან საშინლად მიჰყავს რეპორტაჟი, მაგალითად: “არიენ რობენი, ალბათ ძალიან წუხს, რომ (სრული სიჩუმე.. გადის 20 წამი), რომ ვერ ეხმარება თავისი (ისევ დუმდება.. გადის კიდევ 15 წამი) ქვეყნის ნაკრებს.. მაგრამ (ჩაკვდა ისევ 20 წამით) მალე ითამაშებს ალბათ..” ნერვები მაწყდება.. სანამ რამეს იტყვის უკვე მავიწყდება რას ჰყვება.. კვერცხია რა..

საშინელი ზზზუზზზზზუნი..
ეს “ვუვუზელა” თუ ბზუალა თუ საშინელება უნდა მოაშორონ სტადიონებიდან. მატჩის ყურებისას, ხმას ვუწევ როპ არ მოვსიმინო ის მონოტონური საშინელი ბზუილი, ნერვოზს მიქმნის. წარმომიდგენია ფეხბურთელები რა დღეში იქნებიან.. ამ ზანგებს ცოტა ვერა აქვთ მოწყობილი აზროვნების ორგანო ნორმალურად… “მუსიკალური” საკრავი რომ ჰქვია ამ სადო-მაზოხისმის ინსტრუმენტს უბრალოდ ირონია და დაცინვაა..

ქართველი “ფანები”
აი ეს არის ის ყველაზე ცუდი მომენტი, რაზეც ალბათ შეუჩერებლად შემიძლია, ვილაპარაკო. რა მატრაკვეცობაა ეს არ მესმის.. აქაოდა მეც ნახირნახირო და ვითომ ვზეიმობთ ამ ჩემპიონატს.. ეს ყველაფერი არ იქნებოდა გამაღიზიანებელი, რომ არ ვხედავდეთ, რას აკეთებენ ეს “ფეხბურთის მოყვარულები” საქართველოს ნაკრების თამაშებზე. მე არ მინახავს ეს ადამაინები სახეშეღებულები და დროშებით და მაისურებით და სანაკრებო გასამხნევებელი სიმღერის მოღიღინეები სტადიონზე. არაა ეს კარგი რა.. თუ გიყვარს ფეხბურთი და გამოხატავ მისდამი სიყვარულს, რომელიმე საფხებურთო ნაკრების ქომაგობით, არ ნიშნავს ეს აპრიორი რომ ფეხბურთი გიყვარს. ეს რაღაც უფრო მოდურ ახირებას ჰგავს და კონკრეტული დაწესებულებების (რესტორნების, კაფეების და სხვ.) გადმდიდრებას უფრო ემსახურება ვიდრე ფეხბურთის სიყვარულს. ასეთი მოტივირებული და ორგანიზებული გულსემატკივრები რომ დადიოდნენ ჩვენი ნაკრების თამაშზე, ალბათ ყველაფერი გაცილებით კარგად იქნებოდა, ლამაზად და ამაღლებულად და იქნებ მერე ჩვენ ნაკრებსაც მოენდომებინა მეტი და მეტი.. მე იმას არ ვამბობ, რომ არ მივიდნენ და არ უგულშემატკივრონ მაგალითად გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს (იტალიას და საფრანგეთს რატომ უნდა უგულშემატკივრო არ მესმის.. განსაკუთრებით საფრანგეთს.. საფრანგეთს რა, ალჟირის ნაკრებს..), ინგლისს, ჰოლანდიას, არგენტინას და ბრაზილიას და სხვებს და სხვებს… მაგრამ როცა საქართველო ეთამაშება ამ ნაკრებებს, ისევ იგივე ნაკრებებს რომ გულშემატკივრობენ ეს უკვე არის არაპატრიოტიზმი და აქ უკვე ფეხბურთის სიყვარული არაფერშუაშია (საქართველო იტალიის თამაშზე ხალხი იტალიის მაისურებითა და სახეზე იტალიის დღოშამიხატულები მოვიდნენ) .. მატრაკვეცობა, პოხონდრიობა და ძალით ორიგინალურობის სინდრომია..

რაც არ უნდა იყოს, მაინც ვერ ვწყვეტ თვალს ამ ჩემპიონატს.. მინდა ლამაზი ფეხბურთი ვიხილოთ

ყველას გისურვებთ თქვენს საყვარელ ნაკრებს მოეგოს, მაგრამ მოიგებს მხოლოდ ერთი.. უეჭველი ვიცი, მარტო ერთი ნაკრები მოიგებს.. 😛

მაისი 10, 2010

“ქოლგა 2010”, ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან

Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

“ქოლგა 2010”,
ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან

რომ არ დამეწერა ამის შესახებ, ვერ მოვითმენდი…
გუშინ, 9 მაისს, ევროპის საერთაშორისო დღეს, გაიმართა ფოტოკონკურს “ქოლგა”-ს წლის 100 საუკეთესო ფოტოს გამოფენა. ამ შემთხვევაში სიტყვა “საუკეთესო” ბუტაფორიას წარმოადგენდა..

არადა, საკმაოდ ორიგინალური ჩანაფიქრი იყო, გამოფენის “მშვიდობის ხიდზე” ჩატარება, უცხო გარემო, სასიამოვნო ხედი გარშემო, სუფთა ჰაერი, მაგრამ ეს ყველაფერი მეათასეხარისხოვანი გახდა, როცა ფოტოებს გადავავლე თვალი..

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ “ქოლგამ” გამოაცხადა 2010 წლის ფოტოკონკურსზე სურათების მიღება, თუმცა აქვე დაამატეს, რომ რამე კონკრეტულ ჟანრს არ მიანიჭებდნენ უპირატესობას და ფოტოგრაფებს ნამუშევრების შეტანა “თავისუფალი თემა”-ზე შემოგვთავაზეს. მე პირადად ნამუშევრების მიღების უკანასკნელ დღეს შევიტანე 5 ფოტო და ყველა სხვადასხვა ჟანრის: პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრი, არქიტექტურა… უცებ მეორე დღეს გადის სიუჟეტი ნიუსებში, რომ ქოლგის ჟიურიმ აარჩია 100 ნამუშევარი.. თავიდანვე არალოგიკურად მეჩვენა, რომ საკონკურსო ნამუშევრების მიღების დამთავრებიდან 2 დღეში 2000 ფოტოდან, ასე მალე შეარჩიეს 100 საუკეთესო. და სამწუხაროდ ჩემი ეჭვი არ აღმოჩნდა უსაფუძვლო..

წელვანდელი ტოპ 100 ფოტოდან ამ სტატუსს მხოლოდ 20 თუ დაიმსახურებდა, მართლა რომ თავისუფალი თემის ფარგლებში აერჩიათ ფოტოები. მისულ საზოგადოებას ხელში შერჩათ ფოტოები ჟანრში “ლტოლვილები”.. ფოტოების დიდი ნაწილი წარმოადგენდა უშუალოდ დევნილების ან მსგავსი ასოციაციის გამომწვევი ფოტოების უნიჭო ნიმუშებს. მაინტერესებს ფოტოკონკურსის ჟიურიმ, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა “თავისუფალ თემაზე” შემოტანილი ფოტოებიდან აერჩია 100 საუკეთესო ფოტო, როგორ მოახერხა 90 ფოტოზე გამოსახული ყოფილიყო სოციალური შინაარსის მატარებელი ფოტოები: ბავშვები სილაზე, ბავშვი ჩამონგრეულ კედელთან, ბავშვები უყურებენ ტელევიზორს, მშობლები და ბავშვები სხედან ოთახში, მოხუცები, ბავშვები, ბავშვები, მოხუცები და ასე უსასრულოდ.. არც ერთი – პეიზაჟი, არქიტექტურული ნიმუში, გლამური, ქალაქის ფოტო, პანორამა, ბუნება, მინიმალი.. არაფერი ადამიანების გარდა.. მე ვერ ვნახე ფოტოგრაფი, რომელსაც მოეწონა 100 “საუკეთესო” ფოტო..

ასეთ ქმედებას ეწოდება უპასუხისმგებლობა, სინაგლე, მოტყუება, უპატივისმცემლობა და “თქვენი აზრი ფეხებზე მკიდიაობა”…
თუ სურდათ მსგავსი ხასიათის ტოპ 100 მიეღოთ, გამოეცხადებინათ კონკრეტული ჟანრი და, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთეს ფოტოებს მიიღებდნენ იგივე “მოხუცები-ბავშვების” ჟანრიდან, ვიდრე ახლა გამოგვიფინეს.. უბრალოდ საწყენია, რომ კონკურსის ადმინისტრაცია ატყუებს იმ ფენას, რომელზედაც არის გათვლილი ეს კონკურსი.. მე პირადად არანაირი სურვილი არ შემრჩა, “ქოლგის” შემდეგი წლის კონკურსზე ფოტოების გატანის… და კარგი იქნება, თუ ზოგადად ფოტოგრაფთა საზოგადოება ბოიკოტს გამოუცხადებს მატყუარა კონკურსს..

კი მაგრამ, რისთვის ტარდება მსგავსი კონკურსები? ამას ყოველთვის აქვს მიზანი. ქოლგის ორგანიზატორებს ზოგადად ასეთი კონკურსების აზრი აშკარად ვერ გაუგია: კონკურსი უნდა იყოს საუკეთსოს არჩევის ფაქტი. საუკეთესოდ მიჩნეული ფოტოები კი უნდა იყოს ერთგვარი მასტერკლასი სხვებისათვის, ვისი ფოტოებიც ვერ გავიდა, ვინც ფოტოგრაფობას აპირებს და სხვა.. ეს უნდა იყოს ეტალონი და აქედან ხალხი უნდა სწავლობდეს, თუ როგორი ფოტოები უნდა გადაიღო, უნდა დახვეწოს თავის ხედვა და გაიზარდოს. კონკურსზე მისულ ხალხს უნდა გაუჩნდეს ერთაერთი აზრი: “რა მაგარია”! “ყოჩაღ, ამის გადამღებს”! “რა ლამაზად დაჭერილი კადრია”! “რა განსხვავებული ხედვაა”! და სხვა.. კონკურსზე რომ მივა დამწყები ფოტოგრაფი და მიწასთან გაასწორებს (თანაც არგუმენტირებულად) ტოპ 100 ფოტოდან 40 ფოტოს, ეს არის კატასტროფა, გემოვნების დეგრადაცია და უკან გადადგმული ნაბიჯი.. არ ვიცი, რისი თქმა უნდოდათ ამ ფოტოების არჩევით კონკურსის ორგანიზატორებს, მაგრამ ფაქტი ერთია: უკმაყოფილებისა და ორონიული ღიმილის მეტი ვერაფერი ვერ ამოვიკითხე მაყურებლის სახეებზე…

პ.ს.
თავი ვიგრძენი არასრულფასოვან ფოტოგრაფად, რადგან გალერეაში არა მაქვს ლტოლვილების არც ერთი ფოტო.. ერთი უნდა ჩამოვუარო დევნილების ბანაკებს და დანგრეულ კედლებთან უნდა გადავუღო ბავშვებს..

« წინა გვერდიშემდეგი გვერდი »

Create a free website or blog at WordPress.com.